ქირურგ გიგო ფიჩხაიას მიერ ჩატარებულმა ოპერაციამ კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე იხსნა!

ქირურგ გიგო ფიჩხაიას მიერ ჩატარებულმა ოპერაციამ კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე იხსნა!

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქირურგიის დეპარტამენტი

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა, გულ-მკერდის არეში მიყენებული ოთხი ჭრილობით, 55 წლის მამაკაცი შემოიყვანა. კლინიკურად შოკის სურათი თვალსაჩინო იყო, თუმცა, საჭირო იყო დიფერენციული დიაგნოსტირება და გულის დაზიანების დადგენისთანავე, რამდენიმე წუთში პაციენტი აყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში

გულ-მკერდის გაკვეთის შემდეგ, რევიზიით გულის მწვერვალთან მარცხენა პარკუჭში  აღმოჩნდა ორი ჭრილობა. აქედან ერთი, ერთ სანტიმეტრამდე ზომის შემავალი და ძლიერ სისხლმდენი, მეორე კი, ნაჩხვლეტი, არაშემავალი. გაკვეთიდან სისხლის გაჩერების მომენტი იყო 1,5-2 წუთი. ოპერაცია სათანადო უბნების გაკერვით და პერიკარდისა და პლევრის დრენირებით დასრულდა. ამ ოპერაციის დეტალებსა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაწვრილებით თავად ოპერატორი ქირურგი და ქირურგიის დეპარტამენტის უფროსი გიგო ფიჩხაია გვესაუბრება:

„ურთულესი ოპერაცია ჩატარდა! მოკლედ რომ გითხრათ, მომუშავე, მფეთქავ გულზე დავადეთ სამი ნაკერი. ასეთი ტრავმის დროს, პაციენტთა 80-90% კლინიკამდე ცოცხალიც კი ვერ აღწევს, თუმცა, მოგეხსენებათ, მხოლოდ კლინიკამდე მიღწევა როდია საკმარისი, თუ ჰოსპიტალი სათანადოდ მომზადებული არ დახვდა! შეიძლება ითქვას, ამ მამაკაცს გაუმართლა, რომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში იქნა მოყვანილი. რა თქმა უნდა, ასეთ დროს, დადებითი შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია პაციენტის სწრაფი დიაგნოსტირება და შესაბამისი ჩარევა, რაც უნიკალურად შეასრულა ჩვენი ცენტრის მედპერსონალმა.

შეიძლება, მოსაყოლად მარტივია, თუმცა, ამის განსახორციელებლად უდიდესი რესურსია საჭირო. ბოლო ნაკერის დადების შემდეგ, საოპერაციოში სიჩუმემ დაისადგურა. ეს გახლდათ კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე და სიკვდილზე გამარჯვების წუთები. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია უმოკლეს დროში დასრულდა, საოპერაციოდან გამოსულებმა, ყველამ ერთად ვიგრძენით ფიზიკური და ემოციური დაღლა, თუმცა, ამ დაღლას ჩვენთვის სასურველი შედეგი გვიქარწყლებდა. პაციენტი ორი დღის განმავლობაში კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში იმყოფებოდა, შემდეგ კი, გადმოყვანილი იქნა ქირურგიის განყოფილებაში.

ახლა, ის უკვე სტაბილურია, უკეთ გრძნობს თავს. დღეს ბინაზე გაეწერება და მკურნალობას სახლის პირობებში განაგრძობს. შემდგომი მონიტორინგისა და მეთვალყურეობის მიზნით, უკვე ჩართულია კარდიოლოგი და კარდიოქირურგი, რომელთა ზედამხედველობის ქვეშაც განაგრძობს მედიკამენტების მიღებას და მკურნალობას.“


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად