როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

ადამიანისთვის იმუნური სისტემა უმნიშვნელოვანესია, რადგან იგი ბიოლოგიური ფილტრის ფუნქციას ასრულებს და გვიცავს დაავადების გამომწვევი არაერთი მიკრობისაგან

ზოგადად, ორგანიზმს იმუნიტეტის ასამაღლებლად ესაჭიროება მიკროელემენტები და ცილები, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაბალანსებულ კვებას. ისეთი მსოფლიო პანდემიის პირობებში კი, როგორიცაა კორონავირუსი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ მის სტაბილურობას.

აუცილებელია ისეთი მინერალური ნივთიერებების საკმაო რაოდენობით მიღება, რომლებიც შეიცავს სპილენძს, იოდს, თუთიას, კალიუმს და მაგნიუმს.

ორგანიზმში იმუნიტეტი მკვეთრად მცირდება სტრესის, დიდი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის ან ქრონიკული უძილობის დროს, ამიტომ სისტემის ფუნქციის გასაძლიერებლად მოგცემთ რამდენიმე რეკომენდაციას და გირჩევთ ხილ-ბოსტნეულს, რომელიც ზამთრის პერიოდში მნიშვნელოვანი ელემენტებით გაამდიდრებს თქვენს ორგანიზმს.

კივი

ის დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, რომელიც ღირებული ანტიოქსიდანტია; ასევე, მეტად სასარგებლო A ვიტამინს. არსებობს მოსაზრება, რომ A ვიტამინი გიცავთ კანის პრობლემებისგან, მაგალითად, აკნესგან.

აღსანიშნავია E ვიტამინი, რომელიც დადებითად აისახება სისხლის მიმოქცევაზე.

ლიმონი

ეს ციტრუსი  შეიცავს C ვიტამინს, ბიოფლავინოიდებს, ეთერზეთებს, А, B, B1, B2, B6, E, D ვიტამინებს, ციტრინსა და ორგანულ მჟავებს. თუმცა, მისი მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ მათ, ვისაც პირის ღრუში წყლული აქვს ან გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადება აწუხებს, რადგან ლიმონში დიდი რაოდენობით არსებული მჟავა მდგომარეობას გაამწვავებს.

სტაფილო

აღსანიშნავია, რომ იგი მდიდარია ბეტა-კაროტინით, რომელსაც ორგანიზმი A ვიტამინად გარდაქმნის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც იმუნიტეტისთვის, ისე  მხედველობითი ჯანმრთელობისთვის. ამასთან, სტაფილო შეიცავს ძვლისთვის, კანისა და კუნთისთვის სასარგებლო K და C ვიტამინებს.

ბანანი

იგი ენერგიის წყაროა, რადგან შეიცავს მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებებს, მინერალებს, კალიუმს, პეკტინს, B და C ვიტამინებს, მაგნიუმს, სპილენძს, მანგანუმსა და პროტეინს.

თუმცა, მას შეუძლია გავლენა იქონიოს სისხლში გლუკოზის (შაქრის) დონის მატებაზე. ამიტომ დიაბეტით დაავადებულებმა რეკომენდაციისა და დღიური ნორმის განსაზღვრისთვის უნდა მიმართონ მკურნალ ენდოკრინოლოგს.

თაფლის, ლიმონისა და ჩაის კოქტეილი

შეიძლება ითქვას, რომ ეს სამი ინგრედიენტი ორგანიზმისთვის ნამდვილი დოპინგია. ჩაი მდიდარია ფლავინოიდით და, რაც მთავარია, აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისება. თაფლი სასარგებლოა იმუნური სისტემისთვის. ეს უნიკალური პროდუქტი ნახშირწყლების წყალობით ენერგიით აგავსებთ, როგორც ანტიბაქტერიული პროდუქტი კი, მნიშვნელოვანია ინფექციების პრევენციისთვისაც.

თაფლი შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს. თაფლის 70-80% შაქარია (უპირატესად, ფრუქტოზა და გლუკოზა, მალტოზა და საქაროზა). ასევე, შეიცავს წყალს,  ვიტამინებს, მინერალებს, ცილებსა და ამინომჟავებს (კალიუმი, კალციუმი, თუთია, C ვიტამინი და ანტიოქსიდანტები).

თაფლის ცხელ წყალში შერევა არ არის რეკომენდებული, რადგან 40 გრადუს ცელსიუსზე გაცხელებისას კარგავს სასარგებლო თვისებებს.

გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში თაფლი ხასიათდება ალერგიული რეაქციითაც. შესაბამისად, ალერგიულმა პირებმა სასურველია, თავი აარიდოთ მის მიღებას ან დაგემოვნებამდე კონსულტაცია გაიაროთ პირად ექიმთან.

გარდა ამისა, იმუნიტეტის ამაღლება კიდევ  რამდენიმე საშუალებითაა შესაძლებელი. მოგცემთ რამდენიმე რეკომენდაციას:

  1. კვების რაციონი გაამდიდრეთ მიკროელემენტებით (კაკალი, პარკოსნები, მზესუმზირა, ბურღულეული, შავი შოკოლადი);
  2. ეფექტურია დილით კონტრასტული შხაპის მიღება;
  3. აუცილებელია მინერალებითა და ვიტამინებით მდიდარი ხილი, განსაკუთრებით კი, ციტრუსები, რომელთა მოძიებაც ამ სეზონზე არ გაგიჭირდებათ;
  4. ჯანსაღი ცხოვრებისთვის სასურველია, საჭირო რაოდენობით მიიღოთ სითხეები, განსაკუთებით კი, წყალი (დღიური ნორმის მინიმუმი 1,5 ლიტრია);
  5. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე;
  6. მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი;
  7. ეცადეთ, თავი აარიდოთ სტრესს და სტრესულ გარემოს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!