ფრთხილად საახალწლო პიროტექნიკასთან!

ფრთხილად საახალწლო პიროტექნიკასთან!

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება საახალწლო პიროტექნიკასთან ურთიერთობა.

პიროტექნიკას, რომელიც ბევრი ადამიანისთვის ახალი წლის განუყოფელ ატრიბუტს წარმოადგენს, არასწორი გამოყენების შემთხვევაში ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია.

ჩვენი რესპონდენტია ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლძარღვთა, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის უფროსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი ფერაძე.


– ხშირად რა ასაკის ადამიანები ზარალდებიან საახალწლო პიროტექნიკით?
– ძირითადად ზარალდებიან ბავშვები და ასაკოვანი ადამიანები. შუახნის ასაკის პაციენტებიც მოჰყავთ, მაგრამ პროცენტულად სჭარბობენ 12 წლამდე პატარები და ხანდაზმულები. ბებიები, ბაბუები, რომლებიც როგორც ჩანს შვილიშვილებს პიროტექნიკის გაშვებაში ეხმარებოდნენ. გავიხსენებ ერთ შემთხვევასაც, როცა კლინიკაში შემოიყვანეს ახალგაზრდა მამაკაცი. მან ბავშვს ხელიდან გამოსტაცა პიროტექნიკა და სწორედ ამ დროს აუფეთქდა.

– ბატონო ირაკლი, საახალწლო პიროტექნიკის გამო, ახალი წლის პერიოდში რამდენად მძიმე დაზიანებით მოგმართავენ პაციენტები?
– პიროტექნიკით დაზიანება, აფეთქებითი დაზიანება ყველაზე მძიმე მექანიკურ დაზიანებად ითვლება. ეს არ არის ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა, როდესაც გაჭრისას მხოლოდ ის ქსოვილები ზიანდება, სადაც დანა გაივლის. პიროტექნიკის შემთხვევაში ჭრილობის ირგვლივ მდებარე ქსოვილები იჭეჭყება. ამ დაზიანების მართვა ჯერ კიდევ დენთის გამოგონების შემდეგ გახდა მედიცინის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. აღსანიშნავია, რომ ნახეთქის ირგვლივ მდებარე ქსოვილები შეიძლება გახდეს სრულიად უსიცოცხლო, შესაბამისად, მსგავსი ჭრილობის უბრალოდ გაკერვა ან სტრუქტურების აღდგენა ხშირად არ არის საკმარისი. ეს პაციენტები ხშირად დიდხანს არიან ექიმზე მიჯაჭვულები, რადგან ქსოვილთა დიდი ნაწილის კვდომის გამო მათ ჩანაცვლებას, აღდგენას ბევრი ოპერაცია სჭირდება. პაციენტის მართვა ხანდახან 1 წელიც კი მიმდინარეობს, მაგალითად, ჩემს ერთ–ერთ პაციენტს ჰქონდა ნახეთქი, მაგრამ მისი მთელი მტევნის კუნთები მთლიანად იყო გაგლეჯილი, მტევანში არაფერი ფუნქციობდა. პაციენტს ბევრი ოპერაცია დასჭირდა.
მსგავსი დაზიანების თვითნებურად მკურნალობა დაუშვებელია! ძალიან ხშირად რასაც ადამიანი პიროტექნიკის აფეთქების შემდეგ ხედავს არის მხოლოდ კანის ნახეთქი, ზოგჯერ მცირე რამდენიმე ნახეთქი, მაგრამ ეს მხოლოდ გარედან. მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს თუ რაზე ვსაუბრობ, თქვენი ნებართვით, მარტივ მაგალითს მოვიყვან. წარმოიდგინეთ ნივთებით სავსე ტომარას ძლიერად რომ დაარტყათ და შემდეგ მხოლოდ გარეგანი, ვიზუალური მდგომარეობით იმსჯელოთ შიგნით მდებარე საგნები დაზიანდა თუ არა.
ყველაზე მნიშვნელოვნად კანი კი არ ზიანდება, არამედ იმ კონკრეტულ ადგილში მდებარე კუნთები, ძვლები. ხანდახან ძვალი რამდენიმე ადგილზეა დახეთქილი. ყველაზე მეტად ძვლები ზიანდება, ის რაც როგორც წესი დიდ წინააღმდეგობას უწევს დამრტყმელ ტალღას. გახსოვდეთ, რომ ეს არის აფეთქება, აფეთქების ტალღა კი გარშემო ყველაფერს აზიანებს!

– როგორ მკურნალობთ მსგავს დაზიანებებს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?
– ქირურგიის ეროვნული ცენტრი რეკონსტრუქციული ქირურგიის აკვანია. ჩვენი კლინიკის რეკონსტრუქციული ქირურგიის ფუძემდებელია ბატონი ტრისტან ფერაძე. ადამიანი, რომელმაც კიდურის მიკერების პირველი ოპერაცია შეასრულა და სხვა. ის მეთოდები და წესები, რომლითაც ვმკურნალობთ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ეტალონურია მსოფლიოში – ჩვენი მკურნალობის მეთოდები გადაღებულია მსოფლიოს წამყვან კლინიკებში. ამ ტიპის დაზიანებების მკურნალობის მეტი გამოცდილება გვაქვს, რადგან საახალწლო პიროტექნიკამდე ქვეყანაში იყო ომის პერიოდი, შესაბამისად, აფეთქებით მიყენებული დაზიანებების მკურნალობის დიდ გამოცდილებას ვფლობთ. ძალიან დიდია კონტინგენტი, ვისაც დავეხმარეთ. ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ვმკურნალობთ თანამედროვე რეკონსტრუქციული ქირურგიის ყველა იმ პრინციპით, რომლითაც არათუ არ ჩამოვუვარდებით უცხოეთის ცნობილ კლინიკებს, არამედ ვუსწრებთ, გამოცდილების გამო.

მკითხველს ვულოცავ ახალ 2018 წელს, ვუსურვებ ჯანმრთელობას. გთხოვთ, მოერიდოთ პიროტექნიკას და განსაკუთრებით მოარიდოთ ბავშვები! თუ მაინც შეიძენთ, გაითვალისწინეთ რეკომენდაციები! ეცადეთ, რომ საახალწლო პიროტექნიკა ააფეთქოთ დისტანციურად, ვინაიდან მისი ხელში დაკავება შეიცავს გარდაუვალ რისკს და სახიფათოა ჯანმრთელობისთვის! ფოიერვერკი და სიხარული უნდა იყოს თქვენს გულებში!

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლძარღვთა, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის უფროსს ირაკლი ფერაძეს ნომერზე 577 32 77 55.

გისურვებთ ჯანმრთელობას!