რა სიმპტომები ახასიათებს ფილტვების ანთებას და რას ნიშნავს მოსიარულე პაციენტთა უსიცხო პნევმონია?

რა სიმპტომები ახასიათებს ფილტვების ანთებას და რას ნიშნავს მოსიარულე პაციენტთა უსიცხო პნევმონია?

ფილტვების ანთება (სამედიცინო ენაზე პნევმონია) ძალიან სახიფათო პათოლოგიაა და ხანგრძლივ მედიკამენტურ თერაპიას საჭიროებს.

ინტერვიუში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

ექიმთან დაგვიანებით მიმართვამ ან თვითმკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის, სუნთქვის და ღვიძლის უკმარისობა, ინფექციურ-ტოქსიკური შოკი, თირკმლის უკმარისობა და სხვა.

ყველა სიმპტომი საყურადღებოა – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ფილტვების ანთება შედის იმ 10 ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიასა თუ დაავადებას შორის, რომელიც დროული და სათანადო მკურნალობის კურსის გარეშე ფატალურად სრულდება.

პნევმონია ალვეოლისა (ფილტვის ბუშტუკი, რესპირატორული სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი) და ტერმინალური სასუნთქი გზების ანთებაა, რომელიც გამოწვეულია ინფექციური აგენტის ჰემატოგენური ან ინჰალაციური გზით ფილტვებში მოხვედრის გამო და ხასიათდება მწვავე რესპირაციული სიმპტომებით.

დაავადებას იწვევს სხვადასხვა ბაქტერია და კერძოდ: პნევმო, სტაფილო და სტრეპტოკოკები, კლებსიელა, ზოგჯერ ნაწლავის ჩხირი, ფსევდომონა, ლეგიონელა, შავი ჭირის ჩხირი, ზოგიერთი ვირუსი, მიკოპლაზმა, სოკო.

დაავადების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვირუსულ–ბაქტერიული ასოციაციები.  

გამომწვევი ფილტვის ქსოვილში აღწევს ბრონქოგენური, ჰემატოგენური და ლიმფოგენური გზით, როგორც წესი, ზედა სასუნთქი სისტემიდან.  

გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის პულმონოლოგი ლალი ცირდავა.

რა სიმპტომებით ხასიათდება ფილტვების ანთება?

 პნევმონია შესაძლოა, ხასიათდებოდეს ანთების ძირითადი სიმპტომებით:

  • ცხელება შერწყმული ქოშინთან;
  • ნახველის გამოყოფა და/ან ტკივილი  გულმკერდის არეში;
  • საერთო სისუსტე;
  • დაღლილობა;
  • ღამით ძლიერი ოფლიანობა.

pnevmoni-filtvis-anteba-da-antebiti-procesebi

კლასიკურ ობიექტურ სიმპტომებს წარმოადგენს:

  • პერკუსიული ხმიანობის შესუსტება;
  • ლოკალურად ბრონქული სუნთქვა;
  • წვრილბუშტუკოვანი ხიხინი ან კრეპიტაცია;
  • ბრონქოფონიის გაძლიერება.

filtvebis-anteba-pnevmonia-piltvebis-anteba

 პაციენტთა რომელი კატეგორიაა განსაკუთრებული რისკის ქვეშ?

 განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან: მწეველები, ალკოჰოლზე დამოკიდებულები, ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლები, გულმკერდის პათოლოგიური განვითარების ან ტრავმის მქონე ადამიანები, პირები, რომელთაც გული ან სხვა რომელიმე ორგანო დაავადებული აქვთ, პაციენტები, რომლებიც ქრონიკულ დეპრესიასა და სტრესში იმყოფებიან. ასევე განსაკუთრებული ყურადღება მართებთ პირებს, ვისი იმუნური სისტემაც დაქვეითებულია გრიპის, ქიმიოთერაპიის ან აივ ინფექციის გამო.

როგორც წესი, ფილტვების ანთება (პნევმონია) რთულად გადააქვთ პაციენტებს, რომლებიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა დაავადების გამო მწოლიარე რეჟიმში იმყოფებიან.

გასათვალისწინებელია ასაკობრივი ჯგუფიც, მაგალითად, 3 წლამდე ბავშვები და 60 წელს გადაცილებული ადამიანები.

ასევე რისკ-ჯგუფს შეადგენენ:

  • ორსულები;
  • შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები;
  • ჭარბწონიანები;
  • იმუნოდეფიციტის მქონე პირები;
  • პაციენტები გულის უკმარისობით;
  • ვისაც ფილტვის ქრონიკული დაავადება აქვს;
  • ასთმით დაავადებულები.

იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ გართულება რეკომენდებულია: ვაქცინაცია, ჰიგიენის წესების დაცვა (ხელების რეგულარულად დაბანა), თამბაქოზე უარის თქმა, იმუნურ სისტემაზე ზრუნვა მშვიდი ძილით, ვარჯიშითა და სწორი კვებით.

- რითი ხასიათდება პნევმონიის გართულება?

- პნევმონია (ფილტვების ანთება) შესაძლოა გართულდეს, რომლის დროსაც თავს იჩენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა:

  • პლევრული გამონადენი;
  • პლევრის ემპიემა;
  • ფილტვის ქსოვილის დესტრუქცია;
  • რესპირატორული დისტრეს-სინდრომი;
  • სუნთქვის მწვავე უკმარისობა;
  • სეპტიკური შოკი;
  • მეორადი ბაქტერიემია;
  • სეფსისი;
  • პერიკარდიტი;
  • მიოკარდიტი;
  • ნეფრიტი;
  • ჩირქოვან-დესტრუქციული გართულება.

- რა არის პლევრის ემპიემა?

- ეს არის იგივე ჩირქოვანი პლევრიტი და მისთვის დამახასიათებელია ჩირქის დაგროვება პლევრის ღრუში, ძირითად გამომწვევებს კი, მიეკუთვნება ანაერობები შერწყმული გრამ-უარყოფით ბაქტერიებთან.

დაავადებამ, შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი პათოლოგიები, როგორიცაა:

  • პლევრული  გამონადენი;
  • ფილტვის ქსოვილის დესტრუქცია ან აბსცედირება;
  • მწვავე რესპირაციული დისტრეს-სინდრომი;
  • სუნთქვის მწვავე უკმარისობა;
  • მეორადი ბაქტერიემია;
  • პერიკარდიტი.

- რას გვეტყვით ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ფილტვების ანთების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდებზე?

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დიაგნოზის სწორად დასმისა და მკურნალობისათვის ყველა საჭირო პირობაა დაცული, ვხელმძღვანელობთ თანამედროვე გაიდლაინებით. იმ შემთხვევაში თუ ეჭვს ფილტვების ანთებაზე მივიტანთ, ტარდება გულმკერდის „Ro“ გრაფიული, სისხლის საერთო და ბიოქიმიური გამოკვლევა, ნახველის ნაცხის ანალიზი მეორეულ ფლორაზე და ანტიბიოტიკოგრამა. რთულ კლინიკურ შემთხვევებში საჭირო ხდება გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია და ბრონქოსკოპია.

დაავადების დიაგნოსტირების დროს ინიშნება მკურნალობის ინდივიდუალური კურსი.

- შესაძლებელია თუ არა ფილტვების ანთების მკურნალობა სახლის პირობებში?

- ფილტვების ანთება თუ დააკმაყოფილების გარკვეულ კრიტერიუმებს, შესაძლებელია მისი მკურნალობა სახლის პირობებშიც. თუმცა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჰოსპიტალიზაციის საჭიროების განსაზღვრას, რისთვისაც გამოიყენება რიგი კლინიკურ-ლაბორატორიული შკალები, რათა დადგინდეს პნევმონიის სიმძიმე და პროგნოზი. ყველაზე ინფორმაციული შკალაა  CURB-65 (confusion – ცნობიერების დარღვევა, uremia – ურემია, respiratory rate – სუნთქვის სიხშირე, low blood pressure – დაბალი არტერიული წნევა, age 65 years or greater – 65 წელს ზევით ასაკი. მასში შედის 20 კლინიკური და ლაბორატორიული პარამეტრი, რომლითაც დგინდება თუ რა სიმძიმისაა პნევმონია. ამ მეთოდის საშუალებით, გამოირიცხება ლეტალობის პროგნოზი და განისაზღვრება, პაციენტის სამკურნალო ადგილი.

ასევე, ლეტალობის რისკის პროგნოზირება შესაძლებელია PSI (pneumonia severity index – პნევმონიის სიმძიმის შკალით. თუმცა, აუცილებელია მთელი რიგი კლინიკურ-ლაბორატორიული და ბიოქიმიური ისეთი პარამეტრები, როგორიცაა:

  • შარდის საერთო ანალიზი;
  • ნატრიუმის განსაზღვრა;
  • გლუკოზის განსაზღვრა;
  • ჰემატოკრიტი;
  • არტერიული სისხლის PH.

რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსით  გამოწვეული პნევმონიის შესახებ და რა პროტოკოლით ხელმძღვანელობთ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?

–კორონავირუსის ინფექციამ, მძიმე შემთხვევებში შეიძლება, გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება ან პნევმონია, შედარებით იშვიათ შემთხვევებში დაავადება სასიკვდილოა.

უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ პაციენტი შესაძლოა იყოს ასიმპტომური, ანუ დაავადება მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ, თუმცა იყოს COVID-19 ინფექციის გადამტანი.

ასეთ შემთხვევაში, ზედა სასუნთქი გზების დაზიანების დროს, ლაბორატორიულ მაჩვენებლებში გამოხატულია პათოლოგიის თანმდევი სხვადასხვა ფაქტორი:

  • ლეიკოპენია;
  • ლიმფოპენია;
  • ჰიპერტრანსამიანაზემია.

ასევე, დაავადებულ პაციენტებს,   შესაძლოა აღენიშნებოდეთ კონფუზია და ფონური, ქრონიკული დაავადებების გაუარესება.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ფილვების ანთების ყველაზე ხშირი გამომწვევია Streptococcus pneumoniae (ცნობილი როგორც პნევმოკოკი), რომელიც ითვლება ტიპური ბაქტერიული პნევმონიის პროტოტიპად.

თუ დაავადება, ჩვეულებრივ განპირობებულია ბაქტერიული ინფექციით, მნიშვნელოვანია ანტიმიკრობული თერაპიის დროული დაწყება, რაც მთავარი პროგნოზული ფაქტორია.

ასეთ შემთხვევაში, პაციენტის მკურნალობა შესაძლებელია სტაციონარში, თერაპიულ განყოფილობაში.

CURB-65  კვლევის შედეგების შესაბამისად, თუ გამოიხატება თერაპიის კორეგირების საჭიროება  და სპეციფიკურ პათოგენეზზე ფოკუსირება, ასევე არ არის დამაკმაყოფილებელი კლინიკური სტაბილურობის ისეთი კრიტერიუმები, როგორცაა:

  • ტემპერატურა ≤ 37,8◦C;
  • გულისცემის სიხშირე ≤ 100/წუთში;
  • სუნთქვის სიხშირე ≤ 24/წუთში;
  • სისტოლური არტერიული წნევა ≥ 90 მმ ვწყ სვ;
  • პერორალური მედიკამენტების მიღების შესაძლებლობა;
  • ნორმალური მენტალური სტატუსი.

ამასთანავე, თუ პაციენტს აღენიშნება CURB-65 სქემით პნევმონიის არასასურველი გამოსავლის ერთი პროგნოზული ნიშანი, პროტოკოლის მიხედვით,  მდგომარეობას განმეორებით ვაფასებთ  საწყისი შეფასებიდან 24 საათის შემდეგ.

სამთავრობო დადგენილების მიხედვით, ყველა პაციენტს, პნევმონიის დიაგნოზის დასმისას, სავალდებულოდ უტარდება PCR (პჯრ) კვლევა COVID-19-ის დიაგნოსტირების მიზნით. დადასტურების შემთხვევაში, პაციენტი გადადის კოვიდის სპეციალიზირებულ კლინიკაში, ხოლო გამორიცხვის შემთხვევაში, მკურნალობს ჩვენი კლინიკის შესაბამის სტაციონარულ განყოფილებაში.

განკურნების შემდეგ პაციენტები უჩივიან თუ არა გარკვეულ დისკომფორტს და ხომ არ უწევთ ფილტვზე განსაკუთრებული ზრუნვა?

მკურნალობის დასრულების შემდეგ, პაციენტები არ უჩივიან ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ფილტვების ანთებით ხშირად მოავადე პაციენტებს ვთავაზობთ სრულ გამოკვლევას იმუნიტეტის დაქვეითების მიზეზის დადგენის მიზნით.  

რას ნიშნავს საზოგადოებაში გავრცელებული ე.წ. უსიცხო ფილტვების ანთება?

ხანდაზმულ და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, ფილტვების ანთების დროს, ზოგჯერ მხოლოდ მწირი სიმპტომები ან უმნიშვნელო ცხელება აღენიშნებათ. მსგავს შემთხვევებში ყურადღებას იპყრობს დაავადების ზოგადი სიმპტომები (სისუსტე, წნევის დაქვეითება, გულის რიტმის დარღვევა). მხოლოდ ფილტვის მოსმენით ვლინდება პნევმონიის ნიშნები და ფაქტობრივად, რენტგენოლოგიური კვლევა ადასტურებს დიაგნოზს. ახალგაზრდა პაციენტებსაც შეიძლება განუვითარდეთ პნევმონია მკვეთრი კლინიკური სურათის გარეშე. უფრო მეტიც, პაციენტი თავს ცუდად არ გრძნობს, ჩვეულ საქმიანობას არ წყვეტს, შესაბამისად, ვერ აცნობიერებს საფრთხეს და ექიმსაც არ მიმართავს. ამ კლინიკურ შემთხვევებში პნევმონიის დიაგნოსტირება სრულიად შემთხვევითია. ამ დროს პულმუნოლოგები ვამბობთ, რომ პაციენტმა ფილტვების ანთება ფეხზე გადაიტანა. უცხოელი კოლეგები ამ მდგომარეობას „მოსიარულე პაციენტთა პნევმონიას“ უწოდებენ. როგორც წესი, სტატისტიკურად, ფილტვების ანთების მსგავსი ფორმა ხშირია მოსწავლეებსა და ახალგაზრდებს შორის და გამომწვევი მიზეზი მიკოპლაზმაა (მიკროორგანიზმი).  

გისურვებთ ჯანმრთელობას!


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად