ანგინა (სამედიცინო ენაზე მწვავე ტონზილიტი) მწვავე ინფექციური დაავადებაა.
ინტერვიუში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
როგორც წესი, ყელის ტკივილი იმ სიმპტომთაგან ერთ–ერთია, რომლის გამოც პაციენტი იშვიათად თუ მიმართავს კლინიკას და შემთხვევათა დიდ პროცენტში ან თვითმკურნალობას ცდილობს, ან საერთოდ არ მკურნალობს.
ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სიმპტომი, დისკომფორტი, რომელიც ხშირია ზამთრის ცივ დღეებში, სავსებით შესაძლებელია სხვადასხვა დაავადებაზე მიგვანიშნებდეს ან ისეთი მდგომარეობით გართულდეს როგორიცაა მწვავე ტონზილიტი; იგი, ძირითადად, სასის ნუშურების დაზიანებით მიმდინარეობს. უფრო იშვიათად ზიანდება ხახის და ენის ნუშურები, ხორხის და გვერდითი რკალების მიდამო.
რა არის ანგინა
სამედიცინო პრაქტიკაში ტერმინით „ანგინა“ აღნიშნავენ სასის ნუშურების დაავადებას, ხოლო როცა ზიანდება სხვა ნუშურები, ტერმინს ამატებენ ნუშურის სახელწოდებას. ამ კონკრეტულ ინტერვიუში ვისაუბრებთ უშუალოდ მწვავე ტონზილიტზე.
გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ოტო–რინო–ლარინგოლოგი რუსუდან კონცელიძე.
– რა სიმპტომებით ვლინდება ანგინა?
– მისთვის დამახასიათებელია:
- ძლიერი ტკივილი ყლაპვის დროს;
- ყლაპვის გაძნელება;
- ხშირი ნერწყვდენა (სალივაცია);
- ინტოქსიკაციიდან გამომდინარე: საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, ტკივილი სახსრებში, შემცივნება, ცხელება (38–39 გრადუსამდე).
ცნობისათვის, უფრო ხშირად ავადობენ სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვები, ასევე მოზრდილები 40 წლამდე.
რასაკვირველია, შემოდგომა–ზამთრის სეზონზე გაციება გაცილებით მარტივია, აგრეთვე ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები ადვილად აზარალებს ბავშვთა და მოზრდილთა დასუსტებულ ორგანიზმს. გასათვალისწინებელია გაზაფხულზე ცვალებადი ამინდისა და ავიტამინოზის ფაქტორიც. ზაფხულში კი, ერთეული შემთხვევები ვლინდება.
– რით განსხვავდება ანგინა ყელის ტკივილისგან?
– ჩვეულებრივი ყელის ტკივილისგან განსხვავებით, როგორც წესი, ამ პათოლოგიის დროს ტკივილი ბევრად უფრო ინტენსიურია, გაძნელებულია ყლაპვა, რასაც ემატება ზოგადი მდგომარეობის გაუარესება და სხეულის მაღალი ტემპერატურა (38–39 გრადუსამდე).
– რა უნდა ვიცოდეთ გამომწვევ მიზეზებზე?
– განსაკუთრებით ხშირი გამომწვევია ბაქტერიები სტაფილოკოკი და სტრეპტოკოკი (განსაკუთრებით A ჯგუფის ბეტა–ჰემოლიზური) და პნევმოკოკი. უფრო იშვიათად რომ ვირუსული და სოკოვანი ეტიოლოგიის იყოს.
– რას გვეტყვით ინკუბაციურ პერიოდზე?
– ვირუსული ეტიოლოგიის შემთხვევაში ინკუბაციური პერიოდი 1–6 დღეა, გადამდები პერიოდია სიმპტომების დაწყებამდე 1–2 დღე და 3 კვირა სიმპტომების დაწყებიდან.
სტრეპტოკოკული ეტიოლოგიის დროს ინკუბაციური პერიოდი 12 საათიდან 4 დღემდე გრძელდება, გადამდები პერიოდია 24 საათი ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებიდან ან 7 დღე სიმპტომების გაქრობიდან თუ არაა გამოყენებული ანტიბიოტიკი. ამასთან, ოჯახის წევრების დასნებოვნების რისკი დაახლოებით 25%–მდეა.
საშუალოდ, ავადობის ხანგრძლივობა 7 დღეა.
– რა გზით გადაეცემა?
– ინფექციის გადაცემის 2 გზაა: ეგზოგენური და ენდოგენური (აუტოინფექცია, ანუ თვითინფიცირება).
ეგზოგენურია ჰაერწვეთოვანი და ალიმენტური (კვებითი).
ენდოგენური ინფიცირება ხდება პირის ღრუდან და ხახიდან (მაგალითად, სასის ნუშურების ქრონიკული ანთება, კარიესული კბილები). ხელშემწყობი ფაქტორებია ზოგადი და ადგილობრივი გადაციება.
– რას გვეტყვით დაავადების ფორმებზე?
– კლინიცისტები დაავადებას ვულგარულ (ბანალურ) და ატიპიურ (იშვიათი) ფორმებად ყოფენ.
განასხვავებენ შემდეგ ფორმებს: I–კატარული, II-ფოლიკულური, III-ლაკუნური, IV-ფიბრინოზული, V-ჰერპესული, VI–ფლეგმონოზური, VII-წყლულოვან–ნეკროზული (განგრენოზული), VIII-შერეული ფორმები.
ბანალური ფორმიდან ხშირია: კატარული, ფოლიკულური და ლაკუნური.
კატარული შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება.
ფოლიკულურის დროს აღინიშნება ნუშურების დაჩირქებული ფოლიკულები, კატარულთან შედარებით უფრო ღრმად ზიანდება ნუშურების ქსოვილი.
ლაკუნურის მთავარი ნიშანია მოყვითალო ფერის ნადები (ჩირქი) ნუშურების ლაკუნებზე.
ატიპიური ფორმებია: წყლულოვან–ნეკროზული ანთება, სისხლის სისტემური დაავადებებისა და ლეიკოზის დროს განვითარებული და/ან ჰერპესული და სოკოვანი.
– რა საშიში გართულება შეიძლება გამოვლინდეს?
– გართულება შეიძლება იყოს ზოგადი და ადგილობრივი. ზოგადმა გართულებებმა შესაძლებელია თავი იჩინოს სტრეპტოკოკური ინფექციის დროს და ესენია:
- რევმატიული ცხელება, რომელიც ვლინდება პათოლოგიის გადატანიდან 2–3 კვირაში, აზიანებს გულის სარქველებს და გულის კუნთს (მიოკარდიტი);
- სეპტიკური ართრიტი – სახსრების ანთება;
- მწვავე გლომერულონეფრიტი (თირკმელების პათოლოგია), რომელიც ვლინდება მწვავე ტონზილიტის გადატანიდან 1–2 კვირაში.
ადგილობრივი გართულებებიდან საყურადღებოა:
- პერიტონზილარული აბსცესი (ჩირქი გადადის სასის ნუშურების ირგვლივ მდებარე ქსოვილებში);
- მწვავე ოტიტი (ყურის ანთება);
- მწვავე ლარინგიტი (ხორხის ანთება);
- ხორხის შეშუპება;
- კისრის მწვავე ლიმფადენიტი (ლიმფური ჯირკვლების ანთება);
- მედიასტინიტი (შუასაყარში ჩირქის გავრცელება).
– როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
– ექიმს უნდა მიმართოთ, თუ თვითმკურნალობის მიუხედავად (სავლები, ჩასაწუწნი აბები, სიცხის დამწევი პრეპარატები) არ მცირდება ყელის ტკივილი, უარესდება ყლაპვა და ზოგადი მდგომარეობა (თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი, შემცივნება, მაღალი ტემპერატურა).
როგორც წესი, საჭირო ხდება ანტიბიოტიკების ჩართვა მკურნალობაში. ანტიბიოტიკების მიღების ხანგრძლივობასა და ტიპს ადგენს ექიმი. უმძიმესი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, უნდა მიმართოთ ექიმ ოტო–რინო–ლარინგოლოგს.
დაუშვებელია ანტიბიოტიკების თვითნებურად, ექიმის რეკომენდაციის გარეშე მიღება!
ძლიერი ყელის ტკივილი მხოლოდ ანგინის სიმპტომი როდია; შეიძლება იყოს ისეთი დაავადებების ნიშანი როგორიცაა: ინფექციური მონონუკლეოზი, ქუნთრუშა, დიფტერია, ლეიკოზი.
– რას გვეტყვით დიაგნოსტირებაზე?
– სწორი დიაგნოზის დასადგენად დიდი მნიშვნელობა აქვს სრულფასოვნად შეკრებილ ანამნეზს. ვატარებ შესაბამის ინსტრუმენტულ (ფარინგოსკოპია) და ლაბორატორიულ (ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგია, ანტისტრეპტოლიზინის ტიტრის განსაზღვრა სისხლში, სისხლის საერთო ანალიზი) კვლევებს. საჭიროების შემთხვევაში ვნიშნავ კისრის რბილი ქსოვილების ულტრაბგერით კვლევას. დიაგნოსტიკური კვლევებისა და პაციენტის გასინჯვის საფუძველზე ვნიშნავ შესაბამის ადგილობრივ და ზოგად მკურნალობას. ინიშნება ანტიბიოტიკოთერაპია, პაციენტს ეძლევა შესაბამისი რეკომენდაცია.
– პრევენციის მიზნით, რა ღონისძიებების გატარებაა რეკომენდებული?
– პროფილაქტიკისთვის სასურველია:
- იმუნიტეტის გაძლიერება გაკაჟების მეშვეობით (კონტრასტული შხაპი, გრილი სასმელის ყლუპ–ყლუპობით მიღება);
- ფიზიკური აქტივობა;
- რეგულარული სეირნობა სუფთა ჰაერზე;
- ჯანსაღი კვება, რომელიც უნდა შედგებოდეს ვიტამინებისა და მიკროელემენტებისგან;
- პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა;
- პირის ღრუსა და ცხვირ–ხახაში ინფექციური კერების (კარიესი, სინუსიტი, ოტიტი) დროული აღმოფხვრა;
- დაავადებულ ოჯახის წევრთან მაქსიმალური დისტანცია (ისარგებლეთ პირბადით, გაანიავეთ ოთახი, სველი წესით დაამუშავეთ ზედაპირი);
- ხელების ხშირი დაბანა.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
რა აინტერესებთ პაციენტებს
ხმაური მარცხენა ყურში
კითხვა: მარცხენა ყურში მაქვს.ისეთი ხმა.თითქოს წყალია დაგუბებული.რისი ბრალია და რა ვქნა? 2. ერთი თვის წინ ამტკივდა თვალი.თითქოს ნემსები მქონდა ჩარჭობილი.ძლიერი ტკივილი და ცრემლდენა მქონდა.რამდენიმე საათის შემდეგ თავისით გამიარა.რისი ბრალია და რა ვქნა?
თავბრუსხვევა
კითხვა: ვცხოვრობ ჯანსაღი ცხოვრების წესით ერთ ღამით ადგომისას ცოტა გავიარე და ისეთი თავბრუ დამეხვა კინაღამ წავიქეცი რამდენიმე წუთის მერე შევძელი ტუალეტში და ისევ დავწექი დილით არაფერი ჩვეულებრივ გავაგრძელე ცხოვრება მივმართე ნევროლოგს რომელმაც ტახტზე სწრაფად დამაწვინა და თავბრუსხვევა იყო ასევე სწრაფად წამოდგომისას მითხრა ყურის შიგა მხარეს კრისტალია ამოვარდნილი და ასეთივე ვარჯიშებით სწრაფად დაწოლა ადგომებით გაივლისო უკვე ოთხი თვეა არ გადის მხოლოდ სწრაფ დაწოლა ადგომისასაათავბრუსხვევა თუ ჩვეულებრივ ნელა დაწვები და ადგები არაა რა ეშველება ამას
ყელის სპაზმი
კითხვა: ყელში მაქვს სპაზმი თითქოს რაღაც მიჭერს... ჭამაში არ მიშლის ხელს ..დაჭიმული მაქვს ყელი.. გლიცინს ვსვავ მაგრამ არ მიშველა..მირჩიეთ რა გავაკეთო
ცხვირის ძგიდის ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია
კითხვა: საღამომშვიდობისა ანუ მაქ ძგიდის ოპეაცია გაკეთებული და მაქსიმალურად ვუვლი ცხვის სპრეით და გაწმენდით .. სიგაეტს ვეწევი..ანუაი ტერესებს. ხველება ცემინება ან ცხვის უსიამოვნო გამოწვა (გამოწვა არახშირ შემთხვევაში ) ისევ ძგიდიდს გამრუდების პრობლემას ხომარ შემიქმნის ... ან ცხვის მოწმემდა სუდოს დროს ..გმადლობთ წიმასწარ
ცხვირის პოლიპი, ძგიდის გამრუდება
კითხვა: შვილს აწუხებს ცხვირის პოლიპები და ხრტილის გამრუდება.ასაკი-20 წლის. გთხოვთ მიპასუხოთ ორივე ერთად არის თუარა შესაძლებეი და რაარის ოპერაციის ღირებულება?არის თუარა ღამე შაღავათი დევნილებზე?
ქრონიკული ლარინგიტი
კითხვა: 84 წლის მოხუცებულს აწუხებს მუდმივი ხველა.დავალევინებთ ვალუ ბრონხოს, ორ ამპულა დექსამეტაზონს და 10-15 დღით დაახლოებით შეუწყდება ხველა. შემდეგ კვლავ ეწყება,ასე გრძელდება წლებია. თუ დიაგნოზი სწორია ქრონიკული ლარინგიტიაო. დაგვეხმარეთ უმორჩილესად გთხოვთ.