ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ლაზერული აბლაციის ოპერაცია პირდაპირ ეთერში ჩატარდება Facebook - გვერდზე

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ლაზერული აბლაციის ოპერაცია პირდაპირ ეთერში ჩატარდება Facebook - გვერდზე

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ოთხშაბათს დილით, 22 მარტს ჩატარდება ლაზერული აბლაციის ოპერაცია.


მაყურებელი პროცედურას ჩვენი კლინიკის „ფეისბუქის“ გვერდზე პირდაპირი ეთერის საშუალებით იხილავს. ოპერაციას გაუძღვება ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლძარღვთა პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ფერაძე.

ვარიკოზი ანუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება ეს არის ვენების დაავადება, რომელიც იწვევს მათი სანათურის გაფართოებას და ვენური კედლის გათხელებას.

აღსანიშნავია, რომ ამ დაავადებით ქალები მამაკაცებთან შედარებით სამჯერ ხშირად ავადდებიან. ოფიციალური სტატისტიკით, ვარიკოზი აქვს 40 წელს გადაცილებულ ყოველ მესამე ქალსა და ყოველ მეათე მამაკაცს.

დაავადების ხელშემწყობი ფაქტორებია:
• ორსულობა.
• სიმსუქნე.
• ფეხზე დიდხანს დგომა ან ჯდომა – არააქტიური ცხოვრების წესი. 

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ცხელი აბაზანები, კიდურებზე მზისა და სითბოს ზემოქმედება კიდევ უფრო მეტად აფართოვებს ვენებს. ზოგჯერ მდგომარეობას ართულებს ზოგიერთი პრეპარატი, მაგალითად, კონტრაცეპტივები.

ძირითადად, ვენური უკმარისობა ვლინდება სიმძიმის შეგრძნებით, რომელიც ძლიერდება დიდხანს დგომისა და/ან ჯდომისას, მოგვიანებით თავს იჩენს გამბრჯენი ტკივილები წვივებში, კანის ქავილი და წვა, ღამის კრუნჩხვები. საგულისხმოა, რომ ვენური კვანძების რაოდენობა და სიდიდე არ არის დაავადების სიმძიმის მაჩვენებელი, მცირედ გამოხატული კვანძები და უმნიშვნელო შეშუპებაც მძიმე გართულებების წინამორბედია. პაციენტი შეიძლება არც უჩიოდეს ძლიერ დისკომფორტს და ტკივილებს.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დაინერგა ვარიკოზის მკურნალობა ლაზერული ტექნიკის გამოყენებით. ეს არის მეთოდი, რომლის დროსაც განაკვეთების საჭიროება აღარ არის. მას ეწოდება “ლაზერული აბლაცია”.

მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დაზიანებული ვენა, რომელიც განაკვეთის მეშვეობით უნდა ამოკვეთილიყო, სპეციალური ლაზერით პატარა ჩხვლეტის გზით ნადგურდება.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლძარღვთა პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის უფროსს, ირაკლი ფერაძეს ნომერზე 577 32 77 55


გისურვებთ ჯანმრთელობას!


ავტორი   ეკატერინე ციცხვაია