ბრაქითერაპია მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიულ გამოსახულებაზე დაფუძნებული დაგეგმარებით

ბრაქითერაპია მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიულ გამოსახულებაზე დაფუძნებული დაგეგმარებით

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ბრაქითერაპია თანამედროვე მიდგომებით ტარდება

ადგილობრივად გავრცელებული საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობის მსოფლიო სტანდარტი ქიმიო, სხივური და ბრაქითერაპიული მკურნალობაა.

ბოლო ათწლეულებში სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში. მცირე მენჯის ორგანოების, მათ შორის, გინეკოლოგიური სიმსივნეების, ადგილობრივი გავრცელების შეფასებისთვის, ყველაზე დახვეწილ მეთოდად დღემდე მაგნიტურ–რეზონანსული კვლევა რჩება. ამის გამო, გარეგანი სხივური თერაპიისა და ბრაქითერაპიული დაგეგმარების სისტემებისთვის ამ კვლევებთან ინტეგრაცია გვაძლევს დახვეწილი და ზუსტი მკურნალობის ჩატარების საშუალებას.

magniti

მსოფლიოს ბევრი კლინიკა, რომლებშიც წლებია ტარდება საშვილოსნოს ყელის ბრაქითერაპიული მკურნალობა, დაგეგმარებისთვის კომპიუტერულ ტომოგრაფიულ გამოსახულებას იყენებს. ეს, ერთი მხრივ, ძალიან დიდი ნაბიჯია, ვინაიდან 3-განზომილებიანი დაგეგმარების სისტემის მეშვეობით შესაძლებელია სამიზნისა და მიმდებარე რისკ-ორგანოს მოცულობითი განსაზღვრა და დოზის გადანაწილება, თუმცა, წარმოუდგენელია ნარჩენი სიმსივნის, პარამეტრიუმის დაზიანების ხარსიხისა და გავრცელების, საშოსა თუ საშვილოსნოს ტანში არსებული სიმსივნური პროცესის სრულყოფილი გარჩევა.

ჩვენს დეპარტამენტში ბრაქითერაპიული დაგეგმარების სისტემისა და აპლიკატორების შერჩევისას აუცილებელი პირობა გახლდათ მრტ გამოსახულებაზე დაფუძნებული დაგეგმარებისა და მასზე მორგებული აპლიკატორების შეძენა და ყოველდღიური გამოყენება. ეს დახვეწილი ტექნოლოგიური უპირატესობა გვაძლევს საშუალებას 20%-ით შევამციროთ დასასხივებელი მოცულობა (მაღალი რისკის კლინიკური სამიზნე მოცულობა HR-CTV 44,1 cm3 vs 35.1 cm3) და, შესაბამისად, ზედმეტი, არასასურველი ტოქსიკურობისგან დავიცვათ ყველა მიმდებარე ჯანმრთელი ორგანო.

ადგილობრივად გავრცელებული საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობა ბოლო 20 წლის განმავლობაში მკვეთრად განვითარდა. თანამედროვე  სხივურმა ტექნოლოგიებმა , ბრაქითერაპიის აპლიკატორების დახვეწამ და მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის გამოსახულებაზე ადაპტირებულმა ბრაქითერაპიის გამოყენებამ  მნიშვნელოვნად შეამცირა გვერდითი ეფექტები რისკის ორგანოებზე (შარდის ბუშტი და სწორი ნაწლავი) და გაზარდა დაავადების ადგილობრივი კონტროლი.

პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ 5 სმ ზომის სიმსივნე, დაავადების პარამეტრიუმებში გავრცელება და აქვთ სხეულის მასის მაღალი ინდექსი, მცირდება კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოსახულების  ხარისხი და მისი ინფორმატიულობა. ამის გათვალისწინებით, „ASTRO“ და ,,GEC-ESTRO“ გვაძლევს რეკომენდაციას ჩატარდეს მრტ გამოსახულებაზე დაფუძნებული დაგეგმარება.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტში  ბრაქითერაპიული მკურნალობა ტარდება აღნიშნული რეკომენდაციის მიხედვით და ადგილობრივად გავრცელებული საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევაში რჩება საუკეთესო მეთოდად.

გისურვებთ ჯანმრთელობას!


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად