ქირურგიის ეროვნულ ცენტრს მიმართა 77 წლის პაციენტმა.
პაციენტს აწუხებდა შემდეგი სიმპტომები:
- ყრუ, მუდმივი ხასიათის ტკივილი ანუსის არეში;
- სისხლიანი გამონადენი ანუსიდან დეფეკაციის შემდეგ და მის გარეშე;
- ზოგადი საერთო სისუსტე;
- ტენეზმები (ცრუ დეფეკაციის სურვილი);
- უმიზეზოდ წონის კლება;
- მუცლის შებერილობა;
- მუდმივი ყაბზობა;
- გულისრევა, განსაკუთრებით ცხიმოვანი საკვების მიღების შემდეგ.
ის ბოლო რამდენიმე თვეა ამ ჩივილებით იტანჯება.
აღსანიშნავია, რომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში 2018 წელს პაციენტს ჩაუტარდა კოლონოსკოპია, სადაც ანალური სფინქტერიდან დაახლოებით 4–5 სმ–ში ნანახი იქნა დიდი ზომის ხორკლიანი ზედაპირითა და უსწორმასწორო კიდეებით მოცულობითი წარმონაქმნი (ჩატარდა ბიოფსია), ხოლო სიგმურ კოლინჯში (მსხვილი ნაწლავი) პოლიპები.
დამატებით ჩატარდა მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია და მცირე მენჯის ღრუს მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია, რომელმაც აჩვენა ნაღვლის ბუშტში ქვები, კენჭები.
როგორც ქირურგიის ეროვნული ცენტრის პროქტოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელმა, ონკო–ქირურგმა, ენდოსკოპისტმა ლაშა სილოგავამ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, სწორ ნაწლავში ჰისტომორფოლოგიური კვლევით დიაგნოსტირდა მაღალი დიფერენციაციის ადენოკარცინომა G1, სიგმურ კოლინჯში კი ადენომატოზური პოლიპები.
დიაგნოზი
კვლევებით დიაგნოსტირდა:
1. სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნე, T3N1M0 IIIst, II კლ/ჯგუფი;
2. მსხვილი ნაწლავის (სიგმური კოლინჯი) პოლიპები;
3. ქრონიკული კალკულოზური ქოლეცისტიტი.
ყველა პროფილის ექიმი ერთ სივრცეში!
მოგეხსენებათ, ქირურგიის ეროვნული ცენტრი მულტიპროფილური კლინიკაა, შესაბამისად, პაციენტთა ჯანმრთელობაზე ზრუნავს სხვადასხვა პროფილის ექიმი, ერთ სივრცეში. აღნიშნული დიაგნოზიდან გამომდინარე, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა საჭიროებდა მულტიდისციპლინურ მიდგომას.
კლინიკის რადიოთერაპიის დეპარტამენტში, ონკოკონსილიუმზე (ქირურგიის ეროვნული ცენტრის TUMOR BORD, რომელიც შედგება ონკო–ქირურგის, კლინიკური ონკოლოგის, რადიაციული ონკოლოგის, ესპანეთიდან და აშშ–დან მოწვეული რადიაციული თერაპიის ექსპერტებისგან) კლინიკურმა ონკოლოგმა, სხივურმა თერაპევტმა და ონკო–ქირურგმა ერთობლივად, პირველ ეტაპზე, დაგეგმეს მცირე მენჯის ღრუს მაგნიტურ–რეზონანსული კვლევა და მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია.
ქიმიო და სხივური თერაპია
კლინიკის ონკოლოგებმა პაციენტს დაუნიშნეს ქიმიო–სხივური თერაპიის სრული კურსი, რომელიც ჩატარდა IMRT arc ტექნიკის გამოყენებით სწორი ნაწლავის წარმონაქმნზე, მეზორექტუმსა და რეგიონულ ლიმფურ კვანძებზე, დღიური დოზით 1,8 გრეი, 26 ფრაქცია, ჯამურად 46,8 გრეი. მაგნიტურ–რეზონანსულმა ტომოგრაფიამ აჩვენა ინვაზია პარარექტულ და მეზორექტულ ცხიმოვან ქსოვილში. ინვაზიის ნიშნები და მეტასტაზები სხვა ორგანოებში არ ფიქსირდებოდა.
ქირურგიული ოპერაცია ლაპაროსკოპიული წესით
„ქიმიო და სხივური თერაპიის შემდგომ სწორ ნაწლავში არსებული მოცულობითი წარმონაქმნი ზომებში საგრძნობლად შემცირდა, პაციენტს მოეხსნა ტკივილები ანუსის არეში და გაუმჯობესდა დეფეკაცია. სათანადო მომზადების შემდეგ, ზოგადი ანესთეზიის ქვეშ, ჩატარდა სიმულტანური (კომბინირებული) ოპერაცია, სწორი ნაწლავის ამოკვეთა (კენიუ–მაილსის ოპერაცია), მარცხენამხრივი ჰემიკოლექტომია, ქოლეცისტექტომია ლაპაროსკოპიული წესით. ოპერაციაში ასევე მონაწილეობდნენ ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიგო ფიჩხაია და ქირურგი ბესო ლურსმანაშვილი“, – აცხადებს ქირურგი.
მოგახსენებთ, რომ პოსტოპერაციული პერიოდი მიმდინარეობდა ყოველგვარი გართულების გარეშე. პაციენტი მე–5 დღეს გაეწერა კლინიკიდან, ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გისურვებთ ჯანმრთელობას!