დღეს ჩვენი რესპოდენტია, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხივური თერაპევტი და ბირთვული მედიცინის სპეციალისტი შორენა ესიაშვილი.
90-იანი წლების მიწურულს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან დაწყებული პროფესიული მოგზაურობა თურქეთსა და იტალიაში გააგრძელა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, „ემორის“ უნივერსიტეტის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტში დაასრულა. ფლობს სერტიფიკატს რადიაციულ ონკოლოგიაში, ბირთვულ მედიცინაში, რადიოლოგიასა და კარდიოლოგიაში.
- როდის და რატომ აირჩიეთ თქვენი პროფესია და კონკრეტულად ის დარგი, რომელშიც მოღვაწეობთ?
- 2004-05 წლებში ამერიკაში, „ემორის“ უნივერსიტეტის რადიოლოგიის დეპარტამენტის, ბირთვული მედიცინის განყოფილების სამეცნიერო კვლევის ასისტენტი ვიყავი, როცა ამ სფეროს საფუძვლიანად შესწავლა გადავწყვიტე. 2007 წლიდან კი, ჩემს პროფესიულ სურვილებს სხივური თერაპია შეემატა და რომ იტყვიან, საბოლოოდ ჩამითრია სამეცნიერო მედიცინის მორევმა.
- რას ნიშნავს თქვენთვის ექიმობა?
- 1994 წლიდან პრაქტიკოს ექიმად ვმუშაობ და ამაზე ბევრი მიფიქრია. გამოთქმა „პროფესიული ჩვევა“ ხომ იცით რასაც ნიშნავს?! ხოდა, ვფიქრობ, ჩემი ცხოვრება ერთი დიდი პროფესიული ჩვევაა. ცხოვრების სტილი, რომელიც ჩემი ნაწილია და მის გარეშე არცერთი დღე წარმომიდგენია!
- რას თვლით ამ პროფესიის ყველაზე დიდ გამოწვევად?
- მოგეხსენებათ, მედიცინის ეს მიმართულება ონკოლოგიური პათოლოგიების დროულ გამოვლენასა და მათ მართვაში რამხელა როლს ასრულებს. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ამ საქმის უდიდესი გამოწვევა პროფესიული პასუხისმგებლობა და ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლაა! აღსანიშნავია ისიც, რომ შეუძლებელია ექიმმა შიშველი ხელებით და შეუიარაღებელი თვალით რამე შეძლოს, თუ სათანადო დონის აპარატურა არ უწყობს ხელს.
- რა არის ყველაზე დიდი სურვილი და მიზანი, რისი მიღწევაც თქვენს კარიერაში გსურთ?
- რომ ჩამოვთვალო, სურვილი ბევრი მაქვს. თუმცა, ამ ეტაპზე, ჩემს დღის წესრიგში დოქტორანტურის დამთავრება დგას. ზოგადად კი, რა თქმა უნდა, როგორც ყველა ექიმს, მეც ძალიან მინდა, რომ საქართველოში ყველა პაციენტი განიკურნოს და სრულიად მსოფლიო მედიცინამ სხვადასხვა დაავადებაზე გამარჯვება იზეიმოს!
- რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა ირჩევს პროფესიას?
- უდიდესი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ არჩევანს. მუდამ უნდა ახსოვდეთ, მედიცინა ის სამყაროა, რომელიც მათგან მსხვერპლსა და ფიცს მოითხოვს! ვურჩევ, მზად დახვდნენ ყველა სირთულეს და ახსოვდეთ, დღეს მათი ნაწვალები, ხვალ ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს!
- რას ფიქრობთ მედიცინის უახლეს გამოწვევაზე - COVID-19?
- მსოფლიოს უხილავმა მტერმა მთელი წლის მანძილზე გვიჩვენა საკუთარი ძალა, რომლითაც მსოფლიოს მრავალი მოქალაქე იმსხვერპლა. ვფიქრობ, ახლა ჩვენი დროა და მას მხოლოდ ვაქცინაციით თუ დავამარცხებთ!
- როგორ ხედავთ იმ დარგის განვითარებას, რომელშიც მოღვაწეობთ, თუნდაც 10 წლის შემდეგ?
- ტექნოლოგიურად იმდენად ჩქარი ნაბიჯებით ვითარდება მსოფლიო მედიცინა, რომ 10 წლის შემდეგ მინიმუმამდე იქნება დაყვანილი პაციენტების ლეტალობის სტატისტიკა. ამ შედეგისაკენ სწრაფვა კი ჩვენ უკვე დავიწყეთ, თუნდაც იმით, რომ კლინიკა საქართველოში ერთადერთი ციფრული პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფით აღვჭურვეთ. დარწმუნებული ვარ, გათენდება დღე და სხივური თერაპიაცა და ბირთვული მედიცინაც განვითარების მწვერვალზე იქნება და სიმსივნით დაღუპული ადამიანი დედამიწაზე აღარ იარსებებს!