ჰემატურია, სიმსივნური ინვაზია და არტერიის სტენოზი

ჰემატურია, სიმსივნური ინვაზია და არტერიის სტენოზი

უნიკალური ანგიოლოგიური შემთხვევა კლინიკა „ქირურგიის ეროვნულ ცენტრში“ – სისხლძარღვთა ქირურგიის განუსაზღვრელი შესაძლებლობები

ინტერვიუში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

მძიმე პათოლოგიების მქონე პაციენტთან ანგიოლოგიურ  განყოფილებაში მუშაობის სპეციფიკის,  თავდაუზოგავი შრომისა და ურგენტული შემთხვევის მართვის წარმატებული მაგალითის შესახებ გვესაუბრება ენდოვასკულური, სისხლძარღვთა და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ჯინჭველაძე.

ბატონო გიორგი, რას გვეტყვით ჩვენს კლინიკაში მომხდარ იშვიათ შემთხვევაზე?           

– პაციენტის გადმოცემით, ჰემატურია (სისხლიანი შარდვა) დაეწყო დილით, უეცრად, უჩიოდა ძლიერ ტკივილს შარდის ბუშტის არეში და შარდის შეკავებას. მოგვიანებით შარდავდა გაძნელებით, მცირე რაოდენობითა და სისხლის კოლტების გამოყოლებით. როდესაც ტკივილის ინტენსივობამ იმატა, დასაწყისში მიიყვანეს სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, საიდანაც სამედიცინო ტრანსპორტირების სამსახურის მიერ შემდგომი მკურნალობისა და დიაგნოსტირების მიზნით გადმოყვანილ იქნა ჩვენს კლინიკაში.

მკითხველისთვის საინტერესოა, როგორ განვითარდა სიმსივნური ინვაზია?

აღსანიშნავია, რომ პაციენტს წლების წინ დაუდგინდა საშვილოსნოს სიმსივნე. ჩაუტარდა სხივური და ქიმიოთერაპია. რაც შეეხება სიმსივნურ ინვაზიას (სიმსივნური უჯრედების შეჭრა ჯანმრთელ ქსოვილში), ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ.

როგორ განისაზღვრა მკურნალობის ტაქტიკა?

კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების ფონზე პაციენტი გასინჯა უროლოგმა, ხოლო შესაბამისი მომზადების შემდეგ გადავიდა საოპერაციო ბლოკში, სადაც სპინალური ანესთეზიით (გაუტკივარების ეს სახე უფრო ხშირად გამოიყენება მენჯის ღრუს ორგანოებსა და ქვემო კიდურების ოპერაციის დროს) ჩაუტარდა შარდის ბუშტიდან კოლტების ენდოსკოპიური ევაკუაცია (ამოღება, გამოძევება).


rekonstruqciuli-qirurgia-ct-axali

ბატონო გიორგი, როდის დამძიმდა მდგომარეობა და როდის გახდა ანგიოლოგიური ჩართულობა საჭირო?

მდგომარეობა დინამიკაში რამდენიმე დღეში დამძიმდა; აღინიშნებოდა ინტენსიური და მზარდი ჰემატურია,რის გამოც საჭირო გახდა ცისტოსკოპია და შარდის ბუშტის ტამპონადის ლიკვიდირება.

იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩებოდა, ჩატარდა CT ანგიოგრაფია, რომელიც ზუსტ მონაცემებს გვაძლევს დაავადების განმსაზღვრელი პარამეტრების (სისხლძარღვის სტენოზის ხარისხის, რაოდენობისა და სიგრძის) შეფასებაში,  დაზიანებული უბნის ანატომიის შესწავლაში, დაავადების სტადიურობის განსაზღვრაში, რაც მეტად მნიშვნელოვანია შემდგომი ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში პრეოპერაციული ტაქტიკის განსაზღვრასა და პოსტოპერაციულ მართვაში.  სწორედ ამ კვლევის შედეგად, მცირე მენჯში გამოვლინდა სიმსივნური პროცესი, რომელიც ინვაზირებული იყო შარდის ბუშტში, საშვილოსნოსა და სისხლძარღვებში. კერძოდ, სიმსივნე ინვაზიას განიცდიდა თეძოს გარეთა არტერიაში და იწვევდა მის კრიტიკულ შევიწროებასა და მისი კედლის მთლიანობის რღვევას ცრუ ანევრიზმის ფორმირებით. ეს უკანასკნელი შეჭრილი იყო შარდის ბუშტში, საიდანაც პერიოდულად ვითარდებოდა სისხლდენა.

რა მკურნალობა ჩაუტარდა პაციენტს?

– როგორც კი გამოიკვეთა სისხლძარღვის სანათურის შევიწროება და სისხლდენის მიზეზი, პაციენტი გადავიყვანეთ კათეტერიზაციის ლაბორატორიაში, სადაც ჩატარდა თეძოს გარეთა არტერიის სტენტირება, სპეციალური დაფარული სტენტით. ოპერაცია გაკეთდა ლოკალური ანესთეზიით იღლიის არტერიიდან მიდგომით, რაც ძალიან დამზოგველია ასეთი მძიმე პაციენტისთვის. ჩარევიდან ორ დღეში პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში დამაკმაყოფილებელი იყო; აღარ აღინიშნებოდა ჰემატურია, შესაბამისი სამკურნალო რეკომენდაციებისა და დანიშნულების მიცემის შემდეგ კი, იგი გაეწერა ბინაზე.

sisxldzargvta-qirurgia

სისხლძარღვთა ქირურგია, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში

შეგახსენებთ, რომ სწორედ რომ ჩვენს კლინიკაში 1960 წელს ჩაეყარა საფუძველი საქართველოში სისხლძარღვთა ქირურგიის განვითარებას. ასე რომ, სისხლძარღვთა, პლასტიკური და რეკონსტრუქციული  ქირურგიის დეპარტამენტს ფრიად შთამბეჭდავი წარსული აქვს.

ექიმების წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია ის, რომ ისინი სრულად ფლობენ ულტრათანამედროვე აპარატურის არსენალს, კათეტერიზაციის ლაბორატორია კი, აღჭურვილია თანამედროვე იაპონური წარმოების ანგიოგრაფით − Shimadzu Trinias B12, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, კომპლექსურად იქნეს აღმოფხვრილი ისეთი ურთულესი პათოლოგიები, რაც ცოტა ხნის წინ დაუძლევლად ითვლებოდა.

გისურვებთ ჯანმრთელობას! 


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად