თანამედროვე ონკოლოგიაში რადიოთერაპიულ მკურნალობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა 70% საჭიროებს სხივურ თერაპიას.
რადიაციული თერაპია სიმსივნესთან ბრძოლის პროცესის ერთ–ერთი ეფექტური მეთოდია. ბევრი თქვენგანისთვის ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი კიბოსთან ბრძოლის მეთოდებზე, რა პრინციპებს ექვემდებარება მკურნალობის ესა თუ ის ფორმა. ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი მოგითხრობთ თანამედროვე რადიოთერაპიული მკურნალობის შესახებ.
რადიაციული თერაპია უკვე საუკუნეზე მეტია გამოიყენება მედიცინაში და წარმოადგენს ერთ-ერთ ხელსაწყოს სიმსივნესთან ბრძოლის ველზე. კიბოთი დაავადებულ პაციენტთა 70%–ს აუცილებლად ესაჭიროება რადიაციული თერაპია. რადიაციული ონკოლოგიის ექიმები მართავენ რადიოთერაპიის პროცესს, პაციენტის განკურნების ან მდგომარეობის დროებითი შემსუბუქების (პალიატიური მკურნალობა) მიზნით.
რადიაციის წყაროები
რადიოთერაპიაში გამოიყენება გამოსხივების სხვადასხვა წყაროები, მაგრამ ყველაზე გავრცელებულია ფოტონებით დასხივება. ფოტონის სხივის მიღება ხდება წრფივი ამაჩქარებლით, რენტგენის აპარატით ან რადიაციული იზოტოპების მეშვეობით. დამატებითი დასხივების ტიპები ასევე მოიცავს ისეთ ნაწილაკებს როგორიცაა პროტონები და ელექტრონები.
რადიოთერაპიის ბიოლოგიური საფუძვლები და ფრაქციონირება
რადიაციული თერაპიის მუშაობის პრინციპი გამოიხატება უჯრედის დნმ-ის დაზიანებით, ისე რომ უჯრედმა დაკარგოს გამრავლების ფუნქცია. როგორც წესი სიმსივნის სხვადასხვა ტიპებს ამ ეფექტის მისაღებად სჭირდებათ რადიაციის გარკვეული ჯამური დოზა. დასხივების შედეგად ზიანდება როგორც კიბოს, ისე ჯანმრთელი უჯრედის დნმ–ი. ზოგადად, კიბოს უჯრედს ჯანმრთელთან შედარებით, უფრო მეტად აქვს დაქვეითებული დნმ-ის აღდგენის უნარი. ასევე, უჯრედულ ციკლში რადიაციისადმი მგრძნობიარე ფანჯარა კიბოს უჯრედებში უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ჯანმრთელ უჯრედებში. მკურნალობის ეფექტიც ამ ორ ფაქტზეა დაფუძნებული. ზოგადად, მკურნალობის პროცესში, ერთი კვირის განმავლობაში პაციენტი სხივდება 5 დღე, ხოლო 2 დღე ისვენებს სწორედ ეს 2 დღე აძლევს ჯანმრთელ ქსოვილებს აღდგენის საშუალებას. ამის შედეგად, თითო დასხივებაზე დოზის სწორი შერჩევითა და სათანადო დაგეგმარების მეშვეობით მიიღწევა კიბოს უჯრედების კვდომის ეფექტი, ჯანმრთელი ქსოვილის შენარჩუნებით. არსებობს ქსოვილების სხვადასხვა ტიპები, რომელთაც დასხივებული დოზის სპეციფიკური ტოლერანტობა გააჩნიათ, რა თქმა უნდა, მკურნალობის დაგეგმვისას ეს დოზები გათვალისწინებულია.
რადიოთერაპიის კლინიკური ასპექტები
რადიაციული თერაპია მოქმედებს სიმსივნეზე ადგილობრივად კიბოს უჯრედების განადგურების მიზნით. იგი ენიშნება პაციენტს როგორც რადიკალურ (განკურნების მიზნით), ნეოადიუვანტურ (წინასაოპერაციო მომზადებისთვის), ადიუვანტურ (პოსტოპერაციულ პერიოდში დამხმარე თერაპიად) და პალიატიურ რეჟიმში (სიმსივნისგან გამოწვეული სიმპტომატიკის შესამცირებლად და სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად).
რადიოთერაპია მულტიდისციპლინური მიდგომის ნაწილია
როგორც წესი სიმსივნესთან ბრძოლა ხდება ძირითადად ქირურგიით, რადიოთერაპიით, ქიმიოთერაპიით ან მათი კომბინაციით. თანამედროვე ონკოლოგიაში რადიოთერაპია კიბოს მკურნალობის პროცესის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია შემდეგი ლოკალიზაციებისთვის: თავის ტვინი, თავ-კისერი, ფილტვი, მკერდი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოები, შარდ-სასქესო სისტემა, თავის ტვინისა და ძვლების მრავლობითი მეტასტაზები.
რადიოთერაპიის გართულებები
მკურნალობის პროცესი საშუალოდ გრძელდება 1 კვირიდან რამდენიმე თვემდე. ამ პერიოდში შესაძლებელია გამოვლინდეს მოსალოდნელი გართულებები, რომელიც ტიპიურია კონკრეტული ზონის დასხივებისას:
- ძუძუს დასხივებისას შესაძლოა გამოვლინდეს კანის სიწითლე ან შეშუპება;
- მუცლის ღრუ - გულისრევა, დიარეა;
- გულმკერდი - ხველება, სუნთქვის უკმარისობა, საყლაპავი მილის გაღიზიანება;
- თავკისერი - გემოვნების დაქვეითება, პირის ღრუს სიმშრალე, ლორწოვანი გარსის ანთება, კანის სიწითლე;
- ტვინი - თმის ცვენა, სკალპის სიწითლე;
- მენჯი - დიარეა, კრუნჩხვა, მომატებული შარდვა, ვაგინალური გაღიზიანება;
- პროსტატა - იმპოტენცია, საშარდო სიმპტომები, დიარეა;
- დაღლილობა ხშირი სიმპტომია დიდი მოცულობის დასხივების შემთხვევაში.
რადიოთერაპიის გუნდის შემადგენლობა მჭიდროდ ურთიერთთანამშრომლობს იმისთვის, რომ პაციენტმა მიიღოს უსაფრთხო და ხარისხიანი მკურნალობა.
გუნდის შემადგენლობა ასეთია:
- რადიაციული ონკოლოგი - ექიმი, რომელიც ნიშნავს და განაგებს რადიოთერაპიას;
- სამედიცინო ფიზიკოსი - უზრუნველყოფს რადიოთერაპიული პროცედურის ხარისხს. პასუხისმგებელია რადიაციული თერაპიის აღჭურვილობის კალიბრაციასა და სიზუსტეზე;
- დოზიმეტრისტი - რადიაციულ ონკოლოგთან და სამედიცინო ფიზიკოსთან შეთანხმებით ადგენს რადიაციული დასხივების გეგმას;
- რადიაციული ტექნიკოსი - ადმინისტრირებას უწევს პაციენტის ყოველდღიურ პროცედურას, რომ შედგენილი გეგმა განხორციელდეს დაგეგმილი სიზუსტით და შესაბამისად დოზით;
- რადიოონკოლოგიური ექთანი - ურთიერთობს პაციენტთან ან მისი ოჯახის წევრებთან კონსულტაციების, სხივური პროცედურის და მეთვალყურეობის პერიოდში.
რადიოთერაპიის ეტაპები
რადიოთერაპიის ეტაპები შედგება: კონსულტაციისგან, სიმულაციისგან, მკურნალობის დაგეგმვისა და ხარისხის უზრუნველყოფისგან.
რადიაციული ონკოლოგის კონსულტაცია
ჰისტომორფოლოგიურად დადასტურებული სიმსივნის დიაგნოზის შემდგომ, რადიაციული ონკოლოგი განიხილავს რამდენად მიზანშეწონილია რადიაციული თერაპია. ყველა რისკების გათვალისწინებით, დგება სამკურნალო მონახაზი, რომელიც რადიოთერაპიის მთელ გუნდთანაა კოორდინირებული.
სიმულაცია
სამკურნალო გეგმის მოსამზადებლად პაციენტს ათავსებენ სპეციალურ კომპიუტერულ ტომოგრაფზე. საფიქსაციო მოწყობილობების საშუალების დახმარებით ხდება პაციენტის პოზიციის შერჩევა, ისე რომ ყოველდღიური მკურნალობა იყოს კომფორტული და პაციენტმა მომდევნო დღეების განმავლობაშიც შეძლოს იმავე პოზიციის დაკავება, რაც პირველ პროცედურაზე. ხშირად სამიზნის ფორმირებისთვის, სამკურნალო კ.ტ. შერწყმულია მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფთან ან PET-თან.
მკურნალობის დაგეგმარება
ექიმი გადაღებულ კტ-ზე აკეთებს სამიზნე მოცულობისა და ყველა იმ რისკ–ორგანოს კონტურირებას, რომელიც დასხივების ველში ყვება. სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, სამედიცინო ფიზიკოსები ან დოზიმეტრისტები ადგენენ დასხივების დეტალურ გეგმას, ისე რომ მოხდეს ჯანსაღი ქსოვილების მაქსიმალური დაზოგვა. სამკურნალო გეგმა განიხილება რადიაციულ ონკოლოგთან.
უსაფრთხოება და ხარისხის კონტროლი
რადიოთერაპიის პროცედურისას ყველაზე დიდი ყურადღება ენიჭება უსაფრთხოებას. ყოველი პაციენტის სამკურნალო გეგმა გადის დეტალურ შემოწმებას. სამედიცინო ფიზიკოსი უზრუნველყოფს სამედიცინო ამაჩქარებლის სიზუსტეს და პაციენტისთვის განკუთვნილი დასხივების დოზის კორექტულობას. რადიაციული ონკოლოგი, დოზიმეტრისტი და სამედიცინო ფიზიკოსი ასევე ერთად განიხილავენ ხდება თუ არა კონკრეტული გეგმის ყოველდღიურად განხორციელება რადიაციული ტექნიკოსის მიერ მისაღები სიზუსტით.
რადიაციული დასხივების პროცედურა
რადიაციული დასხივება არსებობს ორი ტიპის - დისტანციური სხივური რადიოთერაპია და ინვაზიური რადიოთერაპია. დისტანციური სხივური თერაპია გულისხმობს სამედიცინო ამაჩქარებლის მეშვეობით მიღებული გარეგანი სხივით მკურნალობას, ხოლო ინვაზიურ რადიოთერაპიაში სიმსივნე სხივდება უშუალოდ წარმონაქმნში რადიაციის წყაროს შეყვანის გზით (Brachytherapy, IORT). დასხივების რაოდენობა იზომება Gy (გრეი) ერთეულით.
დისტანციური სხივური რადიოთერაპია
არსებობს დასხივების და დაგეგმარების სხვადასხვა მეთოდები: ორგანზომილებიანი დაგეგმარება (2D), სამგანზომილებიანი კონფორმული დაგეგმარება (Three Dimensional conformal, 3D CRT), ინტენსივობა მოდულირებული რადიოთერაპია (Intensity Modulated Radiation Therapy, IMRT), მოცულობა მოდულირებული არკ თერაპია (Volumetric Modulated Arc Therapy, VMAT RapidArc), გამოსახულებით მართული რადიოთერაპია (Image Guided Radiation Therapy, IGRT), სტერეოტაქსიური რადიოქირურგია (Stereotactic Radiosurgery, SRS), სხეულის სტერეოტაქსიური რადიოთერაპია (Stereotactic Body Radiation Therapy, SBRT), პროტონებით ან ელექტრონებით დასხივება (Proton, Electron Beams).
სამგანზომილებიანი კონფორმული დაგეგმარება (3D CRT)
დაგეგმარების ეს ტიპი ხშირად გამოიყენება ძუძუს, მკერდის, პალიატიური და დაბალი დოზებით მკურნალობის პროცესში. 3D CRT-ს დროს, დოზიმეტრისტი განსაზღვრავს რა ფიქსირებული მიმართულებებიდან და რა რაოდენობით მოხდება დასხივება. ამასთან, თითოეულ ველს აძლევს ფორმას კოლიმატორის ფურცლების საშუალებით (MLC).
ინტენსივობა მოდულირებული რადიოთერაპია (IMRT)
ეს არის რადიოთერაპიის დაგეგმარების ტექნოლოგიურად განვითარებული მიდგომა, რომლის დროსაც დოზის განაწილება ფორმით ერგება სამიზნეს. ამის საშუალებას გვაძლევს კოლიმატორის ფურცლები, რომელიც დასხივების რეჟიმში მოძრაობენ გარკვეული თანმიმდევრობით და უზრუნველყოფენ დოზის სასურველ განაწილებას. IMRT მიდგომა საშუალებას გვაძლევს სამიზნე მოცულობაზე უფრო მაღალი დოზის მიწოდებას, ჯანსაღი ქსოვილების უფრო მეტი დაზოგვით, ეს კი თავისთავად ნიშნავს განკურნების უკეთეს ალბათობას.
მოცულობა მოდულირებული არკ თერაპია (VMAT RapidArc)
ეს არის დასხივების ყველაზე თანამედროვე მიდგომა. მეთოდი IMRT-ს მსგავსად იყენებს დინამიურ MLC-ს, ანუ ველი ფორმირდება ოპტიმალურად. განსხვავება ისაა, რომ დასხივების მიმართულება არაა ფიქსირებული და უფრო მეტიც, მიმართულებაც კი ამავდროულად ოპტიმიზირებულია. ამის შედეგად მიიღება დოზის ყველაზე ჰომოგენური და კონფორმული განაწილება.
გამოსახულებით მართული რადიოთერაპია (IGRT)
გამოსახულებით მართვა გულისხმობს პაციენტის პოზიცირების ვერიფიცირებას მკურნალობის ყოველ ფრაქციაზე. დასხივების წინ ხდება პაციენტის რენტგენის სურათის (KV and MV imaging), ან კომპიუტერული ტომოგრაფის (CBCT) გადაღება, რომელიც მოწმდება ძირითად CT-სთან. ამ მხრივ შესაძლებელია პაციენტის პოზიცირება გეგმის მიხედვით 1მმ-იანი სიზუსტითაც კი. დღეს IGRT დისტანციური დასხივების სტანდარტული შემადგენელი ნაწილია, დაგეგმარების ტიპის მიუხედავად (3D, IMRT, VMAT RapidArc).
სტერეოტაქსიური რადიოქირურგია (SRS)
ეს არის სპეციალიზირებული რადიოთერაპიული პროცედურა, რომელიც გულისხმობს მცირე ზომის მკაცრად განსაზღვრული სამიზნეების უზუსტეს დასხივებას. როგორც წესი ეს მეთოდი გამოიყენება თავის ტვინზე და ტიპიურად მიეწოდება ერთ ფრაქციაში დიდი დოზით. რა თქმა უნდა ეს ურთულესი პროცესია და მოითხოვს IGRT-ის უმაღლეს სიზუსტეს, სპეციალურ საფიქსაციო მოწყობილობებს და დაგეგმვა/შესრულების უმაღლეს ხარისხს.
სხეულის სტერეოტაქსიური რადიოთერაპია (SBRT)
ეს არის SRS-ის მსგავსი პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს დასხივების რეგიონებს ცენტრალური ნერვული სისტემის მიღმა - ფილტვი, პროსტატა, ღვიძლი, პანკრეასი. როგორც წესი პროცედურა ტარდება 1-5 ფრაქციაში დიდი დოზით და მოითხოვს მაღალ სიზუსტეს და ასევე სპეციალურ საფიქსაციო მოწყობილობებს.
ბრაქითერაპია (Brachytherapy)
გულისხმობს წარმონაქმნის შიგნიდან დასხივებას რადიოაქტიური წყაროს იმპლანტირების გზით. 125I, 103Pd, 192Ir, 137Cs მთავარი გამოყენებადი წყაროებია. ბრაქითერაპიის უპერატესობა მდგომარეობს იმაში რომ რადიაცია აღწევს პირდაპირ წარმონაქმნის ქსოვილში, ამ მხრივ დოზის უზრუნველყოფა სამიზნეზე ხერხდება გარშემომყოფი ქსოვილების ყველაზე მინიმალური დასხივებით. მაღალი დოზის ინტენსივობის (High Dose Rate, HDR) ბრაქითერაპია დღეს ყველაზე აქტუალურია ინვაზიური ტიპის დასხივებაში. მისი მეშვეობით მაღალი ენერგიის ფოტონების წყარო სამიზნის დასხივებას ახდენს რამდენიმე წუთში და გამოიყენება გინეკოლოგიური, ძუძუს, პროსტატის და კანის დასხივებისას.
ინტრაოპერაციული რადიოთერაპია (Intra Operative RT)
ბრაქითერაპიის მსგავსად, დასხივება ხდება ინვაზიურად, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ეს პროცედურა ტარდება ქირურგიული ჩარევისას, სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ. დასხივების ეს მეთოდი, ისევე როგორც ბრაქითერაპია, ხელს უწყობს ეფექტური დოზის ზრდას, რაც ნიშნავს სიმსივნის უკეთეს ადგილობრივ კონტროლს და შესაბამისად, ზრდის განკურნების ალბათობას. გამოყენების რეგიონებია პანკრეასი, მუცლის ღრუ, კოლორექტალური, გინეკოლოგია, თირკმელი, სარკომები და სხვა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი ეტაპობრივად მოგაწვდით სასარგებლო და საინტერესო სტატიებს სხივური თერაპიის შესახებ.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტის პროფესიონალთა გუნდი თქვენს სამსახურში!
გისურვებთ ჯანმრთელობას!
რა აინტერესებთ პაციენტებს
კონსულტაცია ონკოლოგთან
კითხვა: გამარჯობათ, გავარკვიე დედაჩემის დაავადება და ეს არის ნათხემის ჭიის რეციდივული ასტროციტომა, საშიშია თუ არა ეს დაავადება, იკურნება თუ არა ეს დაავადება დედაჩემს გადატანილი დაავადება აქვს:ბავშვობის ინფექციური დაავადებები
ხალიდან მელანომამდე
კითხვა: გამარჯობა ათი წელია მაქვს ამ პერიოდის განმავლობაში მქონდა უმნიშვნელო ქავილი და მკვეთრი მოძრაობის დროს დაჭიმულობა .ეს ბოლო ხანები თითქოს გამუქდა და ოდნავ მოიმატა ზომაში ფორმა მრგვალია ოდნავ ქერცლიანი 6 7 მმ ზომის .სანამ ექიმს ვაჩვენებ გთხოვთ მიპასუხოთ შეიძლება რომ.ეს ხალი უკვე მელანომად იყოს გადაგვარებული გარედან არ ქონდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები და სხეულში იყოს ჩაზრდილი? ძალიან ვნერვიულობ
ონკოლოგია
კითხვა: მოგესალმებით, მაინტერესებს ონკოლოგიის მიერ დანიშნული პრეპარატი ჰიდრეა 500_ის ხანგრძლივი მიღება 2სტადიის ლეიკემიას თუ კურნავს.უკუჩვენებები მითხარით.hn43
მელანომა
კითხვა: გამარჯობათ წლების წინ გამიჩნდა ხალები ტანზე ყოველ წელს მემატება რომელიც მექავება ის იზრდება და მუქდება გთხოვთ ამიხსნათ მიზეზი და რომელ ექიმს მივაკითხო?
სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე
კითხვა: მაქვს სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე 1 სტადია გავრცელების პროცენტი მაქვს30 გავიკეთე ოპერაცია და ვიტარებ ქიმიოთერაპიას გთხოვთ ამიხსნათ რამდენად დაექვემდებარება მკურნალობას მითხრეს რომ გავრცელების პროცენტი მაღალია
ქიმიოთერაპია
კითხვა: ქიმიოთერაპიის დროს შესაძლებელია რომ თმა არ გასცვივდეს ადამიანს? და თუ ეს მოხდა ე.ი.ქიმიოთერაპია უშედეგოა?