ქოშინი, გაძლიერებული გულისცემა, სუნთქვის გაძნელება–კიდევ რომელი სიმპტომები ახასიათებს გულის უკმარისობას?

ქოშინი, გაძლიერებული გულისცემა, სუნთქვის გაძნელება–კიდევ რომელი სიმპტომები ახასიათებს გულის უკმარისობას?

მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, გულის უკმარისობა ძალიან გავრცელებული პრობლემაა

ვითარდება გულის კუმშვადი ფუნქციის დაქვეითების შედეგად. ამ მდგომარეობის დროს გული ვერ უზრუნველყოფს ორგანოებისა და ქსოვილების ნორმალურ პერფუზიას, ადეკვატურ მეტაბოლურ მოთხოვნილებას როგორც მოსვენებულ მდგომარეობაში, ასევე ფიზიკური დატვირთვის დროს.

მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, გულის უკმარისობა ძალიან გავრცელებული პრობლემაა. აღსანიშნავია, რომ ასაკის მატებასთან ერთად მისი სიხშირე მატულობს და ჰოსპიტალიზების, შრომისუნარიანობის დაქვეითებისა და ლეტალობის ერთ–ერთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზს წარმოადგენს.

გულის უკმარისობის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კარდიოლოგი თამარ ავალიანი.

– რა სიმპტომებით ხასიათდება გულის უკმარისობა?
– სიმპტომები დამოკიდებულია გულის უკმარისობის სახეზე, რომელ კამერებს მოიცავს მარცხენას თუ მარჯვენას, სისტოლურ თუ დიასტოლურ დისფუნქციას აქვს ადგილი, პროცესი მწვავედ ვითარდება თუ ქრონიკულია. ორგანიზმში არსებული კომპენსატორული მექანიზმების დამსახურებით საწყის ეტაპზე ის შესაძლოა ასიმპტომურად მიმდინარეობდეს. გარკვეული დროის შემდგომ, ამ მექანიზმების არსებობის მიუხედავად, დაავადება უკვე სიმპტომურ სახეს იძენს. ყველაზე უფრო ადრეულ ჩივილს წარმოადგენს ადვილად დაღლა, ქოშინი, რომელიც თავიდან ფიზიკურ დატვირთვაზე ვითარდება, ხოლო შემდგომში მოსვენებულ მდგომარეობაში. ახასიათებს ხველა, უმადობა, გაძლიერებული გულისცემა. მოგვიანებით სტადიაზე პაციენტს უჭირს ჰორიზონტალური მდგომარეობის მიღება და ურჩევნია ნახევრად მჯდომარე, ორთოპნოეს მდგომარეობაში ყოფნა. აგრეთვე ახასიათებს სითხის შეკავებასთან დაკავშირებული შეშუპება, უფრო ხშირად ქვედა კიდურების შეშუპება, ღამე დიურეზის გახშირება (ნიქტურია), ღამით ინტენსიური ქოშინის, ე.წ კარდიალური ასთმის განვითარება.

– განასხვავებენ გულის მწვავე და ქრონიკულ უკმარისობას, გთხოვთ, განგვიმარტოთ.
– გულის მწვავე უკმარისობის მიზეზს წარმოადგენს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, არტერიული წნევის ციფრების უეცარი მატება, არითმია, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, მწვავედ განვითარებული სარქვლოვანი პათოლოგია. უფრო ხშირად ვითარდება მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა, რომელიც კლინიკურად შესაძლოა გამოვლინდეს კარდიალური ასთმით, ფილტვების შეშუპებით და კარდიოგენული შოკითაც კი. კარდიალური ასთმის დროს, მოსვენებულ მდგომარეობაში პაციენტს უეცრად უვითარდება ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, აქვს მოხრჩობის შეგრძნება, უჩივის ჰაერის უკმარისობას, იმყოფება ორთოპნოეს (ნახევრადმჯდომარე) მდგომარეობაში. თუ დროულად არ მოხდა სამედიცინო დახმარების გაწევა, შესაძლოა ის ლეტალობით დასრულდეს. რაც შეეხება ქრონიკულ უკმარისობას, გულის ისეთი დაავადებები, როგორიცაა მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, არტერიული ჰიპერტენზია, გულის მანკები, ექსტრაკარდიალური მიზეზები მაგალითად, ანემია, ჰიპო ან ჰიპერთირეოზი, შაქრიანი დიაბეტი და სხვა, დროთა განმავლობაში იძლევა დაავადების პროგრესირებას და ამ დროს ჩივილებიც თანდათან ვითარდება.

– რატომ ვითარდება გულის უკმარისობა?
– ბევრი მიზეზი არსებობს. შესაძლოა განპირობებული იყოს როგორც კარდიალური მიზეზებით (მიოკარდიუმის ინფარქტი, არტერიული ჰიპერტენზია, გულის მანკი, მიოკარდიტი, კარდიომიოპათია, პერიკარდიტი), ასევე ექსტრაკარდიულით (ანემია, ჰიპერ ან ჰიპოთირეოზი , შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, თირკმლის უკმარისობა და სხვა).

– როგორ მკურნალობთ გულის უკმარისობას ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?
– მკურნალობის მთავარ მიზანს წარმოადგენს გულის უკმარისობის სიმპტომების მოხსნა, სამიზნე ორგანოების დაზიანების უკუგანვითარება, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და სიცოცხლის გახანგრძლივება. თავდაპირველად საჭიროა ცხოვრების წესის შეცვლა, რაც გულისხმობს წონის კორექციას, ქოლესტერინით ღარიბ დიეტას (ნაჯერი ცხიმების შეზღუდვას). სავალდებულოა არტერიული წნევის ნორმალიზება, ფიზიკური აქტივობა, რომელიც ინდივიდუალურად ირჩევა თითოეული პაციენტისთვის. რაც შეეხება მედიკამენტურ თერაპიას, ძირითადად მოწოდებულია დიურეზული საშუალებები, ბეტა–ბლოკატორები, აგფ ინჰიბიტორები, გლიკოზიდები, ვაზოდილატატორები და სხვა. მედიკამენტური თერაპიის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, პაციენტის ზოგადი მდგომარეობიდან, ძირითადი დაავადებიდან და ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევებიდან გამომდინარე. ჩვენს კლინიკაში ყველა პირობა არსებობს ასეთი პაციენტების მართვისთვის, უპირველეს ყოვლისა მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, ასევე მაღალტექნოლოგიური კვლევები საშუალებას გვაძლევს დროული, ზუსტი დიაგნოსტირება მოვახდინოთ და სწორად, ეფექტურად ჩავერიოთ ამ მდგომარეობის მართვაში.

– რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს, რა მოიმოქმედოს გულის უკმარისობის პრევენციის მიზნით?
– გულის უკმარისობის პროფილაქტიკა უპირველეს ყოვლისა გულისხმობს ცხოვრების წესის შეცვლას. საჭიროა წონის კორექცია, სასურველია კვების რაციონში შეიზღუდოს მარილი, ნაჯერი ცხიმები, რომელიც ძირითადად შედის ხორცის პროდუქტებში (ცხიმიანი საქონლის თუ ღორის, ცხვრის ხორცი), კარაქში, ერბოსა და ზოგიერთი რძის პროდუქტში, მაგალითად, არაჟანში, ცხიმიან ყველში, ასევე ტრანსცხიმებში. თუმცა ყველა სახის ცხიმი არ არის საზიანო, პირიქით აუცილებელია ორგანიზმისთვის. ესენია უჯერი ცხიმები, რომლებიც გვხვდება შემდეგ პროდუქტებში: თევზეულობა, თხილი, მიწისთხილი, მზესუმზირის, ზეითუნის ზეთი და სხვა. რეკომენდირებულია მრავალჯერადი და მცირე ულუფებით კვება, უნდა გამოირიცხოს ყავა, ძლიერი ჩაი, შოკოლადი, ცხარე საკვები. რაციონი უნდა გამდიდრდეს ხილით, ბოსტნეულით, ზღვის პროდუქტებით. სავალდებულოა მავნე ჩვევებზე უარის თქმა, თამბაქოსა თუ ალკოჰოლის მოხმარება. ზოგიერთ მედიკამენტს შეუძლია გამოიწვოს გულის უკმარისობა, როგორიცაა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, ანტიარითმული და ჰორმონული პრეპარატები, რაც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. უნდა მოხდეს არტერიული წნევის ციფრების ნორმალიზება, გულის იშემიური დაავადების მართვა, ანემიის, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კორექცია, შაქრიანი დიაბეტის და სხვა იმ დაავადებების დროული და სწორი მართვა, რომლებსაც საბოლოოდ მივყავართ გულის უკმარისობის განვითარებამდე. გულის უკმარისობა სწორედ გარკვეული პათოლოგიური პროცესების შედეგია და საჭიროა ამ პროცესებზე ზემოქმედება.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19;

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის კარდიოლოგ–თერაპევტს თამარ ავალიანს ნომერზე 555 57 55 99;

გისურვებთ ჯანმრთელობას!


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად