როდის არის ზღვაში ცურვა სასარგებლო ვარიკოზული ვენების მქონე ადამიანებისთვის, შეიძლება თუ არა ვარიკოზისას ქვედა კიდურების ქვიშაში ჩაფვლა და გარუჯვა?

როდის არის ზღვაში ცურვა სასარგებლო ვარიკოზული ვენების მქონე ადამიანებისთვის, შეიძლება თუ არა ვარიკოზისას ქვედა კიდურების ქვიშაში ჩაფვლა და გარუჯვა?

ვარიკოზი, ანუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება ვენების დაავადებაა, რომელიც იწვევს მათი სანათურის გაფართოებას და ვენური კედლის გათხელებას.

როგორც წესი ამ დაავადებით ქალები მამაკაცებთან შედარებით სამჯერ ხშირად ავადდებიან.

საქართველოში ამ დიაგნოზით ბევრი ადამიანი ავადობს. თუ გსურთ, რომ შეიტყოთ რა მეთოდებით მკურნალობენ ვარიკოზულ დაავადებას ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, იხილეთ ლინკი.

ამ კონკრეტულ ინტერვიუში კი ვარიკოზის მქონე მკითხველი რეკომენდაციებს გაეცნობა იმასთან დაკავშირებით თუ როდის არის სასარგებლო ზღვაში ცურვა, რეკომენდებულია თუ არა გარუჯვა, წყლის რა ტემპერატურა აისახება დადებითად მის ჯანმრთელობაზე, შეიძლება თუ არა ქვედა კიდურების ქვიშაში ჩაფვლა და სხვა.       

ცნობილია, რომ ზაფხულში საცურაო კოსტუმსა თუ ქვედაბოლოში ვარიკოზული ვენების მქონე ზოგიერთი ქალი თავს კომფორტულად ვერ გრძნობს, ბევრი მათგანისთვის სისხლძარღვოვანი ვარსკვლავებით „მოხატული“ ფეხები ნამდვილი თავსატეხია და ფიქრობს, რომ მას რუჯით დაფარავს, თუმცა ვარიკოზის დროს სანაპიროზე ნებივრობა ნამდვილად ცუდი არჩევანია, რადგან მზე სახიფათოა ვარიკოზისთვის!

დაგვეთანხმებით, რომ ივლისი და აგვისტო წელიწადის ის თვეებია, როცა მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, ყველაზე მეტი ტურისტი თუ ადგილობრივი სტუმრობს ზღვის კურორტებს.

თუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება გაქვთ და ზღვაში, მდინარეში, ტბასა თუ აუზში ცურვას გეგმავთ, გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები.  

გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლძარღვთა, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის   დეპარტამენტის   უფროსი, მედიცინის   მეცნიერებათა  დოქტორი, პროფესორი ირაკლი ფერაძე.

„ცურვა უაღრესად სასარგებლოა ვენური უკმარისობის და ვარიკოზის მქონე ადამიანებისთვის. წყლის ზემოქმედების წყალობით, ვენური შეგუბება აღარ ხდება, მაგრამ როგორც კი ზღვიდან ამობრძანდებით და თქვენს ვენებს მზის სხივი მოხვდება, ის ყველა დადებითი თვისება, რასაც ზღვის წყალი გვთავაზობს დაიკარგება. მცირე ხნითაც კი მზის სხივი და მაღალი ტემპერატურა კვლავ აფართოებს კვანძებს“, – აცხადებს ბატონი ირაკლი.  

– რა უნდა გაითვალისწინონ მათ, ვისაც აქვთ ვარიკოზი და ზღვის სანაპიროზე ნებივრობას გეგმავენ?

უნდა შეიმოსონ ისე, რომ ფეხი მზის სხივებისგან დაცული იყოს. როცა ვარიკოზი გაქვთ და თვალნათლივ ჩანს ქვედა კიდურებზე ვენური „ობობები“ ან შეშუპებები მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ მზის გულზე ყოფნას. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სიცხე, მზე ართულებს მდგომარეობას, ხოლო სიგრილე აუმჯობესებს.

– ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ვარიკოზული ვენებისთვის სასარგებლოა ქვედა კიდურების ქვიშაში ჩაფვლა. რამდენად ეფექტურია ეს მეთოდი და აქვს თუ არა რაიმე დატვირთვა?

გასათვალისწინებელია ორი მომენტი – ძვალ–სახსროვანი სისტემის დაავადებებისთვის მაგნიტური ქვიშა კარგია, ანუ თბილ ქვიშაში კიდურების ჩაფვლა სამკურნალო პროცედურაა, მაგრამ თუ ვსაუბრობთ ვარიკოზზე – ეს ჩვევა დაივიწყეთ! ნებისმიერი სახის სიცხე ქვიშა იქნება თუ სხვა, ვარიკოზული დაავადებისთვის არის დამღუპველი. წარმოიდგინეთ, რომ მაგნიტური ქვიშის დადებითი თვისებებიც კი უმალ ქრება, როცა ვარიკოზის დროს ფეხები ქვიშაშია ჩამალული. თუ მაინც გსურთ, რომ ქვედა კიდურები ქვიშით დაფაროთ იზრუნეთ იმაზე, რომ ქვიშა იყოს გრილი, ნოტიო.

– ზოგიერთი ქალბატონი ფიქრობს, რომ რუჯით ადვილად დამალავს ვარიკოზისგან გამოკვეთილ ვენებს. გთხოვთ, ჩვენს მკითხველს განუმარტოთ რატომ არ უნდა მოიქცეს ასე?

– რუჯი მეტად აჩქარებს და ხელს უწყობს ვენური „ობობების“ განვითარების პროცესს. გაინტერესებთ რა მოხდება? შეიძლება იმ წუთში რუჯმა შედარებით დამალოს ვენური „ობობები“, მაგრამ ზაფხულის სეზონის მიწურულს, როცა ბუნებრივად ვეღარ ისარგებლებთ მზის აბაზანებით შენიშნავთ, რომ ფეხებზე ვენები ორჯერ მეტადაა გამოკვეთილი.

– ბატონო ირაკლი, მოგეხსენებათ ზაფხულში დიდი პოპულარობით სარგებლობს ზღვაში, მდინარეში, ტბასა თუ აუზში ცურვა. ყველა ადამიანი უნდა მოერიდოს შუადღის მზეზე ნაპირზე ყოფნას. როგორც ინტერვიუმდე ჩვენთან საუბარში განმარტეთ, შუადღის მზე განსაკუთრებით სახიფათოა ვარიკოზისთვის. გთხოვთ, მკითხველს აუხსნათ რატომ უნდა მოერიდნონ მზის გულზე ყოფნას?

– მზე სახიფათოა ვარიკოზისთვის! მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას. შედეგი ასეთია – თუ მზის გულს მიეფიცხებით, იმ შედეგს მიიღებთ რაც 10 წლის შემდეგ დაფიქსირდებოდა. ვენებზე მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება ათჯერ აჩქარებს დაავადების განვითარებას. 

– ინტერვიუს ვარიკოზული ვენებით დაავადებული ბევრი ადამიანი წაიკითხავს. დღის რომელ მონაკვეთში (რომელ საათებში) გავიდნენ სანაპიროზე და წყლის რა ტემპერატურაა მათთვის სასარგებლო?

სასარგებლოა გრილი წყალი და ნაკლები სიცხე. იდეალურია სანაპიროზე გასვლა დილით ადრე 11:00 საათამდე და საღამოს 18:00 საათის შემდეგ. დროის სწორედ ამ ინტერვალში შეგიძლიათ ისიამოვნოთ ზღვაში ცურვით და გაიუმჯობესოთ მდგომარეობა!

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართიქალაქი თბილისიდიღომიჩაჩავას N5;

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19 ან 2 02 25 25;

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლძარღვთა, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის უფროსს, ირაკლი ფერაძეს ნომერზე 577 32 77 55;

გისურვებთ ჯანმრთელობას!