მეცნიერებმა და მედიკოსებმა შეიმუშავეს სპეციალური ფორმულა, რომელსაც ეწოდება სხეულის მასის ინდექსი (Body Mass Index). სწორედ სხეულის მასის ინდექსის საშუალებით გამოითვლება, თუ რამდენად შეესაბამება არსებული პროპორცია ბიოლოგიურ ნორმას.
BMI სხეულის მასის ინდექსი (Body Mass Index) გამოითვლება შემდეგი ფორმულით – BMI=m/h2, სადაც m – ადამიანის სხეულის მასაა კილოგრამებში, ხოლო h – სიმაღლე მეტრებში.
თქვენი სხეულის მასის ინდექსის გამოსათვლელად შესაბამის ველებში უნდა მიუთითოთ სიმაღლე და წონა.
შედეგი ასეთია:
- თუ სხეულის მასის ინდექსი 16–ზე ნაკლებია, ადამიანს აქვს სხეულის მასის დიდი დეფიციტი;
- 16–დან 18.5–მდე მიუთითებს სხეულის მასის დეფიციტზე (წონის დეფიციტი);
- 18.5–დან 25–მდე პიროვნება ნორმალური წონისაა;
- 25–დან 30–მდე მაჩვენებელი ზედმეტ წონას (ჭარბი წონა) განსაზღვრავს;
- 30–ზე მეტი შედეგი კი სიმსუქნეზე მიუთითებს.
ამასთან, მეცნიერები სიმსუქნის 3 ხარისხს გამოჰყოფენ, კერძოდ:
1. სხეულის მასის ინდექსის მაჩვენებელი 30–35 მიეკუთვნება პირველი ხარისხის სიმსუქნეს;
2. სხეულის მასის ინდექსის მაჩვენებელი 35–40 მეორე ხარისხის სიმსუქნეა;
3. თუ სხეულის მასის ინდექსი 40–ზე მეტია ფიქსირდება მესამე ხარისხის, ანუ მორბიდული (მორბიდული – ავადმყოფობა, პათოლოგია) სიმსუქნე.
სიმსუქნე ორგანიზმში ჭარბი ცხიმის დაგროვებაა, რომელიც ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 1980 წლიდან დღემდე მსოფლიოში სიმსუქნის მაჩვენებელი ორჯერ გაიზარდა.
თუმცა ბევრ ადამიანს ავიწყდება, რომ ჯანმრთელობისთვის მავნებელია როგორც ჭარბი წონა, ისე წონის დეფიციტიც (როცა პიროვნების წონა რეკომენდებულზე, ნორმალურზე დაბალია – სახიფათო, ზედმეტი სიგამხდრე).
გისურვებთ ჯანმრთელობას!