დისტალური პანკრეატექტომია

დისტალური პანკრეატექტომია

ექსკლუზიური შემთხვევა და ონკოქირურგიული მკურნალობის მეთოდი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში

სტატიაში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

პანკრეასი კუჭუკანა ჯირკვალია და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა. მას ჩვენს ორგანიზმში ორი ფუნქცია აკისრია. პირველი – შინაგანი სეკრეციის, ის ჰორმონ ინსულინს გამოიმუშავებს და გლუკოზის დონის ნორმალიზებას განაპირობებს. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფუნქცია კი, ნაღველთან ერთად საჭმლის მონელების პროცესში მონაწილეობაა.

სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, პანკრეასის სიმსივნეები, კლინიკურად მხოლოდ შორს წასულ და გართულებულ შემთხვევებში მჟღავნდება.

პანკრეასის სიმსივნის სიმპტომები

აუცილებელია, ყურადღება მიექცეს ისეთ სიმპტომებს როგორიცაა:

  • ტკივილი მუცლის არეში,  რომელიც ირადირებს (გადაეცემა) ზურგის მიდამოში;
  • მადის დაქვეითება;
  • წონის უმიზეზო კლება;
  • ზოგადი სისუსტე;
  • სიყვითლე.

დისტალური პანკრეატექტომიის დიაგნოსტირებისთვის და პათოლოგიის შესასწავლად, ფართოდ გავრცელებული და ინფორმაციული მეთოდია ექოსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია, პანკრეასის ბიოფსია და სხვა ტიპის რადიოლოგიური კვლევები.

კიბოსწინარე დაავადებები

აუცილებლად გასათვალისწინებელი რისკ-ფაქტორებია:

  • დიაბეტი;
  • პანკრეატიტი;
  • პანკრეასის სიმსივნის ოჯახური ისტორია;
  • მემკვიდრული დაავადებები;
  • თამბაქოს მოხმარება;
  • ჭარბი წონა.

დისტალური პანკრეატექტომიის კლინიკური შემთხვევა

პაციენტი, კლინიკაში შემოსვლისას უჩიოდა ტკივილსა და დისკომფორტს ეპიგასტრიუმში. დიაგნოსტირების მიზნით ჩაუტარდა მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია. CT კვლევით გამოვლინდა პანკრეასის სხეულის სიმსივნე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სიმსივნეა. განისაზღვრა მისი ზუსტი ლოკაცია. დაიგეგმა ონკოქირურგიული ოპერაციული მკურნალობა – დისტალური პანკრეატექტომია (ორგანოს მარცხენამხრივი რეზექცია). ოპერაციას უძღვებოდა ზოგადი ქირურგი, ონკოქირურგი და ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიგო ფიჩხაია.  ასისტენტობას უწევდნენ: დავით ჯიმშელეიშვილი, მურთაზ ბოხუა  და ანესთეზიოლოგი რევაზ ვაჩეიშვილი.

პროტოკოლის გათვალისწინებით, პაციენტს ზოგადი ანესთეზიის ქვეშ ჩაუტარდა ატიპიური პანკრეატექტომია (პანკრეასის ნაწილის მოცილება), სპლენექტომია (ელენთის ამოკვეთა) რეგიონალური ლიმფოდისექციით (ლიმფური კვანძებისა და სისხლძარღვების მოშორება ცხიმოვან ქსოვილთან ერთად) და ომენტექტომია (ცხიმოვანი ქსოვილის რეზექცია). მას შემდეგ რაც ჩატარდა დისტალური პანკრეატექტომია, იგი მოთავსდა პოსტოპერაციულ პალატაში. ანტიბაქტერიული თერაპიის ჩატარების შემდეგ, სტაბილური მდგომარეობითა და დადებითი დინამიკით, შესაბამისი რეკომენდაციით გაეწერა სტაციონარიდან, ამ ეტაპზე კი, სიმსივნისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური  სურათის ან რაიმე ნიშნების არსებობის გამორიცხვის თვალსაზრისით, იმყოფება კლინიკის ონკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

აღსანიშნავია, რომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, თითოეული პაციენტის  შემთხვევის განხილვა და მკურნალობის გადაწყვეტა მულტიდისციპლინური მიდგომით ხორციელდება, რომელიც შედგება ონკოქირურგის, კლინიკური ონკოლოგის, რადიაციული ონკოლოგის, ესპანეთიდან, გერმანიიდან და აშშ-დან მოწვეული რადიაციული თერაპიის ექსპერტებისაგან.

სწორედ ასეთი მაღალკვალიფიციური და მულტიდისციპლინური გუნდის მიერ განხორციელებული სრულყოფილი დიაგნოსტირება უზრუნველყოფს მკურნალობის ადეკვატური მეთოდის შერჩევას, პროგნოზის განსაზღვრას და ოპერაციული მეთოდის შესაბამისობის შეფასებას, მკურნალობის შედეგების მონიტორირება კი, პაციენტთათვის უსაფრთხოების მაქსიმალური გარანტიაა.

გისურვებთ ჯანმრთელობას!


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად