რა არის კოქსართროზი და როგორ ვუმკურნალოთ მას

კოქსართროზი - მენჯ-ბარძაყის ხრტილოვანი დაავადება

კოქსართროზის დიაგნოსტირება ქირურგიის ეროვნულ ცენტრში

შეგახსენებთ, ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგ-ორთოპედ ბექა ღამბაშიძის ჩართულობით მოქმედებს უფასო კონსულტაციის აქცია, რომლის ფარგლებშიც პაციენტი მიიღებს უმაღლესი კვალიფიკაციის მომსახურებას დიაგნოსტირების და მკურნალობის თვალსაზრისით, თანამედროვე სამკურნალო პრინციპებისა და პროტოკოლების გათვალისწინებით. დეტალური ინფორმაციის მისაღებად დააკლიკეთ აქციას: ტრავმატოლოგის აქცია

 

გაგაცნობთ ინფორმაციას პათოლოგიის შესახებ, რომელიც პაციენტს უზღუდავს გადაადგილებას და ცხოვრების აქტიურ რიტმს აკარგვინებს. დეტალურად ამ დაავადების და მისი მკურნალობის მეთოდების შესახებ ქირურგიის ეროვნული ცენტრის სერტიფიცირებული ორთოპედ-ტრავმატოლოგი, AO სემინარებსა და მასტერკლასებში მონაწილე, ბექა ღამბაშიძე გვესაუბრება და საზღვარგარეთ მიღებულ ცოდნასა და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:

-რა არის კოქსართროზი?

-ეს არის მენჯ–ბარძაყის სახსრის ხრტილოვანი ზედაპირის დეგენერაციული ცვლილება სასახსრე ზედაპირის შემდგომი დეფორმაციით, რომელიც იწვევს ტკივილს, მოძრაობის პროგრესირებად შეზღუდვასა და აუარესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს.

რა–არის–კოკსართროზი

-რამდენად გახშირებული დაავადებაა ის და რა კატეგორიის პაციენტებში გვხვდება?

-ეს ვერაგი დაავადება ფართოდაა გავრცელებული საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში. მისი რამდენიმე სახე და სტადია არსებობს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან გამომწვევი მიზეზებით, შესაბამისად, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში შეიძლება აღმოვაჩინოთ. დაავადების დიაგნოზი საქართველოში უმეტესად საპენსიო ასაკის მოსახლეობაში გვხვდება, თუმცა, არც თუ ისე იშვიათია ახალგაზრდა და პოსტმენოპაუზური ასაკის ქალებში, რადგან კლიმაქტერულ პერიოდში განსაკუთრებით ღარიბდება ძვლოვანი ქსოვილი – ოსტეოპოროზის ხარისხი მაღალ ნიშნულს აღწევს. პათოლოგიის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი კი, მაინც ადგილობრივ სისხლის მიმოქცევის მოშლას აქვს.

-რის საფუძველზე, რა მიზეზით ვლინდება კოქსართროზი ძირითადად მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში?

-არსებობს მოსაზრება, რომ ამის მიზეზი მდედრობითი სქესის მენჯის ანატომიაა. მოგეხსენებათ, ქალების მენჯი ანატომიურად უფრო განიერია ვიდრე მამაკაცის, ეს ფაქტი ხელს უწყობს მუხლის სახსართან შედარებით მენჯ–ბარძაყის სახსარში უფრო დიდი კუთხის შექმნას, რაც თავის მხრივ აპროვოცირებს სახსრის არასწორ დატვირთვასა და სასახსრე ხრტილის ცვეთას. გარდა ამისა, ითვლება, რომ მიზეზი შეიძლება იყოს ქალებში მენჯ–ბარძაყის სახსრის ცუდი სისხლმომარაგება, რომელიც ქსოვილების ჰიპოქსიის მიზეზი ხდება. სახსარი ვეღარ მარაგდება საჭირო ნივთიერებებით და იწყება ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაცია.

-რა არის დისპლაზია? რა კავშირი აქვთ მას კოქსართროზთან და რა კლინიკური გამოვლინებები ახასიათებს?

-მენჯბარძაყის სახსრის დისპლაზია არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ბარძაყის ძვლის თავისა და ტაბუხის ფოსოს კონგრუენტულობა დარღვეულია. კლინიკურად გამოვლინდება ტკივილითა და მოძრაობის შეზღუდვით მენჯ–ბარძაყის სახსრის არეში, ასევე კიდურის სიგრძის დამოკლებით, ბარლოუსა და ორთოლანის დადებითი სიმპტომით (კიდურების მოხრისა და განზიდვის დროს ხდება ამოვარდნილობის ჩასწორება და ისმის ტკაცუნის ხმა), შორეულ სტადიებზე – კოჭლობით.

დისპლაზიის ფონზე აღინიშნება ყელ-დიაფიზური კუთხის გაზრდა, ტაბუხის ფოსოსა და ბარძაყის თავის ცენტრების შეუსაბამობა. აღნიშნული ცვლილებები იწვევს სახსრის ბიომექანიკის დარღვევას (დატვირთვის არათანაბარ გადანაწილებას) და იცვლება სახსრის ბრუნვის ცენტრი, რაც ხელს უწყობს დისტროფიული პროცესის გაღრმავებას და აპროვოცირებს კოქსართროზის განვითარებას.

-რა ჩივილებით ხასიათდება ეს დაავადება?

-პაციენტების ძირითადი ჩივილია ტკივილი და სახსარში მოძრაობის სპექტრის შეზღუდვა, რომელიც პროგრესირებს და საბოლოო ჯამში კოჭლობას იწვევს.

-როგორ ამოვიცნოთ კოქსართროზი? რა სიმპტომის გამოვლინება ახასიათებს პირველად?

-როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძირითად სიმპტომს ტკივილი წარმოადგენს. საწყის სტადიაზე პაციენტი უჩივის ტკივილს მხოლოდ ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, რომელიც მოსვენებულ მდგომარეობაში ქრება და პაციენტი ვერ აცნობიერებს პრობლემის სერიოზულობას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტკივილის მიზეზი (მით უმეტეს, თუ მას არ ახლავს კოჭლობა) შეიძლება ხერხემლის პათოლოგიებიც გახდეს, შესაბამისად, დიდ როლს თამაშობს სწორი და დროული დიფერენციული დიაგნოსტირება. ამიტომ მნიშვნელოვანია პაციენტმა ადრეულ ეტაპზევე მიმართოს სპეციალისტს.

-დიაგნოზის დასასმელად რა სახის კვლევებს ატარებთ სახსარზე და რა ინფორმაციას გაწვდით ის?

-ბავშვებში დიაგნოზს ფიზიკური გასინჯვის, რენტგენოგრაფიისა და ექოსკოპიის საფუძველზე ვსვამთ, ხოლო ზრდასრულებში რენტგენოლოგიური სურათი და კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა ამ მხრივ შეუცვლელია.

სახსრის–დიაგნოსტირება

-ხერხემლის რომელმა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს კოქსართროზი და რატომ?

-ეს შეიძლება გამოიწვიოს ხერხემლის გამრუდებამ, რადგან ირღვევა საყრდენ–მამოძრავებელი სისტემის ანატომიური ღერძი და პაციენტის სიარულის მანერაც ხერხემლის გადახრის შესაბამისად იცვლება. განსაკუთრებით იტვირთება პათოლოგიის მხარეს მდებარე მენჯ–ბარძაყის სახსარი, რაც დროთა განმავლობაში მის დაზიანებას იწვევს. გარდა ამისა, პირიქით, შეიძლება კოქსართროზმა ხელი შეუწყოს ხერხემლის პათოლოგიების ჩამოყალიბებას.

-რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეს გამწვავებული დიაგნოზი?

-მენჯ–ბარძაყის სახსრისა და კიდურის ფუნქციის მოშლა ინვალიდობამდეც შეიძლება მივიდეს. ეს დაავადება დინამიკაში აზიანებს სხვა მსხვილ სახსრებსაც, რაც თავისთავად გულისხმობს პაციენტის ყოველდღიური ყოფის მკვეთრ გაუარესებას.

-რა და რა სახის კოქსართროზი არსებობს?

-იგი შეიძლება იყოს როგორც შეძენილი, ასევე თანდაყოლილი.

თანდაყოლილი პათოლოგია არის მუცლადყოფნის პერიოდში სახსრის კომპონენტების არასრულფასოვანი განვითარების შედეგი – ე.წ. დისპლაზიური კოქსართროზი;

შეძენილი, ანუ მეორადად განვითარებული დაავადება რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომელთაც საფუძვლად უდევს მენჯ–ბარძაყის სახსარში სისხლის მიმოქცევის მოშლა, ადგილობრივი ანთება და შედეგად, ხრტილოვანი ქსოვილის ცვეთა–გადაგვარება.

კოქსართროზს 4 ხარისხი აქვს დეგენერაციულ-დისტროფიული პროცესის სტადიის მიხედვით, რომელსაც კლინიკური ნიშნებისა და რენტგენოლოგიური ცვლილებების მიხედვით განვასხვავებთ. დისპლაზია კი, 3 სახეობის არსებობს:

  1. ქვეამოვარდნილობის;
  2. დაბალი ამოვარდნილობის;
  3. მაღალი ამოვარდნილობის.

კოკსართროზის–მაგალითები

ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება ბარძაყის ძვლის თავის დგომით ტაბუხის ფოსოსთან მიმართებაში.

-თანდაყოლილი დაავადების შემთხვევაში, ორსულობის პროცესში მშობლის არასწორი ქმედება იწვევს მას თუ რაიმე გენეტიკური ან სხვა მიზეზი აქვს?

-თანდაყოლილი დისპლაზიური კოქსართროზის სიხშირეზე მოქმედებს ნაყოფის მენჯით წინმდებარეობა, რომლის დროსაც, ნაყოფის პოზიციიდან გამომდინარე, არასწორად და ზედმეტად იტვირთება ნაყოფის მენჯ-ბარძაყის სახსრები და შედეგად ვიღებთ ბარძაყის ძვლის თავისა და ტაბუხის ფოსოს არასრულყოფილ ურთიერთმდებარეობას. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, როდესაც ნაყოფი ზომაში იზრდება და, ფაქტობრივად, გარდაუვალია სივრცის არარსებობის გამო ბარძაყის ძვლის თავისა და ტაბუხის ფოსოს შეცილება. გარდა ამისა, მდედრობითი სქესი, გენეტიკური წინასწარგანწყობა, პირველი ორსულობა და მცირეწყლიანობა დიდ როლს თამაშობს დისპლაზიის ჩამოყალიბებაში.

-როგორ, რა მეთოდებით მკურნალობთ კოქსართროზს და რა მანიპულაციები ტარდება ოპერირების დროს?

-მკურნალობა ხდება როგორც კონსერვატიულად, ასევე ქირურგიული გზით, გააჩნია დაავადების სტადიას. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ კოქსართროზი მედიკამენტებით არ იკურნება, ასე მხოლოდ მისი პროგრესირების შენელებას და ტკივილის დროებით კუპირებას შეიძლება მივაღწიოთ. საბოლოო ჯამში, ეს დაავადება და მისით გამოწვეული პრობლემები მხოლოდ ოპერაციული გზით გვარდება.

მუხლის–ტკივილი–კოკსართროზი–ტკივილი

ენდოპროთეზირება ტარდება ღია წესით, ხდება დაზიანებული ბარძაყის ძვლის თავის რეზექცია, ასევე ტაბუხის ფოსოს დამუშავება და მათ ნაცვლად ხელოვნური, მეტალის კომპონენტების ჩადგმა, რომლებიც ამ ანატომიური ერთეულების მაგივრობას გაუწევენ პაციენტს. იმ შემთხვევაში თუ პაციენტი შედარებით ახალგაზრდაა და შენარჩუნებულია ძვლის მარაგი, ვიყენებთ უცემენტო პროთეზს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხდება მეტალის უშუალო კონტაქტი ძვალთან, ხოლო შედარებით ასაკიან პაციენტებში ან ისეთ პაციენტებში, რომლებშიც ოსტეოგენეზის დარღვევას ვაწყდებით, ვიყენებთ ცემენტიან პროთეზებს (ორგანიზმის ძვლოვანი რესურსის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის გამო, პროთეზის კომპონენტების ფიქსაციისთვის ვიყენებთ სამედიცინო ცემენტს). ჩემს პრაქტიკაში ენდოპროთეზირება დასჭირვებია როგორც 17 წლის, ასევე 103 წლის ადამიანს.თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად ვარჩევთ პროთეზის ტიპს. წინასაოპერაციო რენტგენოლოგიური ანალიზი საშუალებას იძლევა დადგინდეს ბარძაყის და ფოსოს კომპონენტის ოპტიმალური ზომა, ბარძაყის ყელის რეზექციის დონე და ენდოპროთეზის ყელის სიგრძე.

-რა არის ოპერირების მთავარი სირთულე?

-ცხადია, ენდოპროთეზირებისთვის დამახასიათებელია ყველა ის სირთულე, რაც ნებისმიერი სხვა ოპერაციის დროს, თუმცა მთავარი მაინც პროთეზსა და ცოცხალ ძვალს შორის კონტაქტის მიღწევაა. აუცილებელია ძვლის არხის მომზადება პროთეზთან ადაპტაციისთვის, რაც გავლენას ახდენს მოგვიანებით პროთეზის მდგრადობაზე. ამისთვის შეიქმნა სწორედ პროთეზები ტექსტუირებული ზედაპირებით, რაც ხელს უწყობს მასში ძვლის ჩაზრდას.

-სანამ ქირურგიული ჩარევა გახდება საჭირო, მკურნალობის რა მეთოდებია? რა სახის ვარჯიშები ენიშნება პაციენტს?

-ქირურგიულ ჩარევამდე კონსერვატიულ მკურნალობას მივმართავთ, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტკივილის დროებით კუპირებას ემსახურება. ამას შესაძლებელია მივაღწიოთ როგორც მედიკამენტური კურსით, ასევე ფიზიოთერაპიით. რაც შეეხება ვარჯიშებს, რეკომენდებულია კუნთოვანი სისტემის გამაძლიერებელი ვარჯიშები, ცურვა, თუმცა საბოლოო ჯამში, მაინც ქირურგიულ ჩარევამდე მივდივართ.

-არსებობს კოქსართროზის მკურნალობის რაიმე თანამედროვე ტექნიკა, მეთოდი?

-დღეს, მკურნალობის „ოქროს სტანდარტი“ არის მენჯ–ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება – სახსრის კომპონენტების სინთეზური ანალოგებით შეცვლა. ეს მეთოდი საქართველოში 1995 წლიდან ჩემი მასწავლებლის, პროფესორ თორნიკე ნოზაძის მიერ დაინერგა, რომლის მემკვიდრეობას სიამაყით ვაგრძელებთ ახალგაზრდა თაობის ექიმები. წარმატებული ოპერაციული მკურნალობის, სათანადო რეაბილიტაციის შემდეგ პაციენტს ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა აღარ აწუხებს და უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

-როგორი ცხოვრების წესით უნდა იცხოვროს ადამიანმა, რომ თავი დაიზღვიოს ამ დაავადების განვითარებისგან? შესაძლოა, მას პროფესიული დაავადება ვუწოდოთ?

-კოქსართროზი შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელში, განსაკუთრებით, თუ მას უწევს ფიზიკური დატვირთვა და საქმიანობიდან გამომდინარე დიდხანს ფეხზე დგომა. კოქსართროზის პრევენცია მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვით, სხეულის მასის ინდექსის კონტროლითა და ჩივილების არსებობის შემთხვევაში ექიმთან დროული მიმართვით შეიძლება!

-რა ურთიერთკავშირი აქვთ კოქსართროზსა და ჭარბ წონას ერთმანეთთან? შეიძლება ის დაავადების განვითარების ერთ-ერთ მიზეზად განვიხილოთ?

-კოქსართროზის პათოგენეზში წონას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გარდა სახსრების დატვირთვისა, ჭარბწონიან პაციენტებში ადგილი აქვს მთელ რიგ მეტაბოლურ დარღვევებს, რაც ნივთიერებათა ცვლის დონეზე ხელს უწყობს დაავადების განვითარებას. წონის კონტროლი აუცილებელია არა მხოლოდ კოქსართროზის პრევენციისთვის, ასევე ენდოპროთეზირების შემდეგაც, მეტალის ადრეული ცვეთისა და განმეორებითი ქირურგიული ჩარევის აუცილებლობის თავიდან აცილების მიზნით.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი მუშაობს 24/7 რეჟიმში, ყოველდღე!

გისურვებთ ჯანმრთელობას!


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად