თავის ტვინის ანევრიზმის კიდევ ერთი წარმატებული ოპერაცია ქირურგიის ეროვნულ ცენტრში

თავის ტვინის ანევრიზმის კიდევ ერთი წარმატებული ოპერაცია ქირურგიის ეროვნულ ცენტრში

ურთულესი ენდოვასკულური ოპერაცია

რამდენიმე დღის წინ, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში 35 წლის ქალბატონი თავის ტვინის ანევრიზმით შემოიყვანეს. პაციენტს აღენიშნებოდა დეზორიენტაცია და ფსიქომოტორული აგზნება.

 

ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიით თავის ტვინში სისხლჩაქცევა დაფიქსირდა. ამის შემდეგ, კვლავ ჩატარდა კტ კვლევა სისხლძარღვოვან რეჟიმში, რამაც თავის ტვინში საკმაოდ დიდი ზომის პარკისებური ანევრიზმა გამოავლინა. დაწვრილებით ოპერაციის რისკებსა და შედეგზე ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეიროქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ეგუტიძე გვესაუბრება:

 

ოპერირებამდე ჩატარებულმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ პაციენტს თავის ტვინში დიდი ზომის პარკისებური ანევრიზმა ჰქონდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ანევრიზმიდან დამატებითი მაგისტრალური სისხლძარღვი გამოდიოდა, რაც ტექნიკურად ძალიან ართულებდა ოპერაციას. ეს მდგომარეობა, ოპერაციის შემდეგ, პაციენტში, იშემიური ინსულტის განვითარების რისკებს საკმაოდ ზრდიდა. ასევე არსებობდა საშიშროება, ოპერაციის მიმდინარეობისას, განმეორებით გამსკდარიყო ანევრიზმა და მყისიერად დამდგარიყო ლეტალური შედეგი.

 

ზოგადად, თავის ტვინის ანევრიზმა სისხლძარღვოვანი პათოლოგიაა, მაგისტრალური სისხლძარღვის პარკისებური გამობერილობა. ის საშიშ დიაგნოზად იმიტომ ითვლება, რომ შემთხვევების 60% სიკვდილიანობას, ან ღრმა ინვალიდიზაციას იწვევს. ასე რომ, ძალიან რთული გადაწყვეტილების წინაშე ვიდექით როგორც ექიმები, ისე ოჯახის წევრები. საბოლოოდ, მოწვეულ კონსილიუმზე, ოჯახთან შეთანხმებით, სასწრაფო ქირურგიული ჩარევა გადაწყდა!

 

სიმართლე გითხრათ, ემოციური და რთული იყო ოპერაციის დაწყება, რადგან 35 წლის გოგოს ცხოვრება საოპერაციო მაგიდაზე გადიოდა. თუმცა, ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა და ანევრიზმაც სრულად გამოითიშა!

 

ქირურგიული ჩარევის შემდეგ, პაციენტს პოსტოპერაციული დეფიციტი და გართულება არ აღენიშნება, კარგად გრძნობს თავს. ჩვენს კლინიკაში გაატარებს ოთხ დღეს, რის შემდეგაც რეაბილიტაციის პროცესსა და მკურნალობის კურსს სახლში განაგრძობს. რა თქმა უნდა, უბედნიერესია მისი ოჯახი და ჩვენი კლინიკის სამედიცინო პერსონალი კიდევ ერთი ურთულესი ოპერაციის ბედნიერი დასასრულით!


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად