ორგანიზაცია "კარიერის დაგეგმვის ცენტრთან" თანამშრომლობის ფარგლებში ქირურგიის ეროვნულ ცენტრს აბიტურიენტები სტუმრობდნენ.
ნიუსში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
აღსანიშნავია, რომ კლინიკაში პერმანენტულად ტარდება ლექცია მედიცინის შესახებ, რომელსაც ესწრებიან ის აბიტურიენტები, რომლებიც მედიცინით არიან დაინტერესებულნი და გეგმავენ, რომ პროფესია სამედიცინო სფეროს დაუკავშირონ.
პროფესიული ორიენტაციის განვითარების მიზნით, ლექციებს ატარებს ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ჩადუნელი.
დღევანდელი ლექცია ერთ-ერთი მასშტაბური იყო და მას 50-მდე აბიტურიენტი ესწრებოდა.
კლინიკას სერტიფიკატი გადასცეს
შეხვედრა იმითაც იყო გამორჩეული, რომ კლინიკას გადაეცა სერტიფიკატი გლობალური დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმში მონაწილეობისათვის - ლექციის დასრულების შემდეგ საპატიო ჯილდო კლინიკურ დირექტორს ორგანიზაცია "კარიერის დაგეგმვის ცენტრის" ხელმძღვანელმა მერი ტარიელაშვილმა გადასცა.
ბატონმა ნიკოლოზმა ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კლინიკა ახალგაზრდებს მხარდაჭერას უცხადებს და მათ კარიერულ განვითარებაზე ზრუნვას კვლავ გააგრძელებს.
"ეს სერტიფიკატი ქირურგიის ეროვნული ცენტრის თითოეული თანამშრომლის, ერთ გუნდად შეკრული კოლექტივის მონაპოვარია. ფორუმი, რომელშიც კლინიკა მონაწილეობდა, მიზნად ისახავდა საქართველოს შრომით ბაზარზე ადამიანური კაპიტალის განვითარებას, კვალიფიციური და მოტივირებული სპეციალისტების რიცხვის ზრდას, სტაჟირების პროგრამებისა თუ დასაქმების ხელშეწყობას. ჩვენი კლინიკა ახალგაზრდებს ცოდნასა და გამოცდილებას ყოველთვის სიხარულით უზიარებს. ჩვენთან დასაქმდა არაერთი სტუდენტი, შესაბამისად, მომავალ ექიმებსა და ექთნებს კლინიკაში მუშაობის, პრაქტიკული გამოცდილების მიღების საშუალება მიეცათ. ქირურგიის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მედიცინით დაინტერესებულ მომავალ თაობას ცოდნის დემონსტრირებისა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ სფეროში თავის დამკვიდრების საშუალება მისცეს", - განაცხადა კლინიკურმა დირექტორმა.
ლექცია აბიტურიენტებისთვის
ბატონმა ნიკოლოზმა აბიტურიენტებს ლექციაზე მოუთხრო მედიცინის ისტორია კოლხი მედეას დროიდან დღემდე. სტუმრებმა მოისმინეს როგორ მკურნალობდნენ პაციენტებს საუკუნეების წინ და თუ რა პროგრესია დღეს ჯანდაცვის სისტემაში, რა ტიპის გამოწვევების წინაშე დგას თანამედროვე მედიცინა და სხვა.
"მედიცინასთან ურთიერთობა შეგვიძლია სიყვარულის ისტორიას შევადაროთ. ყველა ექიმი მედიცინაზე ქორწინდება და მთელ ცხოვრებას მასთან ერთად ატარებს - ჰიპოკრატეს ფიცით სამედიცინო სფეროსთან ოჯახს ქმნით. იგი ყოველთვის უნდა გიყვარდეთ, იზრუნოთ მასზე და არასდროს უღალატოთ. ჩემი აზრით, კარგი ექიმი შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: საფუძვლიანი განათლება მიიღოს, საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნოს, გამოიჩინოს ინტერესი ტექნოლოგიური სიახლეების მიმართ, დაეუფლოს უცხო ენებს, უყვარდეს და პატივი სცეს პაციენტს, ისწრაფვოდეს ცოდნის მუდმივ განახლებასა და განვითარებაზე", - განაცხადა ბატონმა ნიკოლოზმა აბიტურიენტებთან შეხვედრაზე.
ლექციის დასრულების შემდეგ სტუმრები გაეცნენ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ისტორიას, კლინიკის ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურას, თანამედროვე სერვისებს და მათ შორის შეიტყვეს ინსულტის ცენტრისა და რადიოთერაპიის დეპარტამენტის შესახებ.
მკითხველს შევახსენებთ, რომ მომავალი თაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის (პროფესიული ორიენტაციის დარგში) ქირურგიის ეროვნული ცენტრი საპატიო ჯილდოთია დაფასებული.
გისურვებთ ჯანმრთელობას!