პიროტექნიკის გამოყენებისას მიღებული მძიმე, ნაფლეთი ჭრილობებით ქირურგიის ეროვნულ ცენტრს ხუთმა პაციენტმა მომართა.
ყველა მათგანი ზრდასრული მამაკაცია, ერთი ახალგაზრდა, ხოლო 4 შუახნის ასაკს გადაცილებული. პაციენტებმა მტევანზე მძიმე ტრავმები მაშხალის გამო მიიღეს.
„შესაბამისი ჩარევის შემდეგ 2 პაციენტი ბინაზე გავწერეთ, მაგრამ დანარჩენი 3 კვლავ სტაციონარში იმყოფება, რადგან ყველა სტრუქტურის აღდგენის შემდეგ მათ შემდგომი მკურნალობა ესაჭიროებოდათ. დღეს შევაფასებთ პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობას და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას უნდა დატოვონ თუ არა კლინიკა. მსურს, მკითხველს კიდევ ერთხელ განვუმარტო თუ რა საფრთხეს შეიცავს პიროტექნიკა. საჭიროა მოერიდოთ პიროტექნიკას და თუ მაინც შეიძენთ, ააფეთქოთ დისტანციურად, ვინაიდან მისი ხელში დაკავება შეიცავს გარდაუვალ რისკს და სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. ინფორმაციისთვის, ჯამურად რა ასაფეთქებელი მასალაცაა მუყაოს მილში, ის შეესაბამება საშუალო სიმძლავრის ხელყუმბარის ასაფეთქებელს. ფოიერვერკის ერთეული მუყაოს მილში იჭედება და ხელში აფეთქების დროს მას ისეთივე სიმძლავრე აქვს როგორც ხელყუმბარას. თუმცა, სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანი ამ რეკომენდაციებს უგულვებელყოფს. ვესაუბრე კოლეგებს და საქართველოში პიროტექნიკით მიღებული დაზიანების მაჩვენებელი ზრდასრულებში ოდნავ გაზრდილია. ბუნებაში უსაფრთხო პიროტექნიკა არ არსებობს და თუ არსებობს ის ძალიან ძვირი ღირს!“.
პიროტექნიკით დაზიანება, აფეთქებითი დაზიანება ყველაზე მძიმე მექანიკურ დაზიანებად ითვლება. ეს არ არის ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა, როდესაც გაჭრისას მხოლოდ ის ქსოვილები ზიანდება, სადაც დანა გაივლის. პიროტექნიკის შემთხვევაში ჭრილობის ირგვლივ მდებარე ქსოვილები იჭეჭყება. ნახეთქის ირგვლივ მდებარე ქსოვილები შეიძლება გახდეს სრულიად უსიცოცხლო, შესაბამისად, მსგავსი ჭრილობის უბრალოდ გაკერვა ან სტრუქტურების აღდგენა ხშირად არ არის საკმარისი. აფეთქებითი ტალღა გზაზე ყველა ქსოვილს აზიანებს.
მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ახალ წელს ორჯერ აღნიშნავენ, ამიტომ კარგი იქნება თუ ახლა მაინც გაითვალისწინებთ მიღებულ მწარე გამოცდილებას და გაიზიარებთ ექიმის რჩევებს.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N7.
გისურვებთ ჯანმრთელობას!