ზაფხული კონდიციონერის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია.
სადაც არ უნდა წავიდეთ მეგობართან სტუმრად, ოფისში თუ სხვაგან ყველგან კონდიციონერი „გვეგებება“. სიცხისგან შეწუხებულებს კონდიციონერთან ახლოს ყოფნა ძალიან გვსიამოვნებს, თუმცა რამდენად უსაფრთხოა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ზაფხულის სეზონის განუყრელ ატრიბუტად იქცა? ვნებს თუ არა კონდიციონერი ჯანმრთელობას – ეს საკითხი ბევრ ადამიანს და განსაკუთრებით მათ აინტერესებთ, ვისაც სახლში პატარა ჰყავთ.
არის თუ არა კონდიციონერი უსაფრთხო ჩვენი ჯანმრთელობისთვის და რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მისგან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ? სწორედ ამ და სხვა შეკითხვებით მივმართეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის მულტიპროფილური დეპარტამენტის ექიმ–თერაპევტს ელენე ჟორჟოლიანს.
როგორც ქალბატონი ელენე ჩვენთან ინტერვიუში განმარტავს, თანამედროვე კონდიციონერები იმდენად მაღალტექნოლოგიურია, რომ საშიშროება მაქსიმალურადაა შემცირებული. დასძენს, რომ გაყინულ და გამომშრალ ოთახში დიდხანს ყოფნა არაა რეკომენდებული და გვირჩევს, კონდიციონერით მხოლოდ დღის იმ მონაკვეთში ვისარგებლოთ, როცა ქუჩაში ჰაერის ტემპერატურა განსაკუთრებით მაღალია. ქალბატონი ელენე განმარტავს, რომ არ არის სასურველი კონდიციონერით სარგებლობა ძილის დროს, რადგან იზრდება გაციების რისკი.
– იწვევს თუ არა რაიმე სახის დაავადებებს კონდიციონერი?
– როცა კონდიციონერის უარყოფით გავლენაზე ვსაუბრობთ, პირველი და უმთავრესი ეს არის გაციება, რასაც იწვევს კონდიციონერისგან წამოსული ცივი მასების უშუალო ზემოქმედება. ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლიათ თანამედროვე ე.წ. სპლიტ სისტემებს. არსებობს პნევმონიის განვითარების რისკიც, რომლის გამომწვევი მიზეზიცაა ლეგიონელა. ნუ დასხდებით კონდიციონერისკენ ზურგით, იზრუნეთ, რომ ჰაერი მაღლა იყოს მიმართული და უშუალოდ თქვენსკენ არ მოედინებოდეს. გასათვალისწინებელია ალერგიული ფონიც. გაითვალისწინეთ, რომ კონდიციონერის ფილტრი იკრავს, იზიდავს მტვრის ნაწილაკებს, რომელზეც მიკრულია ოთახის ბაქტერიები და მიკრობები. რაც შეეხება ფრეონს – დღეს იმდენად დაიხვეწა თანამედროვე ტექნოლოგიები და მათ შორის კონდიციონერის სისტემები, რომ მისი შენობის გარემოში გამოღწევა თითქმის წარმოუდგენელია.
- რა უნდა გავითვალისწინოთ თუ სახლში ბავშვია?
- მნიშვნელობა არ აქვს ზრდასრულია თუ პატარა, ვეცადოთ ოთახში ოპტიმალური ტემპერატურა იყოს. ხშირად გაანიავეთ ოთახი და გახსოვდეთ, რომ როცა ყველა პირობა დაცულია, კონდიციონერი ბავშვის იმუნიტეტს ვერაფერს დააკლებს.
– ხმის იოგებზეც მოქმედებს?
– თუ ადამიანს ხმის იოგებზე სერიოზული პრობლემა აქვს, რასაკვირველია, კონდიციონერი იმოქმედებს. გასათვალისწინებელია 2 ფაქტორი – ტენიანობის მკვეთრი ცვალებადობა და საჭიროზე დაბალი ტემპერატურა. ნუ დადგებით/დაბრძანდებით კონდიციონერთან ახლოს, არ შეიძლება კონდიციონერი მთელი დღის განმავლობაში ჩართული იყოს.
– რას გვეტყვით ავტომობილის კონდიციონერზე, რა უნდა გავითვალისწინოთ?
– ავტომობილის სალონში ნორმალური ტემპერატურა შეინარჩუნეთ.
– ზოგიერთი ადამიანი ჩივის, რომ კონდიციონერის გამო ყელის ტკივილი ეწყება, როცა სხვები თავს სრულიად კომფორტულად გრძნობენ, რისი ბრალია?
– ყველა ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია. განსაკუთრებული ყურადღება მართებს მას, ვისაც ჩატარებული აქვს ნუშურა ჯირკვლების ოპერაცია. თუ შესაძლებელია გირჩევთ, რომ ჯერ ოთახი გააგრილოთ და ოთახში მაშინ შებრძანდეთ, როცა კონდიციონერს გამორთავთ.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;
ქირურგიისე როვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25;
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ
დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის თერაპევტს, ელენე ჟორჟოლიანს ნომერზე 597 17 87 17;
გისურვებთ ჯანმრთელობას!