როგორ უნდა დაიცვან თავი დიაბეტით დაავადებულებმა ვირუსული ინფექციისგან?

როგორ უნდა დაიცვან თავი დიაბეტით დაავადებულებმა ვირუსული ინფექციისგან?

ვირუსული ინფექცია სასუნთქი სისტემის დაავადებაა.

ნიუსში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

ცნობისათვის, სხვა რესპირატორულ დაავადებებთან შედარებით, გრიპი მძიმედ მიმდინარეობს და უფრო მკვეთრი სეზონურობა ახასიათებს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ვირუსული ინფექციების განვითარების მაღალ რისკ–ჯგუფში შედიან ქრონიკული დაავადებების მქონე პირები; ექსპერტთა აზრით, განსაკუთრებით საყურადღებოა შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზით დაავადებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან მათი იმუნური სისტემა დასუსტებულია. სუსტი იმუნიტეტი კი კარგ ფონს უქმნის დაავადების პროგრესირებას.

რა არის დიაბეტი?

იგი წარმოადგენს ქრონიკულ და მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებულ დაავადებას, რომლის დროსაც ორგანიზმში გლუკოზის ცვლა ირღვევა.

მიმდინარეობს ჰორმონ ინსულინის შედარებითი ან აბსოლუტური დეფიციტის ფონზე, რასაც თან ახლავს სისხლში მომატებული შაქრის დონე. დაავადების გამო ზიანდება სისხლძარღვები და ქვეითდება იმუნური სისტემა.

ერთმანეთისგან განასხვავებენ 2 ძირითად ტიპს:

  1. დიაბეტი ტიპი 1, როცა იმუნური სისტემა პანკრეასის ინსულინწარმომქმნელ უჯრედებს უცხოდ აღიქვამს და ანადგურებს, შესაბამისად, აუტოიმუნური დესტრუქცია ინსულინის აბსოლუტური დეფიციტის განვითარებას იწვევს;
  2. დიაბეტი ტიპი 2, როცა ინსულინის მიმართ ორგანოების მგრძნობელობა ქვეითდება, ანუ ორგანიზმში ინსულინი წარმოიქმნება, მაგრამ ფუნქციას ეფექტურად ვერ ასრულებს. სამედიცინო ენაზე ამ მდგომარეობას ინსულინრეზისტენტობა ეწოდება.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ენდოკრინოლოგი ანა ჭოხონელიძე დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს ვირუსული ინფექციებისგან თავდაცვის მიზნით, რამდენიმე სასარგებლო რეკომენდაციას აძლევს:

  • მაქსიმალურად მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს;
  • სრული იზოლირება შეუძლებელია, შესაბამისად, სამსახურში თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქუჩაში ყოფნისას ისარგებლეთ პირბადით;
  • დაიცავით პირადი ჰიგიენა (ხშირად დაიბანეთ ხელები, სახლი დაალაგეთ სველი წესით, შინ დაბრუნებისთანავე გაიხადეთ ფეხსაცმელი და საგარეო სამოსი);
  • ხშირად გაანიავეთ ოთახი;
  • გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაბალანსებულ კვებას. დაავადების სპეციფიკიდან გამომდინარე, რაციონიდან სრულიად უნდა გამოირიცხოს შაქარი და შაქარზე დამზადებული პროდუქტები, ასევე თაფლი! გახსოვდეთ, რომ სისხლში მომატებული შაქრის დონე იდეალურ პირობებს უქმნის ნებისმიერი ინფექციის პროგრესირებას;
  • მიირთვით სეზონური ხილი (დღის პირველ ნახევარში) და ვიტამინებით მდიდარი ცოცხალი ბოსტნეული;
  • რაციონში ჩართეთ ბუნებრივი ანტივირუსული მოქმედების მქონე პროდუქტები და პირველ რიგში ნიორი, მოამზადეთ ჯანჯაფილის (ჯინჯერი) და ლიმონის ჩაი;
  • დალიეთ 2 ლიტრი წყალი (დიდი რაოდენობით მიღებულ სითხეს შეუძლია ორგანიზმში განაზავოს ვირუსის ტიტრი);
  • მიიღეთ პოლივიტამინი დიაბეტიანებისთვის, რასაკვირველია, მკურნალ ექიმთან შეთანხმებით. იგი უზრუნველყოფს პაციენტისთვის აუცილებელი მიკროელემენტებისა და ვიტამინების დღიური ნორმის ოპტიმალური რაოდენობით მიწოდებას, გააძლიერებს იმუნურ სისტემას;
  • ხშირად აკონტროლეთ სისხლში შაქრის შემცველობა და არტერიული წნევის ციფრები, მაჩვენებლების შესახებ აცნობეთ მკურნალ ექიმს;
  • D ვიტამინი თქვენი იმუნიტეტის სადარაჯოზე. პრეპარატის ოპტიმალურ დოზას ლაბორატორიული მონაცემის საფუძველზე, დაადგენს ენდოკრინოლოგი;
  • ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე, მიმართეთ ექიმს;
  • შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ნუ აჰყვებით პანიკას, რადგან დროული და სწორი ჩარევის შემთხვევაში პრობლემის მოგვარება შესაძლებელია.

გისურვებთ ჯანმრთელობას! 


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად