ქირურგიის ეროვნული ცენტრის რეზიდენტურის კურსი
მედიცინა არ იყო სფერო, რომელიც ყოველთვის მიზიდავდა, თუმცა, რომ გავიზარდე, მივხვდი, ადამიანების დახმარება უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. სწორედ ეს სასიამოვნო გრძნობა გახდა ჩემი პროფესიის განმსაზღვრელიც. მიუხედავად იმისა რომ, მრავალ, ერთმანეთისგან განსხვავებულ განყოფილებაში მიმუშავია, საბოლოო პროფილად კარდიოლოგია ავირჩიე, რადგან ჩემი გამოცდილებიდან ყველაზე მეტად გულმა დამაინტერესა. ამავდროულად, კარდიოლოგიური სფერო მუდმივად ვითარდება, ინერგება მკურნალობის ახალი მეთოდები, ტარდება კვლევები, რომლებიც ახლო მომავალში ახალ სამედიცინო სტანდარტს დაამკვიდრებს. ამიტომაც ვარ კარდიოლოგიის რეზიდენტი - მომავალი კარდიოლოგი.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მუშაობა 2014 წელს, მე-4 კურსზე დავიწყე და მას შემდეგ, პროფესიულად ძალიან გავიზარდე. როცა გამოცდა ჩავაბარე, მინდოდა ჩვენს ცენტრში გატარებული წლები კიდევ გაგრძელებულიყო და გადავწყვიტე კლინიკაში მოღვაწეობა რეზიდენტურის კურსზე სწავლით გამომეხატა. აქ მომუშავე პროფესიონალი ექიმებისგან შევიძინე დიდი ცოდნა და მას ახლო მომავალში პირად პრაქტიკაში გამოვიყენებ.
მოკლედ, ჩვენი კლინიკის რეზიდენტურის კურსს მაღალ შეფასებას მივანიჭებდი, რადგან უკვე მეორე წელია ამ პროგრამაში ვარ და უამრავი საინტერესო პაციენტი ვნახე, ვესწრები სხვადასხვა ინტერვენციულ თუ ანგიოქირურგიულ ოპერაციებს და ვმუშაობ პროფესიონალ გუნდთან ერთად! გამიხარდება, თუ ამდენწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, აწ უკვე ექიმის პროფესიას ქირურგიის ეროვნულ ცენტრში განვაგრძობ, რა თქმა უნდა, თუ ეს სურვილი ორმხრივი იქნება!