კითხვა: მოგესალმებით, მთელს სხეულზე მაქვს ცხიმგროვები ანუ ლიპომები სხვადასხვა ზომის, ზოგი დიდია დაახლოებით 6 სმ სიგრძეში . მაქვს ძალიან ბევრი თითქმის 20 მდე სხვადასხვა ადგილზე. შესაძლებელია თუ არა განკურნება? ლიპიდური ცვლის დარღვევა არის თუ არა კავშირში ამ ყველაფერთან და სად შეიძლება ჩავიტარო ანალიზები. მირჩიეთ, გმადლობთ წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
ლიპომასთან დაკავშირებით ბევრი პაციენტი მოგვმართავს, ამიტომ შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
ყველაზე გავრცელებული რბილქსოვილოვანი წარმონაქმნია ლიპომაცხიმოვანი ლიპობლასტომა.
ლიპომა ნელა იზრდება, აქვს თხელი ფიბროზული გარსი და არ არის მტკივნეული.
იგი წარმოადგენს რბილი კონსისტენციის, უმეტესად მოძრავ, კანქვეშა წარმონაქმნს. ლიპომების უმრავლესობა მცირე ზომის კანქვეშა კვანძია, რომლებსაც კოსმეტიკური მოსაზრებით იშორებენ, თუმცა შესაძლოა დიდ ზომებსაც მიაღწიოს. ასე უმეტესად მაშინ ხდება, როცა ლიპომა დაფარულ ადგილასაა და პაციენტი არ ჩქარობს მის მოშორებას.
მისი წარმოშობის ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. სავარაუდოდ, ლიპომა ცხიმოვანი ქსოვილის დისემბრიოგენეტიკური ჩანასახებისგან ვითარდება, ზოგჯერ – სიმეტრიულადაც.
ლიპომის დიაგნოზის დასმა რთული არ არის, მაგრამ თუ ეჭვი გაგვიჩნდა – ლიპომა მეტისმეტად დიდია, ატიპურად მდებარეობს ან სხვა მიზეზის გამო ეჭვს ბადებს, პაციენტს ჯერ ექოსკოპიური გამოკვლევის შემდეგ კი, საჭიროებისამებრ, ბიოფსიის ჩატარებას ვურჩევთ.
ბიოფსია ზუსტ მონაცემებს გვაწვდის წარმონაქმნის უჯრედული შენების შესახებ. მართალია, ლიპომის გადაგვარების შანსი მცირეა, მაგრამ იშვიათად ამგვარი წარმონაქმნი ლიპოსარკომა აღმოჩნდება ხოლმე, ამიტომ საეჭვო შემთხვევაში თავის დაზღვევა ჯობია. სხვა გართულებები მოსალოდნელი არ არის. ლიპომა ძალიან იშვიათად ინფიცირდება.
ლიპიდური სპექტრის ცვლილებები არ არის კავშირში ლიპომასთან, რაც შეეხება ანალიზებს, უპირველეს ყოვლისა უნდა მიბრძანდეთ ექიმთან, რომელიც შეაფასებს ვიზუალურად, ლიპომასთან გვაქვს საქმე თუ ათერომასთან და ამის შემდეგ დაგინიშნავთ შესაბამის კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ქირურგთან კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა