გიგანტური ზომის სიმსივნური წარმონაქმნის ამოკვეთა

გიგანტური ზომის სიმსივნური წარმონაქმნის ამოკვეთა

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ჩატარებული ურთულესი ოპერაცია

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში შემოიყვანეს 64 წლის ქალბატონი, რომელსაც  მუცლის ზომაში მომატება და ზოგადი საერთო სისუსტე აწუხებდა. მუცელი იმდენად იყო გაზრდილი და დამძიმებული, რომ პაციენტს უჭირდა გადაადგილება, დაკარგული ჰქონდა აქტიური ცხოვრების უნარი და ხალისი.

ქირურგის მიერ გასინჯვის შემდეგ, დაინიშნა რადიოლოგიური კვლევები და ექოსკოპიური კვლევის მონაცემებით სიმსივნური პათოლოგიების აღმოჩენისას, ჩატარდა, უფრო დეტალური და ნატიფი კვლევისთვის, მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფიაც.

კვლევებით დადგინდა, ერთი მხრივ, საკვერცხის დიდი ზომის კისტომა და საშვილოსნოს ლეიომიომა, ხოლო მეორე მხრივ, გიგანტური ზომის, ე.წ. რეტროპერიტონეუმის მიდამოს სიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც მოიცავდა თითქმის მთელ მუცელს, იწვევდა მუცლის ღრუში არსებულ ორგანოებზე ზეწოლას და მათ გადანაცვლებას.

მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით, ე.წ. ტუმორ ბორდის პრინციპით შეკრებილი ექიმების შემადგენლობით დაიგეგმა ოპერაციული მკურნალობა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ონკოქირურგების (გიგო ფიჩხაია, დავით ჯიმშელეიშვილი) და გინეკოლოგების (მალვინა ჩიგოგიძე, მაია გოგოლაძე) ჯგუფი.

ასევე, წინასწარ განისაზღვრა ანესთეზიის სირთულის საკითხი და მისი ჩატარების პრინციპები. ძირითად, ანესთეზიოლოგთან ერთად, ოპერაციის მსვლელობაში დამატებით  ასისტენტიც მონაწილეობდა.

ქირურგებისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა ამ უშველებელი წარმონაქმნის ირგვლივ მდებარე ქსოვილებისა თუ ჯანსაღი ორგანოებისგან ტექნიკურად ისე მოშორება, რომ ისინი, ან მაგისტრალური სისხლძარღვები არ დაზიანებულიყო, მითუმეტეს, სახეზე იყო სიმსივნის და მიმდებარე ორგანოების შეზრდა-შეხორცების პროცესი, რაც ოპერაციის წარმატებით დასრულების შანსს მნიშვნელოვნად ამცირებდა.

ოპერაცია ჩატარდა ონკოპრინციპების სრული დაცვით, ყველა შესაბამისი პროტოკოლის გათვალისწინებით და უსაფრთხოების ზომების გამოყენებით. შედეგად კი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქირურგიულმა ჯგუფმა კიდევ ერთი წარმატება იზეიმა!

სამსაათიანი შრომის შემდეგ, ყოველგვარი გართულების გარეშე, ამოიკვეთა საშვილოსნო და უზარმაზარი სიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც რვა კილოგრამს იწონიდა!

უპრეცედენტო ონკოლოგიური ოპერაციის შემდეგ, პაციენტი მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, რადგან არსებობდა პოსტოპერაციული მდგომარეობის გართულების შანსი,  მაგრამ სათანადო მკურნალობის შედეგად, ქალბატონი ორ დღეში გააქტიურდა და მალევე, დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაეწერა კლინიკიდან.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გისურვებთ ჯანმრთელობას!


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად