ცოფი უმწვავესი ინფექციაა.
ინტერვიუში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- ცოფის გადაცემის გზები;
- ცოფის სიმპტომები;
- პირველადი გადაუდებელი დახმარება;
- ცოფის საწინააღმდეგო შრატის დანიშნულება.
ვირუსულ–ინფექციური დაავადება ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე შეუქცევადი დაზიანებით მიმდინარეობს და სამწუხაროდ, ფატალურად სრულდება.
როგორც წესი, ცოფს ყველაზე ხშირად ავრცელებენ ქუჩის ძაღლები და კატები. ასევე ინფექციის გამავრცელებელი შეიძლება იყოს მელა, მგელი, ღამურა, მღრღნელი. ცოფით შეიძლება დაავადდეს ცხენი, კურდღელი, დათვი, ლომი, ღორი, მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი.
ცოფი ადამიანს დაავადებული ცხოველის კბენით, ნაკაწრით ან ნერწყვით გადაეცემა. ინფიცირებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაშიც თუ სრულიად შემთხვევით დაავადებული ცხოველის ნერწყვი მოხვდა თვალის, ცხვირის ან პირის ღრუს ლორწოვანში. ვირუსი ორგანიზმის პერიფერიული ნერვული ბოჭკოებით ზურგის ტვინს გადაეცემა, შემდეგ თავის ტვინს და საბოლოოდ ცენტრალური ნერვული სისტემის მეშვეობით პერიფერიულ ნერვებსა და სხეულის სხვა ნაწილებს მოიცავს.
განსაკუთრებით საყურადღებოა ნაკბენი, ნაკაწრი თუ ნერწყვი თავის, სახის, კისრის, მტევნის, ხელისა და ფეხის თითების, გენიტალიების მიდამოში.
გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის რაბიოლოგიური სამსახურის რაბიოლოგი მაკა კუტალია.
– როგორ ამოვიცნოთ ცოფის სიმპტომები?
– ხშირად დაავადება იწყება ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციის სურათით, კერძოდ ვლინდება:
- საერთო სისუსტე;
- თავის ტკივილი;
- მაღალი ტემპერატურა.
პაციენტმა შეიძლება შენიშნოს ნაკბენი მიდამოს შეწითლება, უჩიოდეს წვასა და ტკივილს.
ამ სიმპტომებს თანდათან ერთვის უძილობა, გაღიზიანებადობა, ჰაერისა და წყლის შიში. ცოფით დაავადებულ ადამიანს წყლის დანახვისას ეწყება საყლაპავი და სასუნთქი კუნთების სპაზმი, გამოჰყოფს დიდი რაოდენობით ნერწყვს.
ბოლოს ვითარდება ბოდვა, ჰალუცინაციები, დამბლა. დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენიდან 7-8 დღეში კი პაციენტი იღუპება.
– ნაკაწრი უფრო საშიშია თუ ნაკბენი და რატომ?
– სახიფათოა როგორც ნაკბენი, ისე ნაკაწრი და დანერწყვა. გახსოვდეთ, რომ ცოფის ვირუსი ორგანიზმში არა მხოლოდ ჭრილობიდან, არამედ დაუზიანებელი ლორწოვანიდანაც აღწევს, მაგრამ რაც უფრო ღრმა, დიდი და მრავლობითია ნებისმიერი ლოკალიზების ნაკბენი ჭრილობა მით მეტად საშიშია!
საჭიროა დაუყოვნებლივი კომბინირებული ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რაც ორგანიზმში ცოფის ვაქცინის გარდა ანტირაბიული იმუნოგლობულინის შეყვანას გულისხმობს.
ძაღლის ნაკბენი ჭრილობა რაც არ უნდა დიდი ზომის იყოს, გარდა განსაკუთრებული სასიცოცხლო ჩვენებისა, 3 დღის განმავლობაში არ შეიძლება გაიკეროს. ეს იმიტომ, რომ ჭრილობის გაკერვით ნერვულ დაბოლოებებზე ცოფის ვირუსის მოხვედრის საუკეთესო პირობები იქმნება. 3 დღის შემდეგ ჩვეულებრივ შეიძლება ჭრილობის ანატომიური მთლიანობის აღდგენა.
– პირველი დახმარება ექიმთან ვიზიტამდე, რით დავეხმაროთ დაზარალებულს?
– პირველ რიგში ნაკბენი ადგილი უნდა ჩამოიბანოს საპნით და გამდინარე წყლით ან საპნიანი ხსნარით მრავალჯერადად. თუ ჭრილობა დიდია სასურველია სანაცია საპნიანი წყლის ჭავლით, მაგალითად, შპრიცის გამოყენებით. ეს პროცესი უნდა გრძელდებოდეს მინიმუმ 10–15 წუთი. შემდეგ ჭრილობა უნდა დამუშავდეს შესაბამისი ხსნარებით და დაეფინოს სტერილური საფენები.
თუ ჭრილობა სისხლმდენია მაშინვე არ შეაჩეროთ, რადგან სისხლდენისას ჭრილობიდან ცხოველის ნერწყვიც გამოიდევნება.
– ცოფის საწინააღმდეგო შრატი კბენიდან, ნაკაწრიდან რამდენ ხანში უნდა შეიყვანოთ ორგანიზმში, რამდენ საათშია ეფექტური?
– ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ, რათა ორგანიზმმა მოასწროს იმუნიტეტის გამომუშავება უფრო მოკლე დროში, ვიდრე ცოფის ვირუსი ჭრილობიდან ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას დაიწყებს.
სასურველია აცრის დაწყება არაუგვიანეს 14 დღისა, რადგან აცრა ცოფის მიმართ შეუვალობას ქმნის პირველი აცრიდან მხოლოდ 2-3 კვირის შემდეგ.
თანამედროვე გაიდლაინებით, აცრები უნდა დაიწყოს პაციენტის მომართვისთანავე და პარალელურად უნდა წარმოებდეს ცხოველზე დაკვირვება თუ ეს შესაძლებელია.
– ბევრი ფიქრობს, რომ ქუჩის ცხოველის ნაკაწრი და ნაკბენი საშიშია და ოჯახში მცხოვრები ძაღლის ან კატის ნაკბენი თუ ნაკაწრი არაფერია, ეს სწორია?
– დიახ, ბევრი ადამიანი ასე ფიქრობს და ძალიან ცდება. ნებისმიერი ძუძუმწოვარი ცხოველის ნაკბენი ქუჩაში ცხოვრობს თუ სახლში, საშიშია. გასათვალისწინებელია ერთი ფაქტი – ქუჩის ძაღლებსა და კატებში ცოფით დაავადების ალბათობა გაცილებით მაღალია, მაგრამ შინაური ცხოველის ნაკბენიც და ნაკაწრიც თუნდაც აცრილი იყოს, საშიშია და რაბიოლოგთან მიმართვას საჭიროებს.
– ავლენს თუ არა ცოფიანი ცხოველი რაიმე სიმპტომს?
– დიახ, ცოფით დაავადებულ ძაღლს აქვს გარკვეული ნიშნები, რომელიც ცხოველს ეწყება დაკბენიდან 12–20 დღეში. ცხოველს ეცვლება ქცევა: გაურბის ხალხს, ყმუის, არის უხალისოდ, ხშირად ბრაზობს, არ ჭამს, არ სვამს წყალს, შეიძლება გადაყლაპოს უჩვეულო ნივთები (ხის ნაჭერი, ჩვრები, ლურსმნები). 1–2 დღის შემდეგ ხდება აგრესიული, პირიდან სდის დიდი რაოდენობით ნერწყვი, დადის ბარბაცით, გარბის სახლიდან და ხშირად იკარგება, 2–3 დღის შემდეგ ეწყება დამბლა, მე–7 ან მე–8 დღეს კი კვდება.
დაავადების ნიშნების გამოვლენამდე 10 დღით ადრე ნერწყვი საშიშია, ვინაიდან ის უკვე შეიცავს ცოფის ვირუსს!
– როდის დგება ფატალური შედეგი და რა არის მიზეზი?
– დაავადებული ცხოველის მიერ დაკაწვრისა თუ დაკბენის შემთხვევაში, როცა პაციენტი დროულად არ მიმართავს რაბიოლოგიურ სამსახურს, შესაბამისად, არ იტარებს აცრას და დაემართება ცოფი აქ მედიცინა უკვე უძლურია.
მნიშვნელოვანია მკითხველმა კარგად გაიაზროს, რომ სიმპტომური ცოფი არ იკურნება. დღესაც კი თანამედროვე მედიცინას არ მიუგნია პრეპარატისთვის, რომლითაც შესაძლებელია უკვე დაავადებული პაციენტის გადარჩენა.
ცოფის თავიდან აცილების ერთადერთი გზა დროული აცრებია.
– ვაქცინა აცრიდან რამდენი ხანია აქტიური ორგანიზმში, აქვს თუ არა გვერდითი ეფექტი და რა ეკრძალება პაციენტს?
– ვაქცინა ორგანიზმში შეყვანიდან 2 კვირაში იწყებს ანტისხეულების გამომუშავებას, რომელიც ორგანიზმში 1 წელი რჩება, მაგრამ თუ პაციენტს ამ ერთი წლის მანძილზე კიდევ უკბენს ცხოველი ხელახლა უნდა მიმართოს რაბიოლოგს, რომელიც სიმპტომებიდან გამომდინარე შეარჩევს მკურნალობის კურსს. ხშირ შემთხვევაში, ასეთ დროს ცოფის საწინააღმდეგო აცრა ტარდება განმეორებით.
რაც შეეხება გვერდით მოვლენებს. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება აცრებიდან 1–7 დღის შემდეგ პაციენტმა შენიშნოს:
- ადგილობრივად შეწითლება, ქავილი;
- კვინკეს შეშუპება;
- ტემპერატურის მომატება;
- გამონაყარი;
- ძალიან იშვიათად ანაფილაქსიური რეაქცია.
ყველა ამ შესაძლო რისკის შესამცირებლად ან სრული პრევენციისთვის ინიშნება სათანადო რეჟიმი და დიეტა. პაციენტს პირველი აცრიდან 10 დღის განმავლობაში ეკრძალება ისეთი საკვების მიღება, რომელიც ალერგიულია (მჟავე და მწარე კერძები, კვერცხი, შოკოლადი, ყავა, ღორისა და ცხვრის ხორცი) და ინიშნება ანტიჰისტამინური პრეპარატი.
პაციენტს ეკრძალება გადაღლა, გადაძაბვა, მზეზე დიდხანს ყოფნა და 6 თვით ალკოჰოლის მიღება.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
რა აინტერესებთ პაციენტებს
სისხლის საერთო ანალიზი (სსა)
კითხვა: გამარჯობა.მაქვს სისხლის ანალიზში ასეთი ცლილებები:ლეიკოციტები WBC 9.61 ნორმა4.00 9.00 ჰემოგლობინი HGB15.2(12,2-14,7) მონოციტეები mono#0,62(0,08-0,11)ეოზონოფილებიeo%0,8(1,0-5,0)ედს28 რა პრობლემის მაჩვენებელია ეს მონაცემები დანარჩენი მონაცემი ნორმის ფარგლებშია
მედიკამენტის ანოტაცია
კითხვა: გამარჯობათ, ვარ 33წლის მაქვს სავარაუდო დიაგნოზი ძვლების ანთება მრტ კვლევის საფუზველზე,მაქვს გაუსაძლისი ტკივილი.ექიმმა დამინიშნა დიოქსაფლექსი ინექცია,ინსტრუქციის წაკითხვის შემდეგ ბევრი რამ ჩემთვის გაუგებარია.გთხოვთ,უფრო გასაგები ენით ამიხსნათ რა უკუ ჩვენება შეიძლება გამოიწვიოს ამ პრეპარატმა.
პროთეზი
კითხვა: მოგესალმებით. თქვენთან გაიკეთა იპერაცია მანაკაცმა 2017 წელს. თუ შეგიძლიათ დააკვალიანოთ ეს მამაკაცი პროთეზირებასთან დაკავშირებით. სად ამზადებენ? დაფინანსება როგორ მიიღოს და რა დოკუმენტაცია ჭირდება? მეორე ფეხიც პრობლემური აქვს და ნერვიულობს ისაც მოსაჭრელი რომ შეექნას როგორ გადაადგილდება. გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და დავაკვალიანოთ. ბოდიშს მოგახსენებთ.
გულჩვილობა ბავშვებში
კითხვა: გამარჯობა მყავს ათი წლის ბიჭი როცა თავის მართლება უწევს ან მართალია და უდანაშაულოდ აძაგებ, უმნიშვნელო წყენაზეც ცრემლები მოდის, რა შეიძლება იყოს ასეთი მგრძნობელობის მიზეზი?
ომეგა–3
კითხვა: მყავს 10 წლის შვილი,1000 მგ-იანი ომეგა-3 თუ შეიძლება მისთვის თუ დიდი დოზაა?
თირკმლის დონაცია
კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს როგორ ან სად უნდა დავრეგისტრილდე ოფიციალურად თირკმლის დონორად?