მოგესალმებით,
რა იწვევს თქვენს შემთხვევაში, თვალის ტკივილს, პასუხის გაცემა, დისტანციურად, კლინიკური კვლევების გარეშე შეუძლებელია, თუმცა ზოგადად მოგახსენებთ.
თვალების ტკივილი შეიძლება იყოს როგორც ზედაპირული, ისე თვალის შიგნითა სტრუქტურების მომცველი. თვალის ზედაპირულმა ტკივილმა შეიძლება გამოიწვიოს ქავილის სურვილი და იყოს მწველი ან გამჭოლი. თვალის ზედაპირული მიზეზი შეიძლება იყოს უცხო სხეული, ინფექცია ან ნებისმიერი ფაქტორი , რაც გააღიზიანებს და ანთებას გამოიწვევს თვალის მემბრანაზე.
თვალის შიდა სტრუქტურების ტკივილი შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ან მფეთქავი. ტკივილის ეს ტიპი შესაძლოა რაიმე მძიმე მდგომარეობასთან იყოს დაკავშირებული.
ზოგადად თვალის ტკივილის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:
- ალერგიები;
- ბლეფარიტი (ქუთუთოების ანთება);
- საცრემლე სადინარის დახშობა;
- რქოვანას ცვეთა (თვალის გამჭვირვალე გარსის, რქოვანას ზედაპირული შრეების აქერცვლა);
- მშრალი თვალის სინდრომი;
- გლაუკომა ( დაავადებათა კრებული, რომელიც გამოწვეულია გაზრდილი თვალშიდა წნევით, რაც აზიანებს ნერვს);
- განმეორებითი, ძლიერი თავის ტკივილი თვალის გარშემო ცალ მხარეს;
- მხედველობის ნერვის ანთება;
- კონიუნქტივიტი;
- სკლერიტი (თვალის გარეთა თეთრი გარსის, სკლერის ანთება);
- უვეიტი (თვალის შუა ნაწილის ანთება).
თუ თვალისა და თავის ტკივილს დროს, გაღიზიანებთ კაშკაშა შუქი და გაცილებით კომფორტულია სიბნელეში ყოფნა, შესაძლოა ტკივილებს იწვევდეს შაკიკიც.
ასევე, ტკივილები ჩნდება ირიტის ( თვალის ფერადი გარსის ანთება) და, როგორც თქვენ მოგვითხრობთ, რეფრაქციის დარღვევის შემთხვევებში, ასეთ დროს სათვალის ზომის სწორი არჩევა აქრობს თავის ტკივილს.
გირჩევთ, დამოუკიდებლად, კვლევების გარეშე, თავი აარიდოთ თვალის წვეთების მოხმარებას, რადგან შესაძლოა გამოიწვიოთ მდგომარეობის გაუარესება, მაგალითად, თვალის სოკოვანი კონიუნქტივიტი.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოფთალმოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც ჩაგიტარდებათ პირველადი გამოკვლევები და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.
ოფთალმოლოგთან უფასო კონსულტაციის დღეებია ოთხშაბათი და ხუთშაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!