გაიცანით ჰემოდიალიზის, ნეფროლოგიისა და ტრანსპლანტაციის დეპარტამენტის ექთანი
სახელი: ელენე
გვარი: ლასურაშვილი
პოზიცია: ჰემოდიალიზის,ნეფროლოგიისა და ტრანსპლანტაციის დეპარტამენტის ექთანი
განათლება: საშუალო სამედიცინო განათლება
ჰობი: კითხვა, მოგზაურობა, კულინარია
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ცოტა უჩვეულოდ მოვხვდი. ვმუშაობდი დიალიზის სხვა ცენტრში და სამსახურის შეცვლას არც კი ვფიქრობდი, მაგრამ ჩემი ტყუპისცალი მუშაობდა ამ კლინიკაში და ერთ-ერთი ექთნის დეკრეტული შვებულების გამო, კლინიკას სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ამ სფეროში მომუშავე, მომზადებული ექთანი. სწორედ ასე აღმოვჩნდი ჩვენს კლინიკაში და თავდაპირველად დროებითი სამსახური, აგერ უკვე 6 წელია ჩემთვის მეორე ოჯახად იქცა. აღსანიშნავია, რომ ჩემთვის ქირურგიის ეროვნული ცენტრი ნოვატორული კლინიკა აღმოჩნდა. აქ ჩატარებული კონფერენციებითა და ტრენინგებით პროფესიულად გავიზარდე. ამავდროულად, მუშაობა მიწევს უახლეს აპარატურაზე. ახალ სამუშაო გარემოსთან ერთად, გავხვდი ახალი პროფესიული გუნდის წევრი და შევიძინე ახალი მეგობრები, რომელთან ერთადაც 2015 წლიდან ვმუშაობ. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო ვყოფილიყავი ექიმი, მეზრუნა ადამიანებზე, მათ ჯანმრთელობაზე. მართალია ექიმად ვერ შევდექი, მაგრამ ბავშვობის ოცნება ავიხდინე და სამედიცინო სფეროს განუყოფელი ნაწილი ვარ. ძალიან პატარა ვიყავი, როცა ჩემს ნათესავს თირკმელების ქრონიკული პათოლოგია ჭირდა და ჰემოდიალიზით მკურნალობდა. მას კვირაში სამჯერ უწევდა კლინიკაში პროცედურის ჩატარება. მიუხედავად თავისი დაავადებისა, ყოველთვის მადლიერებითა და სითბოთი საუბრობდა ჰემოდიალიზის დეპარტამენტში მომუშავე პერსონალზე. დავინტერესდი ამ სფეროს სპეციფიკით და დავინახე უდიდესი სითბო და ყურადღება პაციენტებსა და ექთნებს შორის. ამას ისიც ემატებოდა, რომ ექთნები მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდნენ. სწორედ ამ ამბავმა განაპირობა ჩემი კარიერული არჩევანი. ჩემი ჰობი ძირითადად არის მოგზაურობა, დამღლელი დღის შემდეგ აუცილებლად ვკითხულობ წიგნს, ასევე, მიტაცებს კულინარია. დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, არაფერს შევცვლიდი, ჩემი არჩევანი კვლავ მედიცინა იქნებოდა! მომავალ ექთნებს კი ვურჩევდი, რომ მიზნის მისაღწევად ძალიან ბევრი იშრომონ და ყველა სირთულეს გადალახავენ. წარმატების უმთავრესი რეცეპტი ხომ გულით გაკეთებული საქმეა.