გამსკდარი ანევრიზმის მქონე პაციენტს მუცლის აორტისა და თეძოს არტერიის პროთეზირება წარმატებით ჩაუტარდა

გამსკდარი ანევრიზმის მქონე პაციენტს მუცლის აორტისა და თეძოს არტერიის პროთეზირება წარმატებით ჩაუტარდა

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ეკიპაჟმა ხანდაზმული პაციენტი მიიყვანა.

ნიუსში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

ემერჯენსის დეპარტამენტში შეყვანისას უკვე ფიქსირდებოდა ზოგადი მძიმე მდგომარეობა, შოკის კლინიკა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. პაციენტი გადავიდა მართვით სუნთქვაზე.

ჰემოდინამიკის სტაბილიზაციის მიზნით, რეანიმატოლოგთა ჯგუფმა დაიწყო ინოტროპული მხარდაჭერა (წნევის პარამეტრების შენარჩუნება სპეციალური მედიკამენტებით).

რა უნდა იცოდეთ კლინიკური შემთხვევის შესახებ?

ჩატარდა მუცლის ღრუსა და პლევრის ღრუს ულტრაბგერითი კვლევა, რის საფუძველზეც გამოვლინდა მუცლის ღრუში გამონაჟონის არსებობა.

როგორც ჩვენთან ინტერვიუში ქირურგიის ეროვნული ცენტრის რეანიმატოლოგმა მანუელა ფიფიამ განაცხადა, კვლევებით დიაგნოსტირდა მუცლის აორტის გამსკდარი ანევრიზმა.

„კლინიკაში შემოსვლისას, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, პაციენტი ვერ გვითითებდა სიმპტომებისა თუ ჩივილების შესახებ. ჰოსპიტალიზირებამდე პაციენტი შეაწუხა მუცლის არეში ძლიერი ხასიათის ტკივილმა. ტკივილის ფონზე განვითარდა არტერიული წნევის დაქვეითება, პროფეზული ოფლიანობა. ოჯახის წევრებმა გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა“, – განაცხადა ქალბატონმა მანუელამ.

პაციენტი მუცლის აორტის გამსკდარი ანევრიზმის დიაგნოზით კლინიკაში შემოსვლიდან 21 წუთში გადაიყვანეს ჰიბრიდულ საოპერაციო ბლოკში, სადაც ჩატარდა მუცლის აორტისა და თეძოს არტერიის პროთეზირება.

ოპერაციისა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი ვთხოვეთ კლინიკის ენდოვასკულური დეპარტამენტის ანგიოქირურგს გიორგი კენჭაძეს.

„პაციენტს ჰქონდა მუცლის აორტის გამსკდარი ანევრიზმა, ასევე გულმკერდისა და თეძოს არტერიების ანევრიზმები, თუმცა ეს უკანასკნელი (გულმკერდისა და თეძოს) არ იყო გამსკდარი. ჩატარდა მუცლის აორტისა და თეძოს არტერიის პროთეზირება. როდესაც საქმე გამსკდარ ანევრიზმას ეხება, ყოველი წამი გადამწყვეტია, სწორედ ამიტომ პაციენტი დროის დაკარგვის გარეშე გადავიყვანეთ საოპერაციო ბლოკში და აღმოვუჩინეთ შესაბამისი დახმარება“, – განაცხადა ბატონმა გიორგიმ.

ოპერაციამ ჩაიარა ყოველგვარი გართულების გარეშე, ამჟამად პაციენტი მკურნალობას აგრძელებს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში.

რა უნდა იცოდეთ ანევრიზმაზე?

ანევრიზმა ერთ–ერთი საშიში პათოლოგიაა და მედიკოსები ამ დაავადებას შენელებული მოქმედების ნაღმს უწოდებენ.

იგი წარმოადგენს აორტის ადგილობრივ ან გავრცობილ გაგანიერებას, რომელიც ძირითადად, გულმკერდისა და მუცლის მონაკვეთში ვითარდება.

პათოლოგიის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი დაავადებები, გარკვეულ როლს თამაშობს არაჯანსაღი ცხოვრების წესიც.

ერთმანეთისგან განასხვავებენ ჭეშმარიტ და ცრუ ანევრიზმებს; ცრუ ანევრიზმა, როგორც წესი, ტრავმის შემდგომ ყალიბდება.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ერთ სივრცეში სწრაფად და ეფექტურად ხდება ანამნეზის, სიმპტომებისა და ინსტრუმენტული კვლევების საფუძველზე სწორი დიაგნოზის დასმა და შესაბამისი, ადეკვატური მკურნალობა.

სწრაფი მოქმედება და ანგიოქირურგის პროფესიონალიზმი, გამოცდილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაშინ, როცა საქმე გამსკდარ ანევრიზმას ეხება.

სტატიაში წარმოდგენილი ურგენტული კლინიკური შემთხვევის დროული და ეფექტური მართვა სწორედ ერთ–ერთი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამ პათოლოგიის მკურნალობისას მრავალპროფილურობა, სხვადასხვა პროფილის ექიმის ერთდროული ჩართულობა და დიაგნოსტირებისთვის საჭირო ყველა სამედიცინო აპარატურით დეპარტამენტის აღჭურვა.

გისურვებთ ჯანმრთელობას!


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად