როგორ დაიკლო 41 წლის ქალმა ჩვენი კლინიკის ენდოკრინოლოგის წყალობით 45 კილო?

როგორ დაიკლო 41 წლის ქალმა ჩვენი კლინიკის ენდოკრინოლოგის წყალობით 45 კილო?

სიმსუქნეს 21–ე საუკუნის შავ ჭირს უწოდებენ – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილი ჭარბწონიანია.

თუ წლების წინ სიმსუქნით ძირითადად 45 წელს გადაცილებული ადამიანები იტანჯებოდნენ, დღეს ზედმეტ წონას ებრძვიან მოზარდებიც, წონასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ ბავშვებსაც.

სიმსუქნე ძირითადად არასწორ კვებასთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, ჭარბი წონა შეიძლება გამოწვეული იყოს: ენდოკრინული დარღვევით, ქრონიკული სტრესით, უძილობით, ჰიპოდინამიით, გენეტიკური განწყობით, გარკვეული ენდოკრინული დაავადებებით და სხვა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ უმოძრაობა, მჯდომარე სამსახური ან ტელევიზორის წინ ნებივრობა ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ის დაავადებები, რაც სკამთან „მეგობრობას“ თან ახლავს, მომაკვდინებელია, მაგალითად, Mayo Clinic-ის მეცნიერებმა ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ განაცხადეს, რომ დღის განმავლობაში დიდი ხნით ჯდომა დიაბეტს იწვევს. ამერიკელი ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ უმოძრაობა მავნებელია არა მხოლოდ წელის გარშემოწერილობისთვის, ის საფრთხეს უქმნის ფსიქიკასაც. ბრიტანელი მკვლევარები კი შიშობენ, რომ დიდხანს ჯდომის შედეგად კუნთის უჯრედებში რიგი ცვლილებები მიმდინარეობს. შვედი მეცნიერები განმარტავენ, რომ არააქტიური ცხოვრების წესი გულის ჯანმრთელობის პირველი მტერია.  

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში სიმსუქნის პრობლემას წარმატებით ებრძვიან.

გაიცანით ქალბატონი, რომელიც ერთ–ერთია იმ უამრავ მადლიერ პაციენტს შორის, რომელმაც ჩვენი კლინიკის წყალობით ჯანმრთელობა გაიუმჯობესა და ჯანსაღი წონა დაიბრუნა.

ქალბატონი ნინო ბერიაშვილი 41 წლისაა. ის ჩვენი კლინიკის ნევროლოგიური დეპარტამენტის ექთანია. არასწორი ცხოვრების წესის გამო გასუქდა. ზედმეტმა წონამ გავლენა მხოლოდ გარეგნობაზე კი არ მოახდინა არამედ საფრთხე შეუქმნა ჯანმრთელობასაც. ჩვენთან ინტერვიუში გულახდილად განაცხადა, რომ სიმსუქნის გამო სურვილი დაკარგა სახლიდან გასულიყო, ერიდებოდა წვეულებებს, მეგობრებთან შეხვედრას, შოპინგის გამო ექმნებოდა დისკომფორტი, რადგან სასურველ სამოსს ვერ ყიდულობდა.

ჭარბი წონის გამო ჩვენი რესპონდენტი იტანჯებოდა უძილობით, ჰქონდა მაღალი წნევა, თავის ძლიერი ტკივილი, არ ჰყოფნიდა ჰაერი, სისტემატურად უშუპდებოდა ფეხები, სახსრების ტკივილმა იმდენად შეაწუხა, რომ ხშირად სვამდა ტკივილგამაყუჩებლებს.

როცა სასწორზე მისმა წონამ 114 კილოს მიაღწია გადაწყვიტა, დახმარებისთვის პროფესიონალისთვის მიემართა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ენდოკრინოლოგის, სოფიო ფუტურიძის წყალობით 9 თვეში 45 კილო დაიკლო და 2 თვეა ჯანმრთელ წონას ინარჩუნებს. როგორც ამბობს ცხოვრების ხალისი დაუბრუნდა.

თავდაპირველად ჩატარდა გარკვეული ლაბორატორიული კვლევები, რომელმაც ცხადყო, რომ სიმსუქნე ორგანული პათოლოგიით არ იყო გამოწვეული. პაციენტის წონაში მომატების მიზეზი არაჯანსაღი ცხოვრების წესია. ნინოს სხეულის მასის ინდექსის ნიშნული 41.37 იყო, რაც ნიშნავს მესამე ხარისხის მორბიდულ სიმსუქნეს. ენდოკრინოლოგმა სპეციალურად მისთვის შეადგინა კვების რაციონი. დიეტოთერაპიის მიხედვით, ის დღეში 4–ჯერ იკვებებოდა. კვების რაციონი გაჯერებული იყო ჯანსაღი პროდუქტებით – მაქსიმალურად შეზღუდული იყო ნახშირწყლები, შემცირდა შაქრისა და მარილის დოზა, არ სვამდა გაზიან და გამაგრილებელ სასმელებს. ტკბილეულიდან იღებდა მხოლოდ შავ შოკოლადს. ვიტამინებით მდიდარი საკვების წყალობით პაციენტი არ გრძნობდა შიმშილს. დღეში სვამდა 2 ლიტრ წყალს.

როგორც ჩვენთან ინტერვიუში ექიმი–ენდოკრინოლოგი განმარტავს, ვარჯიშის გარეშე წონაში კლება წარმოუდგენელია, რადგან სიმსუქნესთან ბრძოლაში სწორი კვების რაციონი 50%–ს შეადგენს, დანარჩენი 50%–ზე კი გავლენას ახდენს ფიზიკური აქტივობა. იმისთვის, რომ შედეგი მაქსიმალურად ეფექტური ყოფილიყო, ქალბატონი ნინო ყოველდღე 45 წუთით სეირნობდა. 

„პირველ თვეში 10 კილო დავიკელი. ვიდრე ენდოკრინოლოგს მივმართავდი, ჭარბი წონის გამო თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. ინტერნეტში ვეძებდი სხვადასხვა ტიპის დიეტას და თვითნებურად ვიცავდი, თუმცა უარყოფით შედეგს ვიღებდი, რადგან დიეტის შეწყვეტის შემდეგ დაკარგულ კილოგრამებს ორმაგად უკან ვიბრუნებდი. შეიძლება ამ ინტერვიუს ბევრი ჭარბწონიანი ადამიანი კითხულობს და იმედი გადაწურული აქვს, ფიქრობს რომ სასურველ წონას ვერასდროს მიაღწევს. ყველას გირჩევთ, რომ საკუთარი თავი ხელში აიყვანოთ და ექიმის რჩევები მაქსიმალურად გაითვალისწინოთ – შედეგი ამად ნამდვილად ღირს! სარკეში რომ ვიხედები მომწონს ჩემი გარეგნობა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მაღაზიაში სასურველ სამოსს ვიყიდდი. ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობ, გამიუმჯობესდა გუნება–განწყობილება, აღარ მაწუხებს უძილობა და ქუჩაში გასვლა მიხარია. მადლობა ქირურგიის ეროვნულ ცენტრს და ენდოკრინოლოგს, სოფო ფუტურიძეს იმისთვის, რომ თავდაჯერებულობა და ცხოვრების ხალისი დამიბრუნდა“, – განაცხადა ნინო ბერიაშვილმა.

ენდოკრინოლოგი ჩვენს მკითხველს სასარგებლო რჩევებს აძლევს.

„ჯანმრთელობისთვის რეკომენდებულია დღეში ხუთჯერადი კვება. რაციონი სამი ძირითადი კვებისგან (საუზმე, სადილი და ვახშამი) უნდა შედგებოდეს და შუალედში დამატებითი კვება, ე.წ. წახემსებაა საჭირო. საუზმე დღის კვების 25%–ს უნდა შეადგენდეს, სადილი 35%–ს, ვახშამი 20%–ს, ხოლო წახემსება 10–10%–ს. რეკომენდებული არ არის ტკბილი და გაზიანი სასმელები. სასურველია, მაქსიმალურად შეზღუდოთ ნებისმიერი სახის ტკბილეული, ნამცხვრები, ცომეული და ფუნთუშეული. რაც შეეხება პურს. გირჩევთ, მცირე რაოდენობით მიიღოთ. კვების რაციონიდან ამ პროდუქტის მთლიანად ამოღება არაა სასურველი. შეგიძლიათ მცირე რაოდენობით მიირთვათ ქატოს ან ჭვავის პური. თუ თეთრი პური გიყვართ უარს ნუ იტყვით. უბრალოდ მიაქციეთ ყურადღება რაოდენობას, მაგალითად, საუზმეზე 50 გრამი უნდა მიიღოთ, ხოლო სადილზე 75%. გაუფრთხილდით ბიოლოგიურ რიტმს. უძილობა, ალკოჰოლი, სიგარეტი უარყოფითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. ცნობილია, რომ ადამიანი, რომელსაც საშუალოდ 8 საათი არ სძინავს ან ძილთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, გაცილებით მეტ არაჯანსაღ პროდუქტს მიირთმევს“, – განაცხადა სოფიო ფუტურიძემ.  

რამდენიმე დღეში გაზაფხული მოდის და თუ გსურთ მზიან ამინდებს ჯანსაღი წონით შეხვდეთ გვეწვიეთ კლინიკაში. ენდოკრინოლოგი სპეციალურად თქვენთვის შეარჩევს დიეტოთერაპიას.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ  ექიმ–ენდოკრინოლოგს, სოფიო ფუტურიძეს ნომერზე 593 25 11 55

ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ ცენტრს ნომერზე 577119119

გისურვებთ ჯანმრთელობას!


ავტორი ეკატერინე ციცხვაია