ართრიტი სახსრების ანთებაა.
ინტერვიუში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
პოპულაციაში ოსტეოართრიტის გავრცელება სხვადასხვა ეპიდემიოლოგიური მონაცემებით, საშუალოდ 10%–ს შეადგენს და სახსრების ანთებითი დაავადებების მეტი წილი ოსტეოართრიტზე მოდის.
რა არის ოსტეოართრიტი?
იგი წარმოადგენს სახსრის ქრონიკულ–დეგენერაციულ, მულტიფაქტორულ დაავადებას, რომელიც ხასიათდება ანაბოლურ და კატაბოლურ პროცესებს შორის წონასწორობის დარღვევით, რასაც საბოლოოდ მივყავართ შეუქცევად პროცესამდე, კერძოდ, ხრტილის დესტრუქციამდე (ნორმალური ანატომიური სტრუქტურის დარღვევა), ასევე სუბქონდრალური ძვლის, სასახსრე კაფსულის, სინოვიალური გარსების, იოგებისა და სახსრის ირგვლივ მდებარე კუნთების სტრუქტურულ ცვლილებებამდე.
წლების განმავლობაში მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ პათოლოგია ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში სახსრის ბუნებრივი ცვეთის შედეგია, თუმცა სამედიცინო სივრცეში დღეს ეს მოსაზრება ეჭვქვეშ დგება და მედიკოსები გარკვეულ რისკ–ფაქტორებზე საუბრობენ, რომელსაც თავის მხრივ დაავადების განვითარებაში გარკვეული წვლილი შეაქვს.
როგორც წესი, პათოლოგიის პირველი სიმპტომები 40–45 წელს გადაცილებულ პაციენტებში ჩნდება. უმეტესად ზიანდება მტევნის წვრილი, მუხლის, მენჯ–ბარძაყის სახსრები, ხერხემლის სვეტი.
გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის რევმატოლოგი თამარ ფარცვანია.
– როგორ ამოვიცნოთ ოსტეოართრიტის სიმპტომები?
– ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
- დაზიანებული სახსრის ტკივილი, რომელსაც პაციენტი შეიძლება უჩიოდეს უშუალოდ მოძრაობის დროს ან ატარებდეს „სასტარტო“ ხასიათს. თუმცა გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ ტკივილი მუდმივ ხასიათს ატარებს;
- შებოჭილობით, რომელიც მეტად გამოხატულია დილით, გაღვიძებისთანავე და გრძელდება დაახლოებით 10–15 წუთი;
- მოძრაობის შეზღუდვა სახსარში, მანევრირება მტკივნეული და შეზღუდულია, მოძრაობა ვერ ხორციელდება სრული ამპლიტუდით;
- კრეპიტაცია – ძვლოვანი წანაზარდების ფორმირება სახსარში, ე.წ. „ოსტეოფიტები“, რაც სახსარში „ტკაცუნის“ შეგრძნებას განაპირობებს;
- შესიება, რომელიც განპირობებულია პერიარტიკულარული, ანუ სახსრის გარშემო არსებული რბილი ქსოვილების ანთებით.
– რა იწვევს ამ დაავადებას?
– სამწუხაროდ, პათოლოგიის განვითარების ზუსტი ეტიოლოგიური ფაქტორი უცნობია, თუმცა ხელშემწყობ მიზეზთაგან აღსანიშნავია:
- ხანდაზმული ასაკი;
- მდედრობითი სქესი;
- ჭარბი წონა;
- ტრავმა;
- მძიმე ფიზიკური დატვირთვა;
- ძვლის თანდაყოლილი სტრუქტურული დეფექტები;
- ოჯახური ანამნეზი (გენეტიკური ფაქტორი);
- თანდაყოლილი და შეძენილი მეტაბოლური დაავადებები.
– რას გვეტყვით დიაგნოსტირების მეთოდებზე?
– სწორი დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია ანამნეზის შეკრება, სუბიექტური და ობიექტური მონაცემების შეჯამება, ინსტრუმენტული კვლევების ჩატარება, რომელთა შორისაც აღსანიშნავია სახსრების რენტგენოგრაფიული კვლევა, რომელიც ამავდროულად მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრაში გვეხმარება. მისი მეშვეობით შეგვიძლია დავგეგმოთ მედიკამენტური ან ქირურგიული მკურნალობის გზები კონკრეტული კლინიკური შემთხვევის შესაბამისად. ასევე მნიშვნელოვანია სახსრების მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია, რომელიც გვეხმარება სახსრის ტკივილის მიზეზის დამატებითი დეტალების გამოვლენაში და წარმოდგენას გვიქმნის სახსარში შემავალი მყეს–კუნთოვანი და იოგოვანი აპარატის მდგომარეობაზე.
– როგორ მკურნალობთ?
– მკურნალობის ორი გზაა: კონსერვატიული და ქირურგიული. მკურნალობის ორივე მეთოდის მიზანი დაზიანებული სახსრის მობილობის გაუმჯობესება, გამწვავების პრევენცია, უწყვეტი პროცესის პროგრესირების შეფერხება, ტკივილის შემსუბუქება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.
– რა უნდა გაითვალისწინოს ოსტეოართრიტით დაავადებულმა პაციენტმა, ანუ როგორი უნდა იყოს მისი ცხოვრების სტილი?
– უკვე დიაგნოსტირებულ კლინიკურ შემთხვევაშიც და ამ დაავადების პრევენციის მიზნითაც რეკომენდებულია:
- ცხოვრების ჯანსაღი წესი;
- ზომიერი ფიზიკური დატვირთვა;
- სამკურნალო–გამაჯანსაღებელი ვარჯიშები;
- ფიზიოპროცედურები;
- ცურვა.
– რატომ გვტკივა მუხლები, რა არის მუხლის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზი?
– პაციენტები მუხლის ტკივილის სამკურნალოდ ხშირად მომმართავენ. გონართროზი, ანუ მუხლის სახსრის ოსტეოართრიტი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, აქედან გამომდინარე იგი იკავებს მოწინავე რიგს ოსტეოართრიტებს შორის. ამ დიაგნოზით ავადობის მაღალი მაჩვენებელი არაა გასაკვირი, რადგან მუხლის სახსარი განიცდის მძიმე ფიზიკურ დატვირთვას, რომელსაც თან ზემოთ წარმოდგენილი მიზეზებიც ერთვის.
აღნიშნული პათოლოგია წარმოადგენს პროგრესირებად და შეუქცევად დეგენერაციულ პროცესს – მკურნალობის მთავარი მიზანი სახსრის ფუნქციონირების გაუმჯობესებისა და ტკივილის კუპირების (ტკივილის მოხსნა) ხარჯზე შრომისუნარიანობის ამაღლებაა.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
რა აინტერესებთ პაციენტებს
სახსრის ტკივილი
კითხვა: მაწუხებს მარჯვენა ფეხის ტკივილი,მტეხავს.მთლიანად სახსარი.რა შეიძლება გავაკეთო
რევმატოიდული ართრიტი
კითხვა: გამარჯობა დედაჩემს აწუხებს ქრონიკულად სახსრების ანთება. აქვს ხერხემლის გამრუდება .გულმკერდის დიაფრაგმა.რა მედიკამენტი შეიძლება მიიღოს აქვს საშინელი ტკივილი ფეხების და მარჯვენა ხელის
რევმატიული ტკივილები
კითხვა: ვარ 39 წლის მყავს 2 შვილი , ძალიან მაწუხებს სახსრები მშობიარობის შემდეგ უფრო, მაქვს წნევები ვიღებ მარეგულირებელს რა თქმა უნდა ექიმის გამოწერილს. შეიძლება თუ არა ეს იყოს კალცის ნაკლებობით გამოწვეული რადგანაც კბილებიც მემტვრევა ადვილად, რა შეიძლება ამ დროს კალცის პრეპარატი თუ შეიძლება მირჩიეთ.
სახსრების ტკივილი
კითხვა: მაწუხებს სახსრები და ექიმთან მიუსვლელად რა შეიძლება გავაკეთო რომ ეს მუხლის ტკივილი ამილაგდეს, (ჩაკუზვას მიშლის) მირჩიეთ რაიმე საშუალება
რევმატოიდული ართრიტი
კითხვა: გამარჯობა.შეკითხვა გვაქ თქვენთან .მკლავი მტკივა არანაირი სიმძიმე დაჭიმულობა მიმიღია უბრალოდ ერთი დღე ვდგები და ვატყობ იდაყვთან მტკივა .ხელის გაშლა მიჭირს სიმძიმის აღებაზე მტკივა.ვატყობ მტევანთან ცოტა შემისივდაა
პოლიართრიტი
კითხვა: ძალიან მტკივა მკლავები ხელები. მისივდება მიბუჯდება ღამით და დღისით მტკივა. ძალა აღარ მაქვს ...შედარებით ძალიან ნაკლები მაქვს ვიდრე თუნდაც ერთი წლის წინ.მკლავებს რომ ვატრიალებ მაღლა დაბლა ბეჭებში ისეთი ტკაცუნია მეზობელს ესმის ლამის... 8 წლის წინ ვარ ნაოპერაციევი ამომკვეთეს საშვილოსნო თავის დანამატებით. ...სხვა არაფერს ვუჩივი ამ დრომდე გარდა ამისა... მეშველება რამეეე... ვენების ვარიკოზ. ღრმა ვენების .ვღებულობ დეტრალეკს...