ქირურგიის ეროვნული ცენტრი საერთაშორისო სამედიცინო რუკაზე

ქირურგიის ეროვნული ცენტრი საერთაშორისო სამედიცინო რუკაზე

ბირთვული მედიცინის დეპარტამენტი

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს C/Can "City Cancer Challenge" - კიბოს საერთაშორისო კონტროლის კავშირის წარმომადგენლები ესტუმრნენ. ფონდი 2019 წელს შეიქმნა და მსოფლიოს მასშტაბით, ცხრა ქალაქში მოღვაწეობს. მისი მიზანია მხარი დაუჭიროს ყველა ქალაქს, რომელიც კიბოსთან ბრძოლაშია ჩართული და მის პრევენციას ყველა ხერხით ცდილობს.

"City cancer challenge" ფონდის მხარდაჭერით, თბილისის მერია, ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ პროფესიულ ასოციაციებთან კოორდინაციით, უზრუნველყოფს ისეთი საკითხების მართვას, როგორებიცაა:

  • სამთავრობო და სამოქალაქო სექტორის, ჯანდაცვის პროფესიონალების, კერძო სექტორის და სხვა დაინტერესებულ მხარეთა გამოვლენა, დაკავშირება და პროცესში ჩართვა;
  • კიბოს უკეთესად მართვის მიზნით, ქალაქის მასშტაბით არსებული გამოწვევების, საჭიროებებისა და პრიორიტეტების შეფასება;
  • საერთაშორისო და რეგიონული პარტნიორობა, ერთჯერადი და გრძელვადიანი ინვესტირება და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება ქალაქის გეგმის განხორციელების მხარდასაჭერად;
  • პროგრესის მონიტორინგისა და შეფასების ჩარჩოს შემუშავება.

სწორედ მათი დამსახურებით შემუშავდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი თემაზე - "სამედიცინო დიაგნოსტიკური გამოსახულების ხარისხის გაუმჯობესება და ბირთვული მედიცინის შესაძლებლობების გაზრდა", რომლის მიზანია პეტ-კტ-ის საქართველოში გამოყენებასთან დაკავშირებით ტექნიკური ანგარიშის შემუშავება. ამისათვის კი, ჩამოსული სპეციალისტები დეტალურად შეისწავლიან ყველა დაწესებულებას, სადაც ონკოპაციენტებს მკურნალობენ.

მოგეხსენებათ, ქირურგიის ეროვნული ცენტრი ამიერკავკასიისა და პოსტსაბჭოთა სივრცის მედიცინის ავანგარდში ადგილს იკავებს უახლესი და ერთადერთი ციფრული პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიით. ამ კვლევის როლი და შესაძლებლობები იმდენად დიდია, რომ XXI საუკუნემ ონკოდაავადებათა დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტად აღიარა.

ბირთვული მედიცინის დეპარტამენტს სწორედ City Cancer Challenge-დან მსოფლიო ბირთვული მედიცინის ორი გამორჩეული პროფესორი ესტუმრა: Siroos Mirzaei - ბირთვული მედიცინის სპეციალისტი ავსტრიის დიდი ცენტრიდან, ბირთვული მედიცინის ცენტრის უწყვეტი განათლების ცენტრის პრეზიდენტი და Paolo Castellucci - ბირთვული მედიცინის სპეციალისტი წმინდა ურსულას სახელობის კლინიკიდან, ბოლონია, იტალია. სტუმრებმა სრულად დაათვალიერეს დეპარტამენტის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა. ასევე, აღსანიშნავია მათი უაღრესად დადებითი შეფასება ქირურგიის ეროვნული ცენტრის მიმართ, სადაც კიბოს დიაგნოსტირება-მკურნალობა თანამედროვე სტანდარტებისა და დადგენილი პროტოკოლების სრული დაცვით მიმდინარეობს.

19 ოქტომბერს კი, უცხოელი პარტნიორების თბილისში ვიზიტი სასტუმრო მერიოტში გამართულ კონფერენციაზე გაგრძელდება, სადაც დამსწრე სამედიცინო საზოგადოებასთან ერთად, განსახილველი თემა იქნება „პეტ/კტ-ს გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზები ონკოლოგიური და არაონკოლოგიური დაავადებების მიმართულებით.“

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გისურვებთ ჯანმრთელობას!


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად