რა არის გლაუკომა

რა არის გლაუკომა

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მკურნალობენ ისეთ ოფთალმოლოგიურ პათოლოგიებს, როგორიცაა „გლაუკომა“

ინტერვიუში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

ტერმინი „გლაუკომა“ აერთიანებს თვალის დაავადებათა დაახლოებით 60 ჯგუფს. ამ პათოლოგიის დროს ვითარდება მხედველობის ნერვის დისკისა და ბადურის განგლიური უჯრედებისთვის დამახასიათებელი დაზიანება (ოპტიკური ნეიროპათია). გლაუკომისთვის დამახასიათებელი მხედველობითი ფუნქციების დარღვევების შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ოფთალმოლოგ-ქირურგი, ევროპის კატარაქტის და რეფრაქციული ქირურგების საზოგადოების წევრი (ESCRS) კონსტანტინე ჩიქოვანი.

ბატონო კონსტანტინე, რა არის „გლაუკომა“?

– იგი არ არის ერთი დაავადება, ესაა გარკვეულ მდგომარეობათა ჯგუფი, რომელიც იწვევს ოპტიკური ( მხედველობის ) ნერვის დაზიანებას, შედეგად მხედველობა უარესდება. ამის მიზეზი უმეტესად არის მომატებული წნევა თვალის შიგნით (თვალშიგა წნევა).

იგი თვალის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს სწრაფი პროგრესირება და იწვევს შეუქცევად სიბრმავეს. როგორც აღვნიშნე, პათოლოგია მოიცავს არა ერთ, არამედ მხედველობის ორგანოს სხვადასხვა სახის დაზიანების ჯგუფს, რომელშიც შეინიშნება თვალშიდა წნევის მუდმივი ან პერიოდული მატება, მხედველობის სიმახვილის და ნერვის ატროფიის შემცირება (ოპტიკური ნეიროპათია). პათოლოგიური პროცესი იწყება გვერდითი (პერიფერიული) მხედველობის გაუარესებით და მას, როგორც წესი, ადრეულ ეტაპზე სიმპტომები არ აღენიშნება, გარდა მხედველობის მნიშვნელოვანი გაუარესების, მკვეთრი შემცირების ან სრულად დაკარგვისა.

glaukoma-janmrteli-tvali

რა სიმპტომებით ხასიათდება „გლაუკომა“?

– ასეთ დროს სიმპტომები ვლინდება დაავადების ფორმების შესაბამისად.

ყველაზე გავრცელებული ფორმებია პირველადი ღიაკუთხოვანი და მწვავე დახურულკუთხოვანი. ასეთ დროს გვაქვს სრულიად განსხვავებული კლინიკური სურათი.

პირველადი ღიაკუთხოვანი გლაუკომის სიმპტომებია:

  • პერიფერიული მხედველობის თანდათანობითი დაკარგვა, ხშირად – ორივე თვალში;
  • მხედველობის ველის შევიწროება შორსწასულ სტადიებზე.

მწვავე დახურულკუთხოვანის სიმპტომებია:

  • თვალების ძლიერი ტკივილი;
  • გულისრევა და ღებინება (ახლავს თვალების ძლიერ ტკივილს);
  • მხედველობის დარღვევის უეცარი გამოვლინება, ხშირად – დაბალ შუქზე;
  • ბუნდოვანი მხედველობა;
  • ვიზუალური რგოლები მკვეთრი განათებისას;
  • თვალების სიწითლე.

ვინ შედის პათოლოგიის განვითარების რისკჯგუფში?

– ზოგადად, 60 წელს გადაცილებულ პირებს აქვთ განვითარების მომატებული რისკი. თუმცა, მნიშვნელოვანია ოჯახური ისტორია – ჰქონდა თუ არა პაციენტის ოჯახის რომელიმე წევრს ეს დაავადება, რადგანაც ხშირად აღინიშნება მემკვიდრეობითი მიდრეკილება. მისი განვითარება მოსალოდნელია, ასევე, დიაბეტის, ჰიპერტენზიის (მაღალი წნევის), გულის დაავადებების და ჰიპოთირეოზისას (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება). თვალის მძიმე, ტრავმული დაზიანება ზრდის თვალშიგა წნევასაც. სხვა რისკფაქტორებს მიეკუთვნება: ბადურის ჩამოშლა და ისეთი ანთებითი დაავადებები, როგორიცაა უვეიტი (თვალის შუა გარსის ანთება).

ბატონო კონსტანტინე, რას ურჩევდით პაციენტებს დაავადების პრევენციისთვის?

აუცილებელია ოფთალმოლოგთან წელიწადში ერთხელ მაინც გეგმური ვიზიტის განხორციელება, ჩივილების არსებობის შემთხვევაში კი, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს. იგი ხშირად ვითარდება პაციენტისათვის შეუმჩნევლად, რის გამოც ხშირია დაგვიანებული მიმართვები. დროული დიაგნოსტირებით შესაძლებელია დაავადების პროგრესირების შეჩერება და მისი სწორი მართვა.

როგორია დიაგნოსტირების მეთოდი?

ტონომეტრია – ამ პროცედურით იზომება თვალშიგა წნევა. ესაა საწყისი სკრინინგტესტი დაავადების გამოსავლენად. ასევე, მივმართავთ კვლევის ისეთ მეთოდებს, როგორიცაა:

  • ტესტი ოპტიკური ნერვის დაზიანების გამოსავლენად. მხედველობის ნერვის ბოჭკოების მდგომარეობის შესამოწმებლად თვალის ექიმი იყენებს ხელსაწყოს (OCT), რომლითაც შეუძლია, გუგის გავლით დაათვალიეროს უშუალოდ თვალის უკანა ნაწილი. ამ გამოკვლევის დახმარებით შესაძლებელია მისი საწყის ეტაპზე გამოვლენა;
  • პერიფერიული (გვერდითი) მხედველობის შემოწმება, იმის გასარკვევად, არის თუ არა მხედველობის ველი დაზიანებული გლაუკომის მიერ;
  • გონიოსკოპია – ამ მეთოდით სადრენაჟო კუთხის შესაფასებლად თვალზე თავსდება სპეციალური ლინზები.

testi-glaukoma-shida

მხოლოდ ადრეულ დიაგნოსტირებას შეუძლია, უზრუნველყოს ეფექტური მკურნალობა და ხელი შეუშალოს სიბრმავის განვითარებას. რადგან გაზრდილი თვალშიგა წნევა უარყოფითად მოქმედებს მხედველობის ნერვზე – უარესდება სისხლის მიწოდება, ცოტა ხნის შემდეგ კი, ნერვი „კვდება“.

როგორ მკურნალობთ „გლაუკომას“ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?

– ჩვენს კლინიკაში ამ დაავადების მკურნალობისას ვიყენებთ ყველაზე თანამედროვე მიდგომებს.

ამჟამად მისგან სრულად განკურნება შეუძლებელია, თუმცა, სწორი და დროული დიაგნოსტირება საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავიცილოთ დაავადების პროგრესირება.

ზოგადად, მკურნალობის მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია პათოლოგიური ცვლილებების სიმძიმეზე, სიმპტომებზე, დაავადების ფორმაზე და მოიცავს მედიკამენტურ მკურნალობას, ქირურგიულ ან ლაზერულ თერაპიას. ყოველივე ამის მიზანია თვალშიგა წნევის შემცირება, მხედველობის ნერვის სისხლით მომარაგების ნორმალიზება და თვალის ქსოვილის სტრუქტურებში მეტაბოლური პროცესების გაუმჯობესება.

მწვავე ფორმის შემთხვევაში, სითხის გადინების ნორმალიზებისთვის ჩვენს კლინიაში ტარდება მაკორექტირებელი ირიდოექტომია (თვალის ფერადი გარსის დაზიანებულინაწილის მოცილება). რაც მთავარია, მკურნალობის გეგმა ირჩევა თითოეული პაციენტისათვის ინდივიდუალურად, რაც უზრუნველყოფს დაავადების სწორ მართვას.

რამდენად მნიშვნელოვანია სწორიკვება ჯანსაღი მხედველობისთვის?

– მხედველობის ორგანო ჩვენს ორგანიზმთან დაკავშირებულია სისხლძარღვებით; არაჯანსაღი კვებით გამოწვეული პრობლემები კი, აუცილებლად აისახება ჩვენს მხედველობაზეც. შესაბამისად, აუცილებელია სწორი კვება. გლაუკომის თავიდანასაცილებლად საჭიროა, რაციონში შეიტანოთ უმი ბოსტნეული, თევზი, ხილი, ხოლო კვების რაციონში უნდა შეამციროთ ცხოველური ცხიმები და შაქრის რაოდენობა.

გასათვალისწინებელია, რომ ფიზიკური დატვირთვა ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას ვიზუალურ სისტემაში. ამასთან, პათოლოგიის პროფილაქტიკისთვის საჭიროა, გამოირიცხოს სიმძიმეების აწევა (დასაშვებია მხოლოდ 3-10 კგ). რაც შეეხება დიაგნოსტირებულ გლაუკომის მქონე პაციენტებს, მათ საერთოდ ეკრძალებათ სიმძიმეების აწევა (დასაშვებია მხოლოდ 2 კგ).

მხედველობას აუმჯობესებს A, B და C ჯგუფის ვიტამინები, ასევე, კალიუმით მდიდარი საკვები. მათი მაქსიმალური რაოდენობა გვხვდება ისეთ ბუნებრივ პროდუქტში, როგორიცაა:

  • სტაფილო;
  • ბულგარული წიწაკა;
  • გარგარი;
  • ატამი;
  • კივი;
  • ციტრუსი;
  • მოცვი;
  • ასკილი;
  • კუნელი.

xili-glaukoma

უზმოზე მიღებული ჭარხლისა და სტაფილოს წვენი ხელს უწყობს მხედველობის საგრძნობლად გაუმჯობესებას.

გისურვებთ ჯანმრთელობას! 


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად