გაიცანით ქირურგიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, რომლებიც კლინიკის კალათბურთისა და ფეხბურთის გუნდში წარმატებით თამაშობენ

გაიცანით ქირურგიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, რომლებიც კლინიკის კალათბურთისა და ფეხბურთის გუნდში წარმატებით თამაშობენ

ქირურგიის ეროვნული ცენტრი აქტიურად უჭერს მხარს საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას.

ნიუსში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

კომპანია „ავერსი“ აქტიურად მონაწილეობს სპორტულ ღონისძიებებში, უმთავრესად კი თავად გვევლინება ტურნირებისა და შეჯიბრებების ინიციატორად და ორგანიზატორად.

კომპანიის პოლიტიკას, რომ საზოგადოებამ რაც შეიძლება მეტი შეიტყოს ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტული აქტივობების შესახებ, „ავერსის“ ჯგუფში შემავალი ყველა ორგანიზაცია და რასაკვირველია, მათ შორის ქირურგიის ეროვნული ცენტრი, დიდი სიამოვნებით უერთდება და საკუთარი წვლილი შეაქვს.

მკითხველს შევახსენებთ, რომ 2011 წლიდან ქირურგიის ეროვნული ცენტრი „ავერსის“ ჯგუფის წევრია.  

ფაქტობრივად კომპანია „ავერსისა“ და მისი ჯგუფის თითოეული ორგანიზაციის ფინანსური თუ მორალური მხარდაჭერით, თანამშრომლები, რომლებიც ბავშვობაში თუ თინეიჯერობაში კალათბურთსა და ფეხბურთს პროფესიონალურ დონეზე თამაშობდნენ და შემდეგ აქტიური სპორტული კარიერა აღარ გააგრძელეს, მოედანზე დაბრუნდნენ. ყველაფერი კი წლების წინ დაიწყო...

„ავერსის“ კალათბურთისა და ფეხბურთის გუნდის დაარსების ისტორია

ჩამოყალიბდა საკალათბურთო და საფეხბურთო გუნდი, რომელიც „სპორტული კლუბი ავერსის“ სახელს ატარებს. კომპანიაში შემავალი ორგანიზაციებიდან შეიკრიბნენ თანამშრომლები, რომლებიც სპორტის ამ 2 სახეობაში პროფესიონალურ თუ სამოყვარულო დონეზე თამაშობენ. კლუბის ჩამოყალიბების მთავარი მიზანი იყო ის, რომ თანამშრომლები სამუშაო დღის შემდეგ აქტიურად განტვირთულიყვნენ, შესაბამისად, ეზრუნათ ჯანმრთელობაზე, არაფორმალურ ვითარებაში უკეთ გაეცნოთ კოლეგები, განმუხტულიყვნენ როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად და შეჯიბრზე კარგი შედეგი დაედოთ. შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩანაფიქრმა გაამართლა, რადგან საკალათბურთო გუნდი უკვე მეშვიდე სეზონს ატარებს, ხოლო ფეხბურთის გუნდი მეოთხე წელია სპორტულ ისტორიაში არაერთ წარმატებულ თამაშს ითვლის.

წარმატებული შედეგი

აღსანიშნავია, რომ ავერსის საკალათბურთო გუნდი სამოყვარულო ლიგის B დივიზიონის ორგზის ჩემპიონი, ხოლო ფეხბურთის გუნდი ბიზნეს ჩემპიონთა ვერცხლის ლიგის ორგზის პრიზიორია.

სპორტსმენები დარბაზში კვირაში ორჯერ თამაშობენ. კუნთების ტონუსის შესანარჩუნებლად, სწორი სუნთქვის ტექნიკის დახვეწისა და გამძლეობის გამომუშავებისთვის ორივე გუნდის წევრები ავერსის კლინიკის ფიტნეს ცენტრში „ავერსი ფიტნესი“ სრულიად უსასყიდლოდ გადიან ფიზიკურ მომზადებას.

კალათბურთის გუნდში ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით თამაშობენ:

  • ვებ გვერდისა და სოციალური მედიის მენეჯერი გიორგი ჭონიაშვილი;
  • ყბა–სახის ქირურგი შოთა ლობჟანიძე.

ფეხბურთის გუნდში ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით თამაშობენ:

  • ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერი კობა სებუა (გუნდის კაპიტანი);
  • უროლოგი ანზორ ნადირაძე;
  • რადიოთერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბესიკ სოკურაშვილი;
  • სისხლძარღვთა ქირურგი ლევან გოგლიაშვილი;
  • სამეურნეო სამსახურის უფროსი რატი ქართველიშვილი;
  • ვებ გვერდისა და სოციალური მედიის დიზაინერი გიორგი თამარაშვილი.

საზეიმო ვახშამი

ბოლო 2 წელია, ყოველი სეზონის ბოლოს, კომპანია „ავერსი“ სპორტულ საბანკეტო ღონისძიებას აფინანსებს. საზეიმო ვახშამზე იწვევენ გუნდის წევრებს, მწვრთნელებსა და ჯგუფში შემავალი ორგანიზაციის ხელმძღვანელებს.

„ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე სპორტსმენებს შესაბამისი სერტიფიკატებით აჯილდოებს.     

ტრადიცია არც წელს დარღვეულა და წარმატებული სეზონი სასიამოვნო გარემოში აღინიშნა.  ფეხბურთისა და კალათბურთის გუნდის წევრები რესტორან „ბაბილო მიუზიკ ჰოლში“ საზეიმო დაჯილდოებაზე მიიწვიეს.

ბატონმა პაატა კურტანიძემ სპორტსმენებს სპორტულ აქტივობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სერტიფიკატები გადასცა.  

ქირურგიის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ლაშა ბაზაძემ სპორტსმენებს წარმატებული სეზონი უსურვა.  

ჯანსაღი ცხოვრება და ქირურგიის ეროვნული ცენტრი

ქირურგიის ეროვნული ცენტრი ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს მაღალკვალიფიციური ექიმების რეკომენდაციები ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესის შესახებ სრულიად უსასყიდლოდ და ამ მიზნით, კლინიკის ვებ გვერდზე სპეციალური რუბრიკაც კი შეიქმნა „ჯანსაღი ცხოვრება“ – ბლოგი მოიცავს ენდოკრინოლოგთა, კარდიოლოგთა, ტრავმატოლოგთა, ტოქსიკოლოგთა, ნევროლოგთა და სხვა პროფილის ექიმთა სასარგებლო რჩევებს.

აღსანიშნავია, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ სპორტული, ენერგიული და ხალისიანი თანამშრომლები, ტრადიციულად, ყოველ წელს, არაგვის ხეობაში ჯომარდობენ. წელს კი ქირურგიის ეროვნული ცენტრის გუნდი ჯომარდობაში „ავერსის თასის“ მფლობელი გახდა.

კლინიკის თანამშრომლები ბიზნეს ჩემპიონთა ლიგაშიც მონაწილეობენ და წარმატებული შედეგითაც ხშირად გვახარებენ.

რატომ არის ჯანსაღი ცხოვრება მნიშვნელოვანი?

ჯანსაღი ცხოვრება, რომელიც ბალანსირებული კვების რაციონსა და ფიზიკურ აქტივობას გულისხმობს, ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის საწინდარია. კვების სწორი რაციონით რიგი დაავადებების განვითარების რისკის შემცირებაა შესაძლებელი, ვარჯიშით კი ორგანიზმიდან ტოქსინები იდევნება, ცუდი ქოლესტერინის დონე ქვეითდება, სხეული ჯანსაღდება. მეცნიერთა აზრით, ადამიანი, რომელიც აქტიურად ვარჯიშობს, ჯანმრთელია არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერადაც.

გისურვებთ ჯანმრთელობას!