ნეიროქირურგებმა 82 წლის ინსულტიანი პაციენტი გადაარჩინეს! პათოლოგიური სისხლძარღვი, რომელიც 1 მილიონ ადამიანში მხოლოდ სამს აქვს

ნეიროქირურგებმა 82 წლის ინსულტიანი პაციენტი გადაარჩინეს! პათოლოგიური სისხლძარღვი, რომელიც 1 მილიონ ადამიანში მხოლოდ სამს აქვს

კლინიკის ბაზაზე 3 წელია წარმატებით ფუნქციონირებს ინსულტის ცენტრი.

ნიუსში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

თრომბოლიზისისა და თრომბექტომიის მეშვეობით 300–მდე პაციენტი არათუ გადარჩა, არამედ დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს ყოველგვარი ნევროლოგიური ჩივილის გარეშე.

საინტერესო კლინიკური შემთხვევა

მოხარულნი ვართ გაცნობოთ კიდევ ერთი კლინიკური შემთხვევის შესახებ, რომელიც ქირურგიის ეროვნული ცენტრის მეშვეობით წარმატებული შედეგით დასრულდა. კერძოდ, რამდენიმე კვირის წინ სასწრაფო გადაუდებელი დახმარების მიერ კლინიკაში შემოიყვანეს 82 წლის პაციენტი მარცხენამხრივი ჰემიპლეგიით (დამბლა), ცქერის პარეზით, სახის უხეში ასიმეტრიით, მეტყველების მოშლით. მას ანამნეზში ჰქონდა მოციმციმე არითმია.

ჩატარდა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები, თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიით; დიაგნოსტირდა შიგნითა საძილე არტერიის სრული თრომბოზი (ოკლუზია, დახშობა), სისხლი არ მიეწოდებოდა თავის ტვინს.

კონსილიუმზე, რომელსაც ესწრებოდნენ ინტერვენციონისტი, ნეიროქირურგი და ნევროლოგი, გადაწყდა თრომბექტომია.

ოკლუზირებული სისხლძარღვის რეკანალიზების მიზნით ჩატარდა ენდოვასკულური თრომბექტომია ანგიოგრაფის კონტროლით. მცირე ინვაზიური ჩარევის მეშვეობით სრულყოფილად აღდგა სისხლის მიმოქცევა.

ეს კლინიკური შემთხვევა იმითაც იყო გამორჩეული, რომ ნეიროქირურგთა გუნდს მოუწია ისეთ ანომალიურ, პათოლოგიურ სისხლძარღვთან გამკლავება, როგორიც სტატისტიკურად, 1 მილიონ ადამიანში მაქსიმუმ 3 პიროვნებას თუ აღმოაჩნდება.

სტანდარტულად, სისხლძარღვი თუ უნდა გამოდიოდეს მარჯვენა მხართავის არტერიიდან, პაციენტის ანატომიური სტრუქტურა ისე იყო მოწყობილი, რომ გამოდიოდა მარცხენა მხრიდან და ამავდროულად დახრილი კუთხით.

რომ არა გამოცდილი სპეციალისტები და ულტრათანამედროვე ანგიოგრაფი, პათოლოგიური სისხლძარღვის გამო გუნდი შეცდომაში შევიდოდა, თრომბოზის ზუსტ მდებარეობას ვერ განსაზღვრავდა და მანიპულაციის ჩატარება შეუძლებელი აღმოჩნდებოდა.

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა

შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ვერაგი პათოლოგია ქირურგიის ეროვნულ ცენტრში კიდევ ერთხელ წარმატებით დამარცხდა.

პაციენტი, რომელიც კლინიკაში შემოყვანამდე ვეღარ ამოძრავებდა კიდურებს, სახე ასიმეტრიულად ჰქონდა მოქცეული, მეტყველება დარღვეული და განწირული იყო ჯერ ხანგრძლივი რეანიმაციისთვის და შემდეგ გადარჩენის შემთხვევაში, უნარშეზღუდულობის გამო, ფაქტობრივად, სხვაზე იქნებოდა დამოკიდებული, თრომბექტომიიდან 4 დღეში საკუთარი ფეხით დაბრუნდა სახლში, ჩვეული რიტმით აგრძელებს ცხოვრებას და ვერც კი დაიჯერებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ერთ–ერთ ყველაზე ვერაგ პათოლოგიასთან იბრძოდა. 

გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეიროქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ეგუტიძე.

„ცენტრში ამ პათოლოგიის მქონე არაერთი პაციენტი გადავარჩინეთ და ეს ჩემი გუნდის თითოეული წევრის ძალისხმევისა და პროფესიონალიზმის დამსახურებაა. ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა გამოცდილებასთან ერთად პაციენტთა გადარჩენაში ლომის წვლილი მიუძღვის კლინიკის ორმკლავიან ანგიოგრაფს. წარმოიდგინეთ კლინიკაში შემოჰყავთ ადამიანები უკიდურესად მძიმე ნევროლოგიური დეფიციტით, თითქმის კომატოზურ მდგომარეობაში და ჩვენი ძალისხმევით, დამოუკიდებლად, ყოველგვარი ჩივილის გარეშე ბრუნდებიან ოჯახში, საყვარელ ადამიანებთან.

რამდენიმე კვირის წინ 45 წლის ქალბატონი სხვა კლინიკიდან გადმოიყვანეს, პაციენტის ოჯახის წევრის დაჟინებული მოთხოვნით. მას ინფორმაცია ჰქონდა, რომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ტარდება თრომბექტომია და კატეგორიულად მოითხოვა დავხმარებოდით. სხვა კლინიკაში პაციენტის აპარატულ სუნთქვაზე გადასაყვანად ემზადებოდნენ, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში კი ენდოვასკულური თრომბექტომიით მოვხსენით მარცხენა საძილე არტერიის სრული თრომბოზი. ქალბატონი ინსულტის გამო ერთეულ ბგერებსაც ვერ წარმოთქვამდა და ენდოვასკულური ჩარევის შემდეგვე ამეტყველდა. თავს კარგად გრძნობს და რეაბილიტაციაც კი არ სჭირდება, აქტიურია“, – განაცხადა ბატონმა გიორგიმ. 

რომ არა ქირურგიის ეროვნული ცენტრი, როგორ განვითარდებოდა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

სასურველია, ყველა მკითხველმა სწორად აღიქვას დროის ფასი – სწრაფი მოქმედებით ტვინის ქსოვილი ნაკლებად დაზიანდება! ეს კი იმას ნიშნავს, რომ პათოლოგიისთვის დამახასიათებელი სიმპტომის გამოვლენისთანავე, პაციენტი უნდა გადაიყვანოთ კლინიკის შესაბამის ცენტრში, სადაც ჩატარდება რიგი სამკურნალო ღონისძიებები.

ამასთან, თუ ინსულტიან პაციენტს ისეთ სპეციალიზირებულ ცენტრში არ გადაიყვანთ როგორიც ქირურგიის ეროვნული ცენტრია, თქვენთვის ძვირფას ადამიანს ან სრულიად უცნობს გაიმეტებთ ხანგრძლივი რეანიმაციისთვის, ღრმა ნევროლოგიური დეფიციტისთვის, უნარშეზღუდულობისთვის.

პირი, რომელიც ხვდება ისეთ დაწესებულებაში, სადაც არაა განვითარებული ამ პათოლოგიის მართვის სრულყოფილი სისტემა, დგება ფიზიკური, ფსიქოლოგიური და მატერიალური ზარალის წინაშე; პაციენტი შეიძლება გადარჩეს, მაგრამ მოუწიოს ისეთ პრობლემებთან შეჯახება, რომელიც ნეგატიურად აისახება მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ემუქრება:

  1. კოორდინაციის დარღვევა;
  2. მეხსიერების დაქვეითება ან სრული დაკარგვა;
  3. სოციალური უნარების დასუსტება;
  4. დეპრესია და იზოლაცია;
  5. სახის ასიმეტრია;
  6. სხეულის მარჯვენამხრივი ან მარცხენამხრივი პარეზი;
  7. სმენისა და მეტყველების დარღვევა.

და სამწუხაროდ, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია!

შეგახსენებთ, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ინსულტის ერთეული დაკომპლექტებულია გამოცდილი და საზღვარგარეთ გადამზადებული ნეიროქირურგებითა და ნევროლოგებით, აღჭურვილია ულტრათანამედროვე ორმკლავიანი ანგიოგრაფით.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში პათოლოგიას მართავენ აშშ–ისა და ევროპის წამყვან საავადმყოფოებსა და ცენტრებში დანერგილი თანამედროვე მეთოდების შესაბამისად.

გისურვებთ ჯანმრთელობას! 


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად