რატომ არის საყურადღებო ყელის ტკივილი და რა სერიოზულ გართულებებს იწვევს ერთი შეხედვით უმნიშვნელო სიმპტომი?

რატომ არის საყურადღებო ყელის ტკივილი და რა სერიოზულ გართულებებს იწვევს ერთი შეხედვით უმნიშვნელო სიმპტომი?

ზამთრის მოახლოებასთან და ტემპერატურის კლებასთან ერთად გაციების რისკი იზრდება.

ინტერვიუში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

თუმცა ყელის ტკივილი ბევრი ადამიანისთვის ყურადსაღებ სიმპტომს არ წარმოადგენს და როგორც წესი, ამ მიზეზით ექიმს არ მიმართავს.

ყელის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი ინფექციებით.

ყელის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

  • ანგინა (ტონზილიტი) და ფარინგიტი გამოწვეული A ჯგუფის ბეტა ჰემოლიზური სტრეპტოკოკით;
  • ხორხის ტრავმა (ყვირილის, სიმღერის დროს);
  • ეპიგლოტიტი (ხორხსარქველის მწვავე ანთება);
  • პერიტონზილარული აბსცესი (ანგინით გამოწვეული გართულება, რომელიც გლანდების ირგვლივ ჩირქგროვით ხასიათდება).

ნაკლებად გავრცელებული მიზეზებია: უცხო სხეული სასუნთქ გზებში, ინფექციური მონონუკლეოზი, სიმსივნეები (ენის, ხახის, ხორხის), ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, დიფტერია, სისტემური დაავადებები (კავასაკი, სტივენ ჯონსის სინდრომი), ხველა.

რასაკვირველია, აფთიაქში ყელის ტკივილის არაერთი სამკურნალო პრეპარატია ხელმისაწვდომი, მაგრამ ეს ვერ შეცვლის შესაბამისი ექიმ–სპეციალისტის კონსულტაციას. დაუშვებელია ანტიბიოტიკების თვითნებურად მიღება. ყელის ტკივილი სავსებით შესაძლებელია რიგი საშიში დაავადებების ერთ–ერთი სიმპტომი იყოს და შესაბამისად, დროულ დიაგნოსტირებასა და სწორ მკურნალობას საჭიროებდეს.

სწორედ ამ თემაზე გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ოტო–რინო–ლარინგოლოგი რუსუდან კონცელიძე.

როდის მივმართოთ ექიმს, ანუ რა შემთხვევაშია აუცილებელი ყელის ტკივილის გამო კლინიკაში მისვლა?

ექიმთან ვიზიტი აუცილებელია როცა:

  • ყელის ტკივილი გრძელდება 48 საათზე დიდხანს სხვა სიმპტომების ან გრიპის გარეშე;
  • ყელის ტკივილს თან ახლავს ტემპერატურის მკვეთრი მატება;
  • გადიდებულია კისრის ლიმფური ჯირკვლები;
  • გადიდებულია როგორც კისრის, ისე საზარდულისა და იღლიის ლიმფური კვანძები;
  • ხმის ტემბრის შეცვლისას;
  • ნუშურა ჯირკვლებზე (გლანდებზე) ან ხახის უკანა კედელზე შესამჩნევია ჩირქოვანი საცობები ან ნადები.

yelis-tkivili

ყელის ტკივილთან ერთად რომელ სიმპტომებს შეიძლება უჩიოდეს პაციენტი?

პაციენტი შეიძლება უჩიოდეს და როგორც წესი, ყელის ტკივილს თან ახლავს: საერთო სისუსტე, ყლაპვის გაძნელება და ტკივილი ყლაპვის დროს, ჰიპერსალივაცია (გაძლიერებული ნერწყვდენა), სუნთქვის გაძნელება, ხმის ტემბრის შეცვლა, სურდო და ხველა. ასევე შეიძლება გამოვლინდეს ლიმფური კვანძების გადიდება და ტკივილი.

რა ტიპის გართულება შეიძლება გამოიწვიოს ყელის ტკივილმა?

აღსანიშნავია, რომ გართულების ყველაზე ხშირი მიზეზი თვითმკურნალობაა ან ის ფაქტი, რომ პაციენტი საერთოდ არ მკურნალობს. განსაკუთრებით საშიშია სტრეპტოკოკური ფარინგიტი და ანგინა, რომელიც შეიძლება გართულდეს არაჩირქოვანი პათოლოგიებით, მაგალითად, რევმატიული ცხელებით, სეპტიური ართრიტით, მწვავე გლომერულონეფრიტით. ჩირქოვანი გართულებებიდან უნდა აღვნიშნოთ ბაქტერიემია (ბაქტერიების არსებობა სისხლში), პერიტონზილარული აბსცესი, მედიასტინიტი (აბსცესის იშვიათი გართულება, რომელიც ვრცელდება შუასაყარში), ენდოკარდიტი (გულის ამომფენი ენდოკარდიუმის ანთება), კისრის ლიმფური კვანძების გადიდება და ანთება, მასტოიდიტი (საფეთქლის ძვლის დვრილისებრი მორჩის ანთება), შუა ყურის ანთება.

ყველა ამ გართულების პრევენციის ეფექტური მეთოდი ექიმთან დროული მიმართვა და შესაბამისად, მკურნალობაა.

რა გზით ადგენთ სახიფათოა თუ არა ყელის ტკივილი, ანუ რა ტიპის დიაგნოსტირებას სთავაზობთ პაციენტებს?

პირველ რიგში მნიშვნელოვანია სწორად შეგროვილი ანამნეზი. რასაკვირველია, ვიკვლევ ოროფარინგეალურ (პირ–ხახის) არეს, ვათვალიერებ სასის ტონზილებს, ვაფასებ რეგიონული ლიმფური კვანძების მდგომარეობას და ჩვენების მიხედვით (საჭიროების შემთხვევაში), პაციენტს ვუნიშნავ ლაბორატორიულ კვლევებს, ნაცხის ბაქტერიოლოგიურ ანალიზს (მგრძნობელობას ანტიბიოტიკების მიმართ), ლიმფური კვანძების ულტრაბგერით კვლევას.

სადიაგნოსტიკო პროცედურებისა და კვლევების საფუძველზე ვსვამ დიაგნოზს და ვნიშნავ შესაბამისი მკურნალობის კურსს.

janmrteli-yeli

რას გვეტყვით მკურნალობის მეთოდებზე?

პაციენტს უტარდება ინდივიდუალური მიდგომით კონსერვატიული მკურნალობა. ვირუსული ეტიოლოგიის ყელის ტკივილის დროს მკურნალობა სიმპტომურია.

სტრეპტოკოკური ფარინგიტისა და ტონზილიტის დროს საჭიროა შესაბამისი ანტიბიოტიკოთერაპია.

ამასთან, თუ ანტიბიოტიკის მიღებიდან 48–72 საათში სასურველი შედეგი არ დადგა, საჭიროა დამატებითი კვლევები.

ოპერაციული მკურნალობა ტონზილექტომია (გლანდების ამოკვეთა) საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აქვს ხშირი ანგინა 4–5ჯერ წელიწადში, გადატანილი აქვს პერიტონზილარული აბსცესი, ხშირი ანგინების გამო რომელიმე შინაგანი ორგანოსმხრივი (საყურადღებოა სახსრები, თირკმელები, გული) ცვლილებები აქვს გამოხატული. ასევე თუ პაციენტს გადიდებული, ანუ ჰიპერტროფირებული ნუშურა ჯირკვლები აქვს, რაც ხელს უშლის სუნთქვასა და ყლაპვაში.

თუ ეს პრობლემები არ არის სასურველია, რომ შევინარჩუნოთ ნუშურა ჯირკვლები.

გისურვებთ ჯანმრთელობას!


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად