სიმსივნით გამოწვეული სისხლდენა პირის ღრუდან

სიმსივნით გამოწვეული სისხლდენა პირის ღრუდან

უიშვიათესი პათოლოგიით დაავადებული პაციენტის გადარჩენილი სიცოცხლე

ინტერვიუში თქვენ გაეცნობით:

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში 112–ის გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით შემოიყვანეს ქალბატონი, რომელიც ჩივილებს მდგომარეობის სიმძიმის გამო ვერ გადმოსცემდა. როგორც ოჯახის წევრებმა განმარტეს, მას 2020 წლის იანვარში დაუდგინდა ენის გვერდითი ზედაპირის IV სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე, მეტასტაზები კისრის ლიმფურ კვანძებში მარჯვნივ და ნიკაპქვეშა არეში. ჩვენს კლინიკაში შემოსვლამდე რამდენიმე კვირით ადრე მას ონკოლოგიური კუთხით ოპერაცია უკვე გაკეთებული ჰქონდა და მოულოდნელად, კლინიკაში შემოსვლის დღეს, სახლში პირიდან  სისხლდენა დაეწყო. ამ შემთხვევის შესახებ ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – გიორგი ეგუტიძე გვესაუბრება:

რა სიმპტომებით შემოვიდა პაციენტი კლინიკაში და რამდენად რთული იყო მისი მდგომარეობა?

პაციენტს აღენიშნებოდა სიმსივნე სახის მიდამოში და მეტასტაზები კისრის არეში, რის გამოც რამდენიმე კვირის წინ ქირურგიული ჩარევით ენის ნაწილობრივი რეზექცია (მოკვეთა) ჩაუტარდა. კლინიკაში შემოყვანის დღეს, მას სახლში გამოუვლინდა აქტიური სისხლდენა პირის ღრუდან, რომლის შეჩერებაც ვერაფრით მოახერხეს და საბოლოოდ, პაციენტი ჩვენს კლინიკაში გადმოიყვანეს და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში მოათავსეს. პირიდან სისხლდენის შეჩერების კიდევ ერთი უშედეგო მცდელობის შემდეგ, რადგან იგი დიდი ოდენობით სისხლს კარგავდა და ღია წესით სისხლძარღვების გადაკეტვა შესაძლოა ლეტალური შედეგით დასრულებულიყო, სასწრაფოდ მიღებულ იქნა ენდოვასკულარულად ჩარევის გადაწყვეტილება.

უფრო ზუსტად რომ გვითხრათ, რა მანიპულაციები ჩატარდა ოპერაციის პროცესში?

ქალბატონს მთელი კისრის მიდამო და პირის ღრუ სავსე ჰქონდა სისხლის კოლტებით, პარალელურად არ ჩერდებოდა სისხლდენა. ოპერაციის პროცესში კონკრეტულად გარეთა საძილე არტერიისა და მისგან გამომავალი ტოტების (სისხლძარღვების) ემბოლიზაცია განხორციელდა ქოილების დახმარებით. რამაც საბოლოოდ, იმოქმედა შედეგზე, რადგან ძალიან დიდი რისკი იყო ოპერაცია ლეტალური შედეგით დასრულებულიყო. შეინიშნებოდა სიმსივნური წარმონაქმნი კისრის მიდამოში, პირის ღრუსა და ქვედა ყბის არეში. საკმაოდ რთული და მასშტაბური ოპერაცია ჩატარდა, გაკეთდა ტრაქეოსტომული მილი და პლასტიკა. დღეის მდგომარეობით შეიძლება, თამამად ითქვას, რომ პაციენტი გადავარჩინეთ და უკვე დაუბრუნდა პირვანდელ მდგომარეობას. მისი დაკაგვის საშიშროება ოპერაციის პროცესშიც იყო, რადგან სისხლი საკმაოდ მსხვილი კალიბრის, მაგისტრალური სისხლძარღვებიდან ჩქეფდა. აქედან გამომდინარე, მას სისხლიც გადავუსხით.

კლინიკაში მოყვანამდე პაციენტს რამდენიმე კვირით ადრე ონკოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა... მისი მდგომარეობის გართულების მიზეზი პოსტოპერაციული გართულება ხომ არ გახდა?!

– არა, ეს ოპერაციის შემდგომი გართულების ბრალი არ გახლდათ. ეს ყველაფერი მისმა ზოგადმა დიაგნოზმა და მდგომარეობამ განაპირობა. თუნდაც, ამ სისხლძარღვების დაზიანება ონკოლოგიურმა დაავადებამ გამოიწვია. ამ პათოლოგიამ კი, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ქსოვილების დაზიანების გარდა სისხლძარღვებიც დააზიანა, რამაც შეუჩერებელი სისხლდენა გამოიწვია!

როგორც თქვით, სისხლძარღვების ემბოლიზაცია ქოილის დახმარებით შეძელით... დეტალურად განგვიმარტეთ რას ნიშნავს ეს და რა სახის აპარატებს იყენებთ ოპერაციისას?

ქოილი სპეციალური სპირალია, რომელიც კონკრეტულ სისხლძარღვზე დამიზნებით და ჩხვლეტით ფეხიდან შესვლისა და სისხლდენის ლიკვიდირების შესაძლებლობას გვაძლევს. ასევე, ოპერაციაში დაგვეხმარა იაპონური წარმოების SHIMADZU–ს ფირმის ორმკლავიანი ანგიოგრაფი – Trinias B12. ეს არის ამიერკავკასიაში ექსკლუზიური აპარატი, რომლითაც უნიკალურ ოპერაციებს ვატარებთ. ანგიოგრაფის დახმარებით, ერთი საკონტრასტო ნივთიერების შესვლის შედეგად ორ გამოსახულებაში ვმუშაობთ, როგორც პირდაპირ, ისე გვერდით პროექციაში. რაც შეეხება ოპერაციებისათვის საჭირო მასალას, კლინიკა ამის უდიდეს მარაგს ფლობს, რაც ნებისმიერი სირთულის ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობას გვაძლევს. აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი სირთულის ოპერაციების ჩატარება მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებს ძალუძთ პროფესიონალი ექიმების გუნდით, შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიების დახმარებით!

როგორია პაციენტის ამჟამინდელი მდგომარეობა?

– ქალბატონი ამ ეტაპზე უკვე სტაბიულურადაა, მისი დინამიკური მაჩვენებლები ნორმაშია და სისხლდენაც შეჩერებულია. კონტაქტურია, ოთხივე კიდურში მოძრაობა აქვს, აბსოლუტურად ცნობიერია და ინსტრუქციებს ასრულებს. მოკლედ, იგი უკვე დაუბრუნდა ნორმალურ მდგომარეობას, ახლა უკვე თავად მის ორგანიზმზეც ბევრია დამოკიდებული. კლინიკაში დაახლოებით 4–5 დღეს კიდევ დაჰყოფს და შემდეგ გაეწერება.

გისურვებთ ჯანმრთელობას!


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად