მწვავე პანკრეატიტი - ქირურგია

კითხვა: ერთი წლის უკან დამეწყო გაუსაძისი ტკივილები . განსაკუთრებით ღამით კუჭის მიდამოში, ზედა მხარეს. დაჭიმული მქონდა გულ -მკერდი და მუცელი. ვიყავი ექიმთან და დამინიშნა ომეპრადექსი, ( ისრაელში ვიმყოფები). საბოლოოდ ზონდიც გადავყლაპე და კუჭი წესრიგში მქონდა. ტკივილებმა ნელ-ნელა გამიარა , თუმცა ყრუდ მაინც მაწუხებს. კონკრეტულად კი მტკივა გულ-მკერდის ძვლები , თითქოს წვის შე გრძნება მაქვს. მაქვს ხოლმე ჭვალი მარჯვენა ბეჭქვეშ ასევე მარცხენ მხარესაც. თავს თუ წინ გადავწევ ზურგში, ხერხემლის დაყოლებაზე, ვგრძნობ ტკივილს, თუ თავს უკან გადავხრი კუჭის მიდამოში მტკივა. მოკლედ ძალიან დავიტანჯე და ვერც ვახერხებ ექიმთან მკურნალობის დასრულებას მოუცლელობის გამო. ვსვამ ჩემით ალოხორს და ვაპირებ დავლიო ხოლმე ნოშპაც, რადგან ნაღველის პრობლემა მგონია. რო გორც კი მწარეს ან ცხიმინას ან ალკოჰოლს მივიღებ, ტკივილი განსაკუთრებით მიმძაფრდება. დღისით იმდენად არა, ღამით უფრო მაწუხებს , როდესაც ვისვენებ. იქნებ მირჩიოთ რაიმე, წინასწარ უღრმესი მადლობა!
პასუხი:

მოგესალმებით,
რთულია, დისტანციურად ზუსტად გაგცეთ პასუხი, თუმცა შევეცდებით დაგეხმაროთ.
შესაძლოა ეს იყოს პანკრეატიტი, მას განსაკუთრებული ადგილი უკავია მუცლის ღრუს ორგანოთა დაავადებებს შორის, პანკრეატიტის განვითარებას ხელს უწყობს ნაღველკენჭოვანი დაავადება, ქოლეცისტიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ალკოჰოლიზმი. კლინიკური ნიშნებია:

  • შემოსარტყლული ხასიათის ყრუ ტკივილი ეპიგასტრიუმში;
  • მუცლის შებერვა;
  • ყაბზობა;
  • დისპეფსია ფაღარათით.

გამწვავებისას ძლიერი ტკივილი ეპიგასტრიუმის არედან ვრცელდება ფერდქვეშა მიდამოში, შემოსარტყლავს სხეულს, მარაოსავით იშლება მარცხნივ მუცლისკენ, ზურგისკენ, გულმკერდისკენ, მხრისკენ და მკერდის ძვლის უკან. პანკრეატიტის პროფილაქტიკისთვის საჭიროა კუჭისა და სანაღვლე გზების დაავადების რაციონალური მკურნალობა, ჭარბი კვების აკრძალვა, ცხიმოვანი საკვების შეზღუდვა. თუმცა, დაავადების დიაგნოსტიკა ემყარება პაციენტის გასინჯვით მიღებულ მონაცემებს და ზოგიერთი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევის შედეგებს. შემთხვევათა უდიდეს ნაწილში აუცილებელია ლაბორატორიული გამოკვლევა. ამ დროს ტარდება:

  • პანკრეასის, ღვიძლის, თირკმლის ფუნქციის შესასწავლი ლაბორატორიული კვლევები, განისაზღვრება პანკრეასის ფერმენტების - ამილაზისა და ლიპაზის აქტიურობა;
  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • სისხლში გლუკოზის, ელექტროლიტებისა და კალციუმის შემცველობის განსაზღვრა.

ინსტრუმენტული მეთოდები, ჩვეულებრივ, საჭიროა დაავადების გართულებათა გამოსავლენად. ეს მეთოდებია:

  • რენტგენოსკოპია, რენტგენოგრაფია - გვეხმარება პანკრეატიტის გართულებებისა და ტკივილის სხვა მიზეზების დადგენაში;
  •  კომპიუტერული ტომოგრაფია. ის უკეთ ავლენს პანკრეატიტის სიმპტომებსა და მის გართულებებს.

ჩვენი რჩევაა მიმართოთ ისრაელში ზოგად ქირურგს, რომელიც გამოკვლევების შემდეგ დაგისვამთ ზუსტ დიაგნოზს. მანამდე, სასურველი იქნება თუ არ დაინიშნავთ მედიკამენტურ მკურნალობას თვითნებურად. თუ საქართველოში ჩამობრძანებისას თქვენი პრობლემები ისევ აქტუალური იქნება, ჩვენი კლინიკა და მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, მზადაა დაგეხმაროთ დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში.
ჩვენი საკონტაქტო ნომერია (+995) 577 119 119 ან (+995 32) 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა