პროსტატის HDR ბრაქითერაპია რეგიონში პირველად ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა

პროსტატის HDR ბრაქითერაპია რეგიონში პირველად ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში კიდევ ერთი წარმატებული მეთოდი დაინერგა.

კლინიკას მიმართა 65 წლის პაციენტმა პროსტატის მაღალი რისკის ადენოკარცინომის დიაგნოზით.

ნიუსში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

რა უნდა იცოდეთ პროსტატის კიბოს შესახებ?

მამაკაცებში ონკოლოგიურ დაავადებებს შორის პროსტატის კიბო სიხშირით პირველ ადგილზეა.

როგორც წესი, 50 წელს გადაცილებულ მამაკაცთა დაავადებაა, პროსტატის კიბოს შემთხვევათა 80% > 65 წლის ასაკში ვლინდება.

პროსტატის კიბოს უხშირესად ჩუმი, უსიმპტომო მიმდინარეობა ახასიათებს და უმეტესად კლინიკურად გვიან ვლინდება.

იყოფა რისკ–ჯგუფებად და ჯგუფი განისაზღვრება სიმსივნის ადგილობრივი გავრცელების, პროსტატ სპეციფიკური ანტიგენისა და გლისონის შკალის მიხედვით.

პრევენციისთვის რეკომენდებულია, რომ ყველა მამაკაცმა წელიწადში ერთხელ მიმართოს კლინიკას და წინამდებარე ჯირკვლის სრულფასოვანი გამოკვლევა ჩაიტაროს.

პროსტატის კიბოს წარმოშობის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა მეცნიერები რამდენიმე რისკ–ფაქტორს გამოყოფენ და კერძოდ:

  • ასაკს;
  • გენეტიკურ განწყობას;
  • აფრო–ამერიკულ რასას;
  • უმოძრაო და არასპორტული ცხოვრების წესს;
  • ორგანული ნაერთების მიღებას;
  • ალკოჰოლისა და თამბაქოს ჭარბი დოზით მოხმარებას;
  • არაჯანსაღი კვების რაციონს.

კლინიკური შემთხვევა

მდგომარეობა კომპლექსურ მკურნალობას საჭიროებდა – ჩატარდა ჰორმონოთერაპია და გარეგანი სხივური თერაპია. გარეგანი სხივური თერაპიის შემდეგ კი დაინიშნა HDR ბრაქითერაპია real time (რეალურ დროში) დაგეგმარების სისტემის გამოყენებით.

რას ნიშნავს HDR ბრაქითერაპია real time რეჟიმში?

ბრაქითერაპიის პროცედურის დროს რადიაციული წყარო პირდაპირ სიმსივნით დაზიანებულ ორგანოში თავსდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მკურნალობის მეთოდი მოიცავს მთელ წარმონაქმნს და შესაბამისად, მიზანმიმართულად, ზუსტად სხივდება სამიზნე ორგანო, მოცულობა.

პროსტატის HDR ბრაქითერაპია გულისხმობს მაღალი დოზის სიხშირით დასხივებას და გამოიყენება, როგორც მონოთერაპიის სახით, ისე გარეგან სხივურ თერაპიასთან კომბინაციაში; მონოთერაპია მოწოდებულია დაბალი რისკის, ხოლო გარეგან სხივურ თერაპიასთან კომბინაცია – საშუალო და მაღალი რისკის მქონე პაციენტებში.

ამ შემთხვევაში, ბრაქითერაპიულად დამატებითი დოზით სხივდება პროსტატის დაზიანებული ჯირკვალი ისე, რომ მინიმალურად დასხივდეს მიმდებარე შარდის ბუშტი და სწორი ნაწლავი.

real time რეჟიმი რეალურ დროში დაგეგმარებას გულისხმობს.

სპინალური ანესთეზიის ქვეშ, რექტალური ექოსკოპიური კონტროლით, ექიმი ანაწილებს სპეციალურ ნემსებს პროსტატის ჯირკვალში და საზღვრავს სამიზნე მოცულობას. ასევე ფიზიკოსთან ერთად ადგენს დაგეგმარების სქემას, თუ როგორ და რა დოზით უნდა დასხივდეს სამიზნე მოცულობა. 

რატომ არის ეფექტური HDR ბრაქითერაპია?

მკურნალობის ეს მეთოდი რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობით გამოირჩევა, მაგალითად:

  • უკეთესი შედეგი გამოსავლის თვალსაზრისით;
  • დაავადების ეფექტური კონტროლი;
  • დაავადებული სამიზნე ორგანოს მაღალი დოზით დასხივება, რაც გვაძლევს საშუალებას უფრო ეფექტურად გავანადგუროთ სიმსივნური უჯრედები;
  • გვერდითი ეფექტის მინიმალური რისკი;
  • პაციენტი გაცილებით სწრაფად უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.  

„პროსტატის HDR ბრაქითერაპია რეგიონში პირველად ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტში ჩატარდა. პროცედურა განხორციელდა ე.წ. real time დაგეგმარების გამოყენებით. ძალიან დიდი პატივია, როდესაც ამ უდიდესი მოვლენის ერთ–ერთი შემოქმედი ხარ. დიდი მადლობა ჩემს გუნდს, ანესთეზიოლოგიის დეპარტამენტს, კლინიკის ხელმძღვანელებსა და პედაგოგებს ამ ისტორიის დაწერისთვის. პაციენტი პროცედურიდან მეორე დღეს გავწერეთ ბინაზე“, – განაცხადა რადიაციულმა ონკოლოგმა, ბრაქითერაპევტმა ლაშა გოგინაშვილმა.

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა

როგორც ბატონმა ლაშამ ინტერვიუში განაცხადა, პროცედურამ ჩაიარა ყოველგვარი გართულების გარეშე და ამჟამად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს, თავს კარგად გრძნობს.

გისურვებთ ჯანმრთელობას! 


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად