ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტს პერიოდულად სტუმრობენ „ავერსის“ ჯგუფის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
რამდენიმე კვირის წინ კლინიკის რადიოთერაპიის დეპარტამენტმა ონკოლოგიის თანამედროვე მართვის პრინციპები გააცნო სადაზღვევო კომპანია „ალფას“ და „ავერსის კლინიკის“ თანამშრომლებს, ამჯერად კი ფარმაცევტულ კომპანია „ავერსი ფარმას“ უმასპინძლა.
სტუმრებმა იხილეს ამერიკული კომპანია Varian-ის ულტრათანამედროვე და მაქსიმალურად დახვეწილი, კლინიკურად ეკვივალენტური (ტყუპი), უახლესი სხივური ამაჩქარებლები.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ლაშა ბაზაძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ფოტომასალა, სადაც ნათლად ჩანდა თუ როგორ იცვლებოდა ინფრასტრუქტურა დეპარტამენტში, როგორ შენდებოდა სხივური ამაჩქარებლებისთვის განკუთვნილი სივრცე. გალერეაში იხილავდით ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურის განთავსების პროცესს, უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ონკოლოგების ვიზიტის ამსახველ კადრებს და სხვა.
ბატონმა ლაშამ სტუმრებს აუხსნა, თუ როგორია ონკოლოგიურ პაციენტთა დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდი და რომ Tumor Board–ის ერთობლივი მსჯელობისა და დისკუსიის საფუძველზე, თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად ხდება მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა.
როგორც ბატონმა ლაშამ ღონისძიებაზე განაცხადა, კლინიკის სხივური ამაჩქარებლები 2019 წლის, უახლესი თაობისაა.
განმარტა, რომ დეპარტამენტში დასაქმებულნი არიან თანამშრომლები, რომლებმაც განათლება აშშ–ისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში მიიღეს.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით პაციენტებისთვის ინდივიდუალიზირებული, სამედიცინო მტკიცებულებებზე დაფუძნებული, მაღალი სტანდარტის სხივური თერაპიის ჩატარებას უზრუნველყოფს. სხივური თერაპია სიმსივნეზე მოქმედებს ადგილობრივად კიბოს უჯრედების განადგურების მიზნით. ის პაციენტს ენიშნება როგორც რადიკალურ (განკურნების მიზნით), ისე ნეოადიუვანტურ (წინასაოპერაციო მომზადებისთვის), ადიუვანტურ (პოსტოპერაციულ პერიოდში დამხმარე თერაპიად) და პალიატიურ (სიმსივნისგან გამოწვეული სიმპტომატიკის შესამცირებლად და სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად) რეჟიმში. ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტის თითოეული თანამშრომელი მკაცრად გაწერილი საერთაშორისო გაიდლაინებით ხელმძღვანელობს. რადიოთერაპიის დეპარტამენტში წარმატებით ხორციელდება ე.წ. სამედიცინო ტურიზმი. ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ კლინიკას არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, არამედ უცხოელებიც სტუმრობენ. მკურნალობის ტაქტიკისა და დასხივების გეგმის შედგენაში მონაწილეობენ ემორის უნივერსიტეტის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხარისხის განყოფილების უფროსი, პროფესორი ნათია ესიაშვილი და ესპანეთის Genesis Care-ს ონკოლოგიის მულტიდისციპლინური ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი, ESTRO-ს საერთაშორისო რადიაციულ ონკოლოგთა საზოგადოებებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრი, მურსიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია ჯუღაშვილი–ერნანდესი. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ სულ მალე ქირურგიის ეროვნული ცენტრი აღიჭურვება აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი, ციფრული პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფით (PET/CT)“, – განაცხადა ბატონმა ლაშამ.
სტუმრებს სიტყვით მიმართა ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ თეა გამეზარდაშვილმა.
ქალბატონმა თეამ დამსწრე საზოგადოებას მოუთხრო კლინიკის დაარსების ისტორია, გააცნო რადიოთერაპიის დეპარტამენტის თითოეული თანამშრომელი.
„კლინიკა დაარსდა 1946 წელს. აღნიშნული ხანგრძლივი პერიოდისა და გამოცდილების გათვალისწინებით, კლინიკა წარმოადგენს საქართველოში ერთ–ერთ ძირითად ნოვატორ და რიგ შემთხვევაში სამედიცინო სერვისების ფუძემდებელ სამედიცინო დაწესებულებას. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო რა სისტემის რღვევა, ასევე ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა თავისი უარყოფითი კვალი დაამჩნია ინსტიტუტის ცხოვრებასაც. პრაქტიკულად განადგურდა უნიკალური ინფრასტრუქტურა, შეჩერდა უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო პროექტები. 2011 წლიდან კლინიკა გადავიდა კომპანია „ავერსის“ მფლობელობაში, რისი საშუალებითაც შესაძლებელი გახდა სამედიცინო მომსახურების განვითარება საერთაშორისო დონის ხარისხის შესაბამისად. კლინიკაში განხორციელდა მრავალმილიონიანი ქართული ინვესტიცია, შეძენილ იქნა ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურა, რომლის ანალოგიც რეგიონში არ არის. ცენტრი დაკომპლექტდა მაღალკვალიფიციური სამედიცინო და ადმინისტრირებაში მონაწილე პერსონალით. მრავალპროფილურ კლინიკაში პაციენტები ყველა სერვისით, კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში სარგებლობენ. კლინიკის ჰიბრიდულ საოპერაციოში ჩატარებულა არაერთი ურთულესი ოპერაცია, ინსულტის ცენტრში კი საქართველოში პირველად განხორციელდა თრომბექტომია, კლინიკაში ტარდება თრომბოლიზისიც. ენდოვასკულურ დეპარტამენტში ყოველთვისაა გულმკერდისა და მუცლის აორტისთვის საჭირო სტენტ–გრაფტების მარაგი, შესაბამისად, დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ვემსახურებით ურგენტულ პაციენტებს. მოგეხსენებათ, ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა მულტიდისციპლინურ მიდგომას საჭიროებს, მათ დასახმარებლად ზოგჯერ მხოლოდ სხივური თერაპია ან ქიმიოთერაპია არაა საკმარისი, სხვადასხვა პროფილის ექიმის ჩართვას საჭიროებს და ქირურგიის ეროვნული ცენტრი სწორედ რომ ამითაა გამორჩეული, კერძოდ, პაციენტი ერთ სივრცეში სარგებლობს ყველა საჭირო კვლევითა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდით“, – განაცხადა ქალბატონმა თეამ.
სტუმრებისთვის პრეზენტაცია მოამზადეს რადიოთერაპიის დეპარტამენტის რადიაციულმა ონკოლოგებმა, ბრაქითერაპევტებმა ირინა ჯობავამ და ლაშა გოგინაშვილმა. ონკოლოგებმა პრეზენტაციაზე მიმოიხილეს რამდენიმე საინტერესო კლინიკური შემთხვევა.
განხილული იყო ონკო–გინეკოლოგიური, ხორხ–სარქველის, საყლაპავის, სწორი ნაწლავის, კანის სიმსივნის კლინიკური შემთხვევები, დაავადების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები.
სხივურ თერაპიამდე და სხივური თერაპიის შემდგომ ჩატარებული საკონტროლო გამოსახულებითი კვლევები ნათლად ცხადყოფს, თუ რამდენად ეფექტურია სხივური თერაპია.
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ონკოლოგიაში სხივური თერაპია მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია, რომლის გამოყენებაც კიბოსთან ბრძოლის სხვადასხვა ეტაპზე დაავადებულთა სულ მცირე 50%–ს ესაჭიროება.
რადიოთერაპიის დეპარტამენტშიტარდება: ცენტრალური ნერვული სისტემის, თავ-კისრის, ფილტვის, ძუძუს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების, უროლოგიური და გინეკოლოგიური ონკოლოგიური დაავადებების, ლიმფომების და ჰემატოლოგიური სიმსივნეების, ძვლის და რბილი ქსოვილების, კანის, თავის ტვინისა და ძვლების მრავლობითი მეტასტაზების რადიოთერაპია დასხივების თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით: 3DCRT 3 განზომილებიანი კონფორმული, IMRT ინტენსივობა-მოდულირებული, მოცულობა მოდულირებული VMAT (RapidArc), RGRT სუნთქვასთან სინქრონიზებული რადიოთერაპია.
მკურნალობის ყოველდღიური პროცედურა სრულდება IGRT (გამოსახულებით მართული რადიოთერაპია) კონტროლით, რაც უზრუნველყოფს მკურნალობის გეგმის მაღალი სიზუსტით განხორციელებას. დაგეგმარება ყოველი პაციენტისთვის სრულდება უმაღლესი ხარისხით და უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
რადიოთერაპიის დეპარტამენტში წარმატებით ფუნქციონირებს ქიმიოთერაპიის განყოფილება, სადაც სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს უახლესი საერთაშორისო პროტოკოლებისა და გაიდლაინების შესაბამისად მკურნალობენ. კლინიკის ქიმიოთერაპიის განყოფილებაში ტარდება სოლიდური ავთვისებიანი სიმსივნეების მედიკამენტური მკურნალობა: ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, იმუნო და ტარგეტული თერაპია ნეოადიუვანტურ, ადიუვანტურ და პალიატიურ რეჟიმებში როგორც მონოთერაპიის, ისე პოლიქიმიოთერაპიის სახით. სიმსივნის ტიპის, დაავადების სტადიისა და პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით, მკურნალობა წარიმართება როგორც ამბულატორიულად, ისე სტაციონარის პირობებში. მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, თითოეული პაციენტისათვის მულტიდისციპლინური მიდგომით, რაც გულისხმობს პაციენტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესში სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა ერთობლივ მონაწილეობას.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში რადიოთერაპიის დეპარტამენტის დაარსების დღიდან კვალიფიციური სამედიცინო კადრებისა და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, არაერთმა პაციენტმა ისარგებლა მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარებით.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გისურვებთ ჯანმრთელობას!