სასარგებლოა თუ არა თაფლი და ნიგოზი ჯანმრთელობისთვის?

სასარგებლოა თუ არა თაფლი და ნიგოზი ჯანმრთელობისთვის?

რა კვებითი ღირებულებითა თუ სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა ნიგოზი და თაფლი?

ბევრი ადამიანი ინტერესდება სასარგებლოა თუ არა ნიგოზი და თაფლი ჯანმრთელობისთვის და რატომ! სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ შეკითხვით მიგვემართა ქირურგიის ეროვნული ცენტრის ენდოკრინოლოგისთვის.

კლინიკის ენდოკრინოლოგი ანა ჭოხონელიძე ნიგვზისა და თაფლის სასარგებლო თვისებებზე მოგვითხრობს.      

ნიგოზი 

ნიგოზი მდიდარია უჯრედისით, რაც აუცილებელია კუჭ–ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. შეიცავს E და B ვიტამინებს, Fe, Cu, Zn, Co, Mg და K მიკროელემენტებს. მსგავსი კომბინაცია სასარგებლოა ორსულთათვის, ნაყოფის ნორმალური განვითარებისთვის, მოზარდებისთვისა და იმ პირებისთვის, ვისაც აქვთ დაძაბული სამუშაო გრაფიკი, უწევთ გონებრივი დატვირთვა. ნიგოზი ხელს უწყობს ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას.

მის შემადგენლობაშია სასარგებლო ცხიმოვანი მჟავები. არეგულირებს ქოლესტერინის დონესა და არტერიულ წნევას, ზრდის ორგანიზმის ბრძოლის უნარს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ეფექტურია ანემიისა და ჰელმინთოზის (ჭიებით ინვაზიის) დროს.

ნიგვზის რეკომენდებული დღიური დოზაა 5 ლებანი.

თაფლი

გამოირჩევა კვებითი ღირებულებითა და სამკურნალო თვისებებით. შეიცავს ნახშირწყლებს, რაც ორგანიზმისთვის ენერგიის წყაროა. მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებითა და C ვიტამინით, შეიცავს K, Ca, Na, P, Mg, Fe, Zn მინერალებს.

ნატურალური თაფლი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ახდენს ბაქტერიოციდულ, ანთების საწინააღმდეგო და მატონიზებელ მოქმედებას, აჩქარებს ქსოვილების აღდგენის პროცესს, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას, ასტიმულირებს შინაგანი ორგანოებისა და იმუნური სისტემის მუშაობას.

თაფლის შემადგენლობაშია აგრეთვე ორგანული მჟავები (ვაშლის, ლიმონის, რძემჟავა, ღვინის მჟავა). ორგანული მჟავა აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, კუჭის წვენის სეკრეციას, საკვები ნივთიერებების ათვისებას. 

მიუხედავად იმისა, რომ თაფლისა და ნიგვზის შემადგენლობა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, რასაკვირველია, ამ საკვების მიღებისას აუცილებელია ზომიერების დაცვა!

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გისურვებთ ჯანმრთელობას!