ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ჰემოფილიის მსოფლიო დღე აღინიშნა

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ჰემოფილიის მსოფლიო დღე აღინიშნა

ქირურგიის ეროვნული ცენტრი ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აქციას შეუერთდა.

ეს მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნა ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“.

ჰემოფილიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ჩატარდა კონფერენცია. პრეზენტაციას უძღვებოდა საქართველოს ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის პრეზიდენტი და ქირურგიის ეროვნული ცენტრის ჰემოფილიის ცენტრის კოორდინატორი რომანოზ ხომასურიძე.

ბატონმა რომანოზმა წარმოგვიდგინა პრეზენტაცია სახელწოდებით „ჰემოფილია გუშინ და დღეს საქართველოში“.

დამსწრე საზოგადოების წინაშე პრეზენტაციით „ჰემოფილიის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები“ წარსდგა ჰემოფილიისა და თრომბოზის ცენტრის ხელმძღვანელი, ჰემატოლოგი ლევან მახალდიანი.

მოწვეულ სტუმრებთან ერთად კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები.

კონფერენციის დასრულების შემდეგ, ჰემოფილიით დაავადებული ბავშვებისთვის, ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და „ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის“ ორგანიზებით მოეწყო ექსკურსია თბილისში. ექსკურსიის შემდეგ სტუმრებმა გადაინაცვლეს ბავშვთა გასართობ ცენტრში. ღონისძიება დაგვირგვინდა საზეიმო ვახშმით. ბავშვებს სამახსოვროდ დაურიგდათ ჰემოფილიის მსოფლიო დღის ლოგოთი გაფორმებული მაისურები.     

მას შემდეგ, რაც ქირურგიის ეროვნულ ცენტრს ჰემოფილიის პროგრამის განხორციელების უფლება მიენიჭა, მკვეთრად გაიზარდა ბენეფიციართა მკურნალობისა და შესაბამისად, ცხოვრების ხარისხი. საჭიროების შემთხვევაში მათ ჯანმრთელობაზე ზრუნავს ყველა პროფილის ექიმი. ამ ფაქტს მუდმივად  მადლიერებით აღნიშნავენ ჰემოფილიით დაავადებულები.   

ჰემოფილია სისხლის მძიმე თანდაყოლილი და ჯერჯერობით განუკურნებელი დაავადებაა, რომელიც სიცოცხლის მანძილზე საჭიროებს მკურნალობას, პერიოდულად ანტიჰემოფილური ფაქტორ–კონცენტრატების გადასხმას.

ფაქტორ–კონცენტრატი სისხლის შემადედებელი პრეპარატია, რომელიც ჰემოფილიით დაავადებული ადამიანის სიცოცხლისთვის არის აუცილებელი. ამ დაავადების მქონე პაციენტებს აქვთ სისხლის შედედების დარღვევები და სისხლდენისკენ არიან მიდრეკილნი. განასხვავებენ დაავადების მძიმე, საშუალო და მსუბუქ ფორმებს. ჰემოფილიას ხშირად ახასიათებს ჰემატომური ტიპის სისხლდენა, თუმცა სისხლდენა შესაძლებელია განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ორგანოში, ძლიერი, მასიური და მტკივნეული სისხლჩაქცევებითა და სისხლდენებით – სახსრებში, კუნთებსა და სხვა ორგანოებში.

საქართველოში ჰემოფილიითა და სხვა სისხლდენითი დაავადებით აღრიცხვაზე იმყოფება 380–ზე მეტი ადამიანი.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი სამედიცინო მომსახურეობას უწევს ჰემოფილიით დაავადებულებს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი მულტიპროფილური კლინიკაა, სადაც მკურნალობა და დიაგნოსტირება უახლესი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე სტანდარტებით ტარდება.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართიქალაქი თბილისიდიღომიჩაჩავას N5;

 

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19 ან 2 02 25 25;

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!