ვარიკოზი, ანევრიზმები, ბავშვთა ცერებრული დამბლა, ტერფმრუდობა – მკურნალობის თანამედროვე მეთოდები ქირურგიის ეროვნულ ცენტრში

ვარიკოზი, ანევრიზმები, ბავშვთა ცერებრული დამბლა, ტერფმრუდობა – მკურნალობის თანამედროვე მეთოდები ქირურგიის ეროვნულ ცენტრში

ჩვენი კლინიკის სისხლძარღვთა, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტი შთამბეჭდავი წარსულით ამაყობს.

სწორედ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ჩაეყარა საფუძველი საქართველოში სისხლძარღვთა ქირურგიის განვითარებას. დეპარტამენტი დღესაც ინოვაციების ავანგარდშია.

ჩვენი კლინიკის სისხლძარღვთა, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის ქირურგები სრულად ფლობენ როგორც სისხლძარღვთა ქირურგიის, ასევე რეკონსტრუქციული ქირურგიის თანამედროვე არსენალს. ქირურგები ურთულეს პათოლოგიებს ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით უმკლავდებიან.

უნიკალური ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა SHIMADZU–ს ორმკლავიანი ანგიოგრაფი Trinias B12, რომელიც ექსკლუზიურია რეგიონში. უახლესი ტექნოლოგიაა, რომელიც პირველად გაიყიდა იაპონიის ფარგლებს გარეთ.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დაინერგა ვარიკოზის მკურნალობა ლაზერული ტექნიკის გამოყენებით. ეს არის მეთოდი, რომლის დროსაც განაკვეთების საჭიროება აღარ არის. საუბარია „ლაზერულ აბლაციაზე“. ჩვენი კლინიკა აღჭურვილია ლაზერული აბლატორით „ლეონარდო“, რომლის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად უსწრებს სხვა ანალოგიური მოწყობილობების შესაძლებლობებს, რის შედეგადაც ძველი ტიპის ლაზერულ აბლაციებთან შედარებით თვისობრივად უკეთესი შედეგი გვაქვს.  

მაღალტექნოლოგიური შუქგამტარი ერთი ჩხვლეტით, განაკვეთების გარეშე შედის დაზიანებულ ვენაში და „აუქმებს“ მას, ჭრილობის გარეშე. ამასთან, ეს ლაზერის სხივი ისეთი სიხშირისაა, რომ სხვა ქსოვილებს არ აზიანებს. ამიტომ ოპერაციისგან განსხვავებით ეს პროცედურა ტარდება ადგილობრივი გაუტკივარებით, აღარ არის საჭირო პაციენტის დაძინება, ზოგადი ან სპინალური ანესთეზია.

პაციენტი პროცედურის შემდეგ დგება და მიდის სახლში, შემცირებულია რეაბილიტაციის პერიოდი. ლაზერული აბლაციის თანამედროვე ტექნოლოგია, რასაც ქირურგიის ეროვნული ცენტრი ფლობს, უმეტეს შემთხვევებში იგივე ეფექტურობით აღმოფხვრის პათოლოგიას, როგორც ოპერაცია. 

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში საქართველოში გავრცელებულ დაავადებებს, მაგალითად, ვარიკოზულ ვენებს, რთულ ანევრიზმებს, ბავშვთა ცერებრულ დამბლას, ტერფმრუდობას, დიუპიუტრენის კონტრაქტურას – წარმატებით მკურნალობენ.

ამ პათოლოგიებსა და მკურნალობის მეთოდებზე გვესაუბრება ჩვენი კლინიკის სისხლძარღვთა, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის უფროსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი ირაკლი ფერაძე.

განვიხილოთ თითოეული მათგანი.

ვარიკოზული დაავადება

ვარიკოზი ანუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება ეს არის ვენების დაავადება, რომელიც იწვევს მათი სანათურის გაფართოებას და ვენური კედლის გათხელებას.

„არ მეგულება ადამიანი, ვისაც არ უგრძვნია სიმძიმე წვივებში დიდხანს დგომისა თუ ჯდომის შემდეგ. ეს სიმძიმის შეგრძნება სწორედ ვერტიკალურ პოზიციაში ვენური სისხლის მოძრაობის შეფერხებითაა გამოწვეული. თუმცა დაავადება რომ ჩამოყალიბდეს, რამდენიმე ფაქტორის თანხვედრაა საჭირო. პირველ რიგში თანდაყოლილი მიდრეკილება – ვენური სარქველების გენეტიკური სისუსტე. აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი ფაქტორია, რაც პაციენტის ცხოვრების წესზე არ არის დამოკიდებული.

ამასთან, დაავადების ხელშემწყობი ფაქტორებია: ორსულობა (ნაყოფი ძირითადად მენჯის ღრუს აწვება და ქვემო კიდურებიდან ვენურ ნაკადს აფერხებს. სწორედ ამით არის გამოწვეული ქალბატონებში მამაკაცებთან შედარებით ვარიკოზის მაღალი სიხშირე), სიმსუქნე (ისევ და ისევ ვენური ნაკადის შეფერხების გამო), ფეხზე დგომა და ჯდომა უმოძრაოდ (ქვემო კიდურების კუნთების შეკუმშვა ქვემო კიდურებიდან ვენური სისხლის გამოდევნის ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორია. უმოძრაობის დროს კუნთები არ იკუმშება და ვენური შეგუბების დონე ღრმავდება),  ცხელი აბაზანები, მზე (კიდურებზე სითბოს ზემოქმედება უფრო მეტად აფართოვებს ვენებს), ზოგიერთი პრეპარატი, მაგალითად კონტრაცეპტივებივარიკოზული დაავადების მკურნალობის ერთადერთ შედეგიან მეთოდად კვლავინდებურად რჩება ქირურგიული ჩარევა. ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დაინერგა ვარიკოზის მკურნალობა ლაზერული ტექნიკის გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ კონსერვატული მკურნალობა წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ დამხმარე მეთოდების ნუსხას“, – აცხადებს ბატონი ირაკლი.

დიუპიუტრენის კონტრაქტურა

საკმაოდ ხშირი დაავადებაა. ამ დროს ხელისგულის აპონევროზის ნაწიბუროვანი გადაგვარების გამო, პაციენტი ვერ ახერხებს მტევნის თითების ბოლომდე გაშლას. დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. მეცნიერები განმარტავენ, რომ დიუპიუტრენის კონტრაქტურა შესაძლოა გენეტიკური იყოს და სწორედ ამიტომ რეკომენდებულია, რომ თუ მშობლებს აქვთ ანალოგიური დაავადება, ყურადღებით იყოთ ხელისგულზე გაჩენილი გამკვრივებების მიმართ.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში 3000-ზე მეტ პაციენტს აქვს ჩატარებული ეს ჩარევა. ბოლო ათწლეულში ტექნიკის დახვეწის წყალობით გართულებების ალბათობა პრაქტიკულად ნულზეა დაყვანილი.

„ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია თანდათანობით, წლების განმავლობაში, ხელისგულზე გამკვრივებების ზრდა, რასაც მოყვება მტევნის თითების მოხრა. დაავადების განვითარების გარკვეულ ეტაპზე პაციენტი მტევანს პრაქტიკულად ვეღარ იყენებს. მდგომარეობას თან ერთვის ტკივილი და შეიძლება განვითარდეს მძიმე გართულებებიც. მიუხედავად იმისა, რომ წარმოქმნის მექანიზმები ბოლომდე გარკვეული არ არის, მკურნალობის შედეგები შთამბეჭდავია. ოპერაციის არსია ამ დაზიანებული, დაკორძებული აპკის ამოკვეთა. სანამ მეთოდები დაიხვეწებოდა, იყო გართულებების და დაავადების რეციდივის (დაბრუნების) საკმაო ალბათობა. დღესდღეობით ქირურგიული მეთოდები იმდენად დაიხვეწა, რომ პრაქტიკულად აღარ აქვს ადგილი ოპერაციის შემდგომ რეციდივებს და სხვა გართულებებს. პრეციზიული ტექნიკის გამოყენებით დღეს საშუალება გვაქვს ყველა მნიშვნელოვანი სტრუქტურა გამოვათავისუფლოთ დაზიანებების გარეშე, რაც კარგი შედეგის საწინდარია. ჩვენ ვამაყობთ, რომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ამ თემაზე ათწლეულების მანძილზე მუშაობდნენ ქირურგიის გრანდები, ხვეწდნენ მეთოდებს და დღესდღეობით საუკეთესო შედეგებით ვიკვეხნით“, – განმარტავს ბატონი ირაკლი.

როგორც ჩვენთან ინტერვიუში განმარტა, დიუპიუტრენის კონტრაქტურასთან დაკავშირებით სახალისო ოჯახური მოგონება აქვს.

„მამაჩემი, ტრისტან ფერაძე იყო საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი წამყვანი მიკროქირურგი. მუშაობდა მოსკოვში საკავშირო ცენტრში, ხელმძღვანელობდა მიკროქირურგიული განყოფილების სამეცნიერო ნაწილს. ჰყავდა მოსწავლეები უცხოეთიდან, მათ შორის გერმანიიდან.

ერთი მათგანი, ჰანს ტრიოგერი წარმატებულ ქირურგად ჩამოყალიბდა და ამჟამად ხელმძღვანელობს ბაზელში ხელის ქირურგიის დიდ ცენტრს. ხოლო მაშინ, როდესაც ეს ამბავი ხდებოდა, იყო მოსწავლე.

ბაბუას, მამაჩემის მამას, ჰქონდა დიუპიუტრენის კონტრაქტურა. ერთი მომენტი უკვე ისე გართულდა, რომ ხელში ვერაფერს იკავებდა. მამაჩემს ბევრჯერ უთქვამს, საოპერაციოაო, მაგრამ ხომ გაგიგიათ „შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვსო“. ბაბუაჩემი ოპერაციის გაკეთებაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა. მაშინ მამამ ხრიკი იხმარა. ეუბნება თურმე „გერმანელ პროფესორს რომ გავაკეთებინო ხომ გაიკეთებო?“ – ბაბუაც დათანხმდა.

ჩამოიყვანა მამაჩემმა თავისი მოსწავლე, ჰანს ტრიოგერი. საქართველოში გამასპინძლების ამბავი მოგეხსენებათ. სასტიკი ნაბახუსევის გამო გერმანელი სტუმარი საწოლიდან ვერ დგებოდა. ბაბუაჩემს კი ოპერაცია, რა თქმა უნდა, თვითონ მამამ გაუკეთა. ბაბუა ცხოვრების ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ ოპერაცია გერმანელმა გაუკეთა. ყველას აჩვენებდა შედეგს – „აი, რა კარგად მაქვს ხელები, ჩვენთან რა იციან ასეთი ქირურგიაო“, – იხსენებს ბატონი ირაკლი.

ცერებრული დამბლა

ბავშვთა ცერებრული დამბლა განსაზღვრული სინდრომების ერთობლიობაა, რომლებიც უმთავრესად მუცლადყოფნის პერიოდში ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების შედეგია. ცერებრული დამბლისთვის დამახასიათებელია ბავშვის მოტორული განვითარების შეფერხება და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა. მოძრაობითი დარღვევები ხშირად შერწყმულია მგრძნობელობით პრობლემებთან, მეტყველებისა და ფსიქიკური განვითარების შეფერხებასთან, კრუნჩხვასთან. თუმცა შეიძლება, დაავადების დროს პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა ნორმაში იყოს.

დაავადება თანდაყოლილია. ახალშობილებში ცერებრული დამბლის დიაგნოზის დასმა შეუძლია მხოლოდ სპეციალისტს. ასაკის მატებასთან ერთად კი სიმპტომები უფრო თვალნათლივ ვლინდება.

„მიუხედავად მედიცინის განვითარებისა, ბავშვთა ცერებრული დამბლის გამომწვევი ტვინის დარღვევები დღესდღეობით არ იკურნება.

თუმცა არის მრავალი მეთოდი, რომელიც უმსუბუქებს პაციენტს ცხოვრებას და საშუალებას იძლევა ასეთი პაციენტი სრულფასოვნად ჩაერთოს სოციუმში.
ყველაზე მტკივნეული თემაა კიდურების დეფორმაციები, რომელთა გამო პაციენტს არ შეუძლია გადაადგილება. ეს დეფორმაციები კონსერვატულ მკურნალობას ხშირ შემთხვევაში არ ექვემდებარება, რადგან ტვინიდანვე არასწორად არის გადანაწილებული კუნთების ტონუსი და რაც არ უნდა მოვიმოქმედოთ (მასაჟი, მექანოთერაპია და ა.შ.), დროთა განმავლობაში დეფორმაცია ღრმავდება. ერთადერთი ქმედითი მეთოდია ქირურგიული ჩარევა, რომლის მიზანია კუნთებისა და მყესების სიგრძის შეცვლა ისე, რომ სახსრებმა სასურველი პოზიცია მიიღოს. ბავშვთა ცერებრული დამბლა, თუ სწორად ვმართეთ, ხშირად სულაც არ არის განაჩენი. ასეთი პაციენტები სპორტსაც კი მისდევენ. უფრო მეტიც, გვქონდა შემთხვევა, როდესაც ჩვენს პაციენტს იმის მტკიცება მოუწია, რომ ეს დაავადება ჰქონდა, რადგან იმდენად კარგი შედეგი მივიღეთ. სამედიცინო დოკუმენტაცია გავატანეთ სპორტკომიტეტში, რომ ნამდვილად ბავშვთა ცერებრული დამბლით არის დაბადებული. ჩვენი ჩარევის და კარგი რეაბილიტაციის შემდეგ ტერფმრუდობის მქონე პაციენტების დიდი უმრავლესობა პრაქტიკულად სრულფასოვნად ცხოვრობს. გვეწვიეთ და იმედს ნუ დაკარგავთ“, – აცხადებს ბატონი ირაკლი.

ტერფმრუდობა

ტერფმრუდობა ეს არის ქვემო კიდურების კუნთების იზოლირებული დაზიანება შესაბამისი მრუდე ტერფის ჩამოყალიბებით. ამ დროს ტვინის დაზიანება არ აღინიშნება.

„ოპერაციებს, რომლებიც ტარდება ტერფმრუდობის და ქვემო კიდურების სხვა მიზეზებით გამოწვეული დეფორმაციების გამო დიდი ისტორია აქვს, თუმცა წამყვან კლინიკებშიც კი ამ ქირურგიული ჩარევების შემდეგ შემთხვევათა თითქმის 30%ში ფიქსირდება დეფორმაციების რეციდივი (ხელახალი დეფორმაცია). ამის მიზეზია ის, რომ ავადმყოფი ტვინი ოპერაციის შემდეგაც აგრძელებს ამ კუნთების არასწორად და ჭარბად „გაქაჩვას“, შესაბამისად ტერფმრუდობაც და სხვა დეფორმაციებიც ბრუნდება.
ჩვენი გამოგონების არსია ის, რომ ის კუნთები და მყესები, რომელიც იწვევს ამ დეფორმაციებს, გადაიტანება სახსრის საპირირსპირო მხარეს. ამით ჩვენ ავადმყოფ ტვინს „ვატყუებთ“. რაც უფრო მეტად „ქაჩავს“ ტვინი ასეთ გადატანილ მყესს, მით მეტად უმჯობესდება სახსრის პოზიცია, ვინაიდან ის მყესი, რომელიც იწვევდა დეფორმაციას, ჩვენს მიერ გადატანილია ამავე დეფორმაციის გამოსასწორებელ პოზიციაში. სხვანაირად რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტად ცდილობს ავადმყოფი ტვინი დააზიანოს სახსარი, მით მეტად უნებლიედ იწვევს მის გამოსწორებას. პრინციპში დაავადების გამოსასწორებლად ავადმყოფობის თვისებასვე ვიყენებთ, ამიტომაც ჩვენი მეთოდიკის გამოყენებით 30%-დან 3%-მდეა დაყვანილი რეციდივების პროცენტი. ამასთანავე, მდგომარეობა დროთა განმავლობაში გადანერგილი მყესების ხარჯზე  უმჯობესდება“, – აცხადებს ჩვენთან ინტერვიუში ბატონი ირაკლი.

სტატიაში ნახსენები დაავადებებისა და მდგომარეობების გარდა, აღნიშნულ დეპარტამენტში დანერგილია ყველა მეთოდი პერიფერიულ და მაგისტრალურ სისხლძარღვებზე როგორც ღია, ისე ენდოვასკულური მიდგომით, ოპერაციების ჩასატარებლად. გარდა ამისა, ტრავმების დროს წარმატებით გამოიყენება მიკროქირურგიის მეთოდები და ა.შ.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი მულტიპროფილური კლინიკაა, სადაც მკურნალობა და დიაგნოსტირება უახლესი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე სტანდარტებით ტარდება.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლძარღვთა, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის უფროსს ირაკლი ფერაძეს ნომერზე 577 32 77 55;

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19 ან 2 02 25 25;

გისურვებთ ჯანმრთელობას!