დისკოს თიაქარი - ნეიროქირურგია

კითხვა: გამარჯობათ გთხოვთ მიპასუხოთ, მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევის შემდეგ დამიდგინდა 12მმ თიაქარი 4 და 5 მალაზე დისკებს შორის ნერვი მაქვს მოყოლილი რის გამოც ძალიან მტკივა ფეხი უკვე 3 თვეა ასე ვარ ვერ გადავწყვიტე გავიკეთო თუ არა ოპერაცია იმიტომ რომ ასე ვარ ინფორმირებული, რა იქნება ოპერაციის მერე? ვერ ვირბენ ვერ დავკავდები სპორტით ცურვით აი ეს კითხვები მაქვს რა შეზღუდვები მექნება როგორც ჩანს მკურნალობას არ ექვემდებარება ჩემი სიტუაცია... ვარ 29 წლის მადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე აშკარაა, რომ გესაჭიროებათ ოპერაციული მკურნალობა .
ხერხემლის თიაქრისაგან განკურნება, ტრადიციული მეთოდებით, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ინექციებით, წამლებით, მაგნიტური ზემოქმედებით არ ხდება, ძალიან ხშირად კი – საზიანოცაა. დროებითი გაუმჯობესების შემდეგ ავადმყოფობა ისევ მძაფრდება, რემისიის პერიოდი სულ მოკლდება, გამწვავება სულ უფრო მტკივნეულია.
ოპერაციული ჩარევის ჩვენება გახლავთ – რადიოლოგიურად დადასტურებული დისკოს თიაქარი და ამ თიაქრის შესაბამისი ნევროლოგიური დეფიციტის არსებობა.
ოპერაცია მაღალეფექტურია. ხოლო ისეთი გართულებები, როგორიც არის ჭრილობის ინფექცია, სისხლდენა და სხვა, მოგეხსენებათ, ნებისმიერ ქირურგიულ ჩარევას შეიძლება მოჰყვეს.
ოპერაციის შემდგომ პერიოდში გარკვეული ხნით პაციენტს ენიშნება სპეციალური სამკურნალო ტანვარჯიში ხერხემლის სვეტის განტვირთვისთვის, ცურვა, ოპერაციიდან 3 თვის განმავლობაში ეკრძალება ფეხბურთის, ხელბურთის, ჩოგბურთის თამაში, ველოსიპედისა და მანქანის მართვა, ხოლო 6 თვემდე - მანქანით ხანგრძლივი მგზავრობა.
ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, მკურნალი ექიმი თავად მოგცემთ რეკომენდაციას, თქვენთვის შესაბამის ვარჯიშებზე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ვარჯიში სპეციალისტის მეთვალყურეობით უნდა წარიმართოს.
მიმართეთ მკურნალ ნეიროქირურგს, ან შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან და ნეიროქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ პარასკევს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა