ნევროლოგის კონსულტაციამ პაციენტი განმეორებითი ინსულტისგან დაიცვა!

ნევროლოგის კონსულტაციამ პაციენტი განმეორებითი ინსულტისგან დაიცვა!

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში 2012 წლიდან დღემდე წარმატებით მიმდინარეობს სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაციის დღეები.

ნიუსში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

ერთ–ერთმა აქციამ, ფაქტობრივად, სიცოცხლე შეუნარჩუნა ქალბატონს და სტატიაში სწორედ ამ კლინიკურ შემთხვევაზე მოგითხრობთ.

კლინიკური შემთხვევა

2017 წელს ქირურგიის ეროვნულ ცენტრს მიმართა 76 წლის პაციენტმა და ნევროლოგის უფასო კონსულტაციით, ამბულატორიულ რეჟიმში ისარგებლა.

აქციას უძღვებოდა კლინიკის ნევროლოგი თეა შუბლაძე.

ქალბატონი უჩიოდა შემდეგ სიმპტომებს:

  • ძლიერი ინტენსივობის თავის ტკივილს;
  • არასისტემური ხასიათის თავბრუსხვევას, წონასწორობის დარღვევას;
  • საერთო სისუსტეს;
  • ემოციურ ლაბილობას;
  • კიდურების დაბუჟებას;
  • პირღებინებას.

ექიმს განუცხადა, რომ დაქვეითებული აქვს მეხსიერება და კონცენტრაციის უნარი, უჭირს სიარული.

ანამნეზში ფიქსირდებოდა:

  1. აორტოკორონარული სტენტირება (2014 წელი);
  2. იშემიური ინსულტი (2016 წელი);
  3. არტერიული ჰიპერტენზია.

როგორც მკურნალმა ექიმმა თეა შუბლაძემ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, პაციენტს ჩივილები მაღალი არტერიული წნევის ფონზე პერიოდულად უმწვავდებოდა, რის გამოც შრომისუნარიანობა მკვეთრად ქვეითდებოდა და საჭიროებდა სტაციონარში მოთავსებას.

თავის ტვინის სისხლძარღვების დოპლეროგრაფიის საფუძველზე დიაგნოსტირდა სისხლძარღვების შევიწროება, სანათური ივსებოდა არასრულად და სტენოზური იყო დაახლოებით 48%–ით.

დაინიშნა სტატინოთერაპია და სიმპტომური მკურნალობა.

2 წლის განმავლობაში პაციენტი იმყოფებოდა მკურნალი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ; პარალელურად მიმდინარეობდა ლიპიდური სპექტრის მონიტორინგი.

შედეგად დასტაბილურდა ჰემოდინამიკა, ალაგდა ყველა ნევროლოგიური ჩივილი, პაციენტს აღარ ჰქონდა პაროქსიზმული შეტევები.

რადიოლოგიურად დადასტურდა დადებითი დინამიკა, დოპლეროგრაფიულ კვლევაზე საძილე არტერიების სისხლძარღვების სტენოზი  აღარ ფიქსირდება.  

რომ არა დროული  და ადეკვატური მკურნალობა, დიაგნოსტირებული სტენოზის გამო, პაციენტი განმეორებითი ინსულტის რისკის წინაშე იდგა.

ცნობისათვის, ყოველწლიურად დაახლოებით 4.5 მილიონი ადამიანი იღუპება ინსულტით და დაავადების გამო ასევე ძალიან მაღალია ინვალიდობის მაჩვენებელი!

რა უნდა იცოდეთ საძილე არტერიების ათეროსკლეროზის შესახებ?

საძილე არტერიების ათეროსკლეროზის ადრეული გამოვლენა და პრევენციული ღონისძიებების გატარება ინსულტის განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.

საძილე არტერიების სკრინინგი ინსულტის თავიდან აცილების წინაპირობაა.

„ქირურგიის ეროვნულ ცენტრში 2 წლის წინ დაინერგა ბრაქიოცეფალური სისხლძარღვების სკრინინგი, რომლის საშუალებითაც კონსულტირებულ იქნა 1000–მდე პაციენტი. სკრინინგის საფუძველზე გამოვლინდა საძილე არტერიების ათეროსკლეროზით დაავადებულთა საკმაოდ დიდი კონტინგენტი, ასევე ერთეულ შემთხვევებში დიაგნოსტირდა სისხლძარღვების პათოლოგიური დაკლაკნილობა, იშვიათად სისხლძარღვის პათოლოგიური დარკალვა. აღნიშნულ პაციენტებში დინამიკაში დაკვირვების შესაძლებლობა მოგვეცა. შედეგად გამოვლინდა დადებითი დინამიკა როგორც რადიოლოგიური, ისე ნევროლოგიური სტატუსის გაუმჯობესების კუთხით. იყო ერთეული შემთხვევა, როდესაც მიუხედავად მედიკამენტური მკურნალობის მცდელობისა, სტენოზის ხარისხი მაინც პროგრესირდა; ამ პაციენტთა უმეტესობაში დინამიკა იმიტომ ვერ გაუმჯობესდა, რომ ისინი სრულყოფილად არ იცავდნენ ექიმის რეკომენდაციებს ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებით. ვფიქრობ, დროულად დაწყებული კონსერვატიული მკურნალობა, ცხოვრების ჯანსაღი წესი, რეგულარული ფიზიკური აქტივობა, არტერიული წნევის კონტროლი, ჯანსაღი საკვების მიღება, ქრონიკული დაავადებების მართვა, თამბაქოზე უარის თქმა მნიშვნელოვნად ამცირებს ათეროსკლეროზის პროგრესირების ხარისხს. აღვნიშნავ, რომ საძილე არტერიების ათეროსკლეროზის დროს პაციენტების ნაწილს დაავადების საწყის სტადიაზე ჩივილები არ აქვს ან სხვადასხვა მიზეზის გამო ექიმს ტერმინალურ სტადიაზე (როცა სტენოზის ხარისხიდან გამომდინარე ქირურგიული მკურნალობა გარდაუვალი ხდება) მიმართავს, ასევე ხშირია შემთხვევები, როცა აღნიშნული დაავადება უშუალოდ იშემიური ინსულტით გამოვლინდება და პაციენტმა არც კი იცის, რომ საძილე არტერიების შევიწროება აქვს“, – განაცხადა ქალბატონმა თეამ ჩვენთან ინტერვიუში.

თანამედროვე ნეიროვიზუალური საშუალებების ფართოდ დანერგვამ ცხადყო, რომ კეროვანი იშემიების 40–50% განპირობებულია სწორედ ექსტრაკრანიული არტერიების ათეროსტენოზით, ხოლო 20% ინტრაკრანიული არტერიების დაზიანებითაა გამოწვეული.

ასევე საგულისხმოა კავშირი კორონარული არტერიების პათოლოგიასა და საძილე არტერიების დაზიანებას შორის – კორონარული არტერიების დაავადებების მქონე პირებში, კაროტიდული არტერიების პათოლოგია, როგორც წესი, რამდენიმე წლის შემდეგ ვითარდება, სწორედ ამის მაგალითია აღნიშნული კლინიკური შემთხვევა.  

გისურვებთ ჯანმრთელობას!


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად