როგორ ამოვიცნოთ სოკოთი მოწამვლის სიმპტომები?

როგორ ამოვიცნოთ სოკოთი მოწამვლის სიმპტომები?

საქართველოში ფიქსირდება შხამიანი სოკოს 20–25 სახეობა.

სოკო სამ ძირითად ჯგუფად იყოფა:

  1. საკვებად ვარგისი;
  2. პირობითად ვარგისი (რომელსაც სჭირდება სპეციალური კულინარიული დამუშავება საკვებში გამოყენებამდე, მაგალითად, 20 წუთით ხარშვა, ნახარშის გადაღვრა ან 2–3 კვირა შრობა);
  3. შხამიანი, რომელიც სპეციფიკურ ტოქსინებს (შხამებს) შეიცავს.

თითქმის ყველა, საკვებად ვარგის სოკოს აქვს თავის მსგავსი საკვებად უვარგისი ან შხამიანი „ორეული“. მოწამვლას, ძირითადად, შხამიანი ან პირობითად შხამიანი სოკოები იწვევს. იშვიათად, მაგრამ მაინც საკვებად ვარგისი სოკოც იწვევს ინტოქსიკაციას და განსაკუთრებით ცხელი ამინდების შემდეგ, სოკოს დაბერების ან დაჭიანების შემთხვევაში, რომელშიც დროთა განმავლობაში გროვდება ტოქსინები.

სოკოსმიერი მოწამვლისას, თუნდაც მხოლოდ ეჭვის შემთხვევაში, აუცილებელია პაციენტის კლინიკაში გადაყვანა. მკურნალობა უნდა იყოს გადაუდებელი, მაქსიმალურად სრული და კომპლექსური.

სოკოთი ინტოქსიკაციის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის მულტიპროფილური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ბეჟანიშვილი.

„ხშირად სოკოთი მოწამვლას ადგილი აქვს მისი არასწორად დამუშავება–კონსერვაციის დროს. შხამიანი სოკოთი მოწამვლა უმეტესად, შემთხვევათა 90–95%–ში ფატალურად, სიკვდილით მთავრდება. სოკოს სახეობაზეა დამოკიდებული მოწამვლის გამოვლენის განსხვავებული დრო (1 ან 2–დან 12 საათამდე და ასევე შეიძლება გაგრძელდეს 72 საათამდეც), შესაბამისად, განსხვავებულია სიმპტომებიც“, – აცხადებს ქალბატონი მაია.  

– როგორც უკვე განაცხადეთ, ინტოქსიკაცია სხვადასხვა სიმპტომით ვლინდება, მაგრამ თუ შეგიძლიათ მიგვითითოთ იმ ძირითად ნიშნებზე, რომელიც, ზოგადად, სოკოთი ინტოქსიკაციას ახასიათებს?

უმეტეს შემთხვევაში ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • გულისრევა;
  • ღებინება;
  • ფაღარათი;
  • ტკივილი მუცლის არეში;
  • ოფლიანობა;
  • სისუსტე;
  • ქოშინი;
  • ჰიპერსალივაცია (ჭარბი ნერწყვდენა);
  • ბოდვა;
  • ჰალუცინაცია;
  • კოლაფსი;
  • კომა;
  • თავის ტკივილი;
  • წყურვილის გაძლიერებული გრძნობა.

– როგორ შეგვიძლიაშხამიანსოკოზეეჭვისმიტანა?

სამწუხაროდ, რიგით მოქალაქეს ამის გარჩევა გაუჭირდება, რადგან შხამიან სოკოს არ აქვს რაიმე სახასიათო სპეციფიკური ნიშანი, მაგალითად, არასასიამოვნო სუნი, მწარე გემო და სხვა – ამ დროს კი ერთი შეხედვით სრულიად ჩვეულებრივი სოკო შეიძლება შეიცავდეს ჯანმრთელობისათვის საშიშ მძიმე ლითონებს და რადიოაქტიურ ნივთიერებებს.

გასათვალისწინებელია სოკოს მიმართ ადამიანის ინდივიდუალური, ალერგიული რეაქცია. სწორედ ამიტომ ვისაც ამ საკვებზე ალერგია აქვს, რაციონიდან მთლიანად უნდა ამოიღოს!  

– როგორ მოქმედებს შხამიანი სოკო ორგანიზმზე?

შხამი, რომელსაც სოკო შეიცავს, მოქმედების მიხედვით სხვადასხვაგვარია... შესაძლოა ინტოქსიკაციამ მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლა  გამოიწვიოს. ორგანიზმში შხამის მოქმედება ჭამიდან, ჩვეულებრივ, 1 ან 2 საათის შემდეგ ვლინდება და გამოიხატება გულისრევასა და ღებინებაში, მუცლის ტკივილში, ოფლიანობაში, სისუსტესა და ფაღარათში.


გამორიცხული არ არის, რომ შხამმა გავლენა იქონიოს ნერვულ ცენტრებზე. ამ შემთხვევაში მოწამვლის ნიშნები ვლინდება კვებიდან ნახევარი საათის ან 4 საათის შემდეგ და გამოიხატება ძლიერ გულისრევასა და ღებინებაში, ფაღარათში, თავბრუსხვევაში, გონების დაკარგვაში, ძლიერ ოფლიანობაში, ისტერიულ სიცილსა და ტირილში, ჰალუცინაციაში.

– როგორ დავეხმაროთ დაზარალებულს?

ერთადერთი დახმარება პაციენტის კლინიკაში დროული გადაყვანაა. გაითვალისწინეთ, რომ დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სავსებით შესაძლებელია სწრაფად გაუარესდეს, დამძიმდეს და სიკვდილითაც კი დასრულდეს. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი, თუნდაც ძალიან მსუბუქი მოწამვლისას ან მოწამვლაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაშიც კი, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. მკურნალობის დაგვიანებით დაწყება შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს! ექიმთან ვიზიტია რეკომენდებული იმ ადამიანებისთვისაც, ვინც სოკო დაზარალებულთან ერთად მიირთვა და მიუხედავად ამისა ინტოქსიკაციის სიმპტომები ჯერ არ აღენიშნება. ამ შემთხვევაშიც დროა გადამწყვეტი, რადგან შხამმა შეიძლება მოქმედება რამდენიმე საათის შემდეგ დაიწყოს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად